ქართული მედიის ანატომია - კვირის პალიტრა

ქართული მედიის ანატომია

როგორ აშუქებს ტრაგედიებს უცხოური მედია

ბოლო დროს ქართულმა ტელემედიამ ტრაგედიების გაშუქების ახალი ტენდენცია დაამკვიდრა. კრიმინალური შემთხვევების კვალდაკვალ, ტელეარხები ჟურნალისტური გამოძიების სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობენ, რაც ხშირად მაყურებლის დაბნევას იწვევს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად სამართალდამცავი უწყებების ქმედება ბევრ კითხვას ბადებს და მედიის აქტიურობა კრიტიკულად აუცილებელია. მეორე მხრივ კი, ზოგიერთი მედიასაშუალება აშკარად ცდილობს ამ საკითხების პოლიტიზებას... როგორ აშუქებს მედია სხვა ქვეყნებში ტრაგედიებს, ამის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ჟურნალისტებს ვესაუბრეთ.

"საფრანგეთში არა აქვთ უფლება გადაიღონ მშობელი, რომელიც შვილს დასტირის"

დიანა ჭანკოტაძე, საფრანგეთის რეგიონული რადიო რჟრ-ის კორესპონდენტი:

- ჟურნალისტური ეთიკის დარღვევას, გაყალბებას, მიჩქმალვას საფრანგეთში ჯარიმა, სამსახურიდან გათავისუფლება, ლიცენზიის შეჩერება მოჰყვება... საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ ტელევიზიაში გავიარე სტაჟირება. მახსოვს, თავიანთი ნათესავები მოჰყავდათ და არიგებდნენ, რა უნდა ეთქვათ, რის გამო ემდუროდნენ ხელისუფლებას... ასეთი რამ აქ წარმოუდგენელია. წლების წინ საფრანგეთში შეიქმნა უმაღლესი აუდიოვიზუალური საბჭო - მაუწყებელთა საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო, ანუ მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელსაც რადიო-ტელევიზიების გაკონტროლება (პრესა აბსოლუტურად თავისუფალია) ევალება, რაც გულისხმობს, რომ უნდა დაიცვა ჟურნალისტური ეთიკა, არ უნდა დაარღვიო პირადი ცხოვრების, ბავშვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები. როდესაც ტელევიზიით გვამებს აჩვენებენ, შეიძლება ემოციურ მაყურებელზე ისე იმოქმედოს, რაღაც და-ემართოს, პასუხისმგებლობა კი დაეკისრება ჟურნალისტსა და მაუწყებელს. აქ არა აქვთ უფლება გადაიღონ მშობელი, რომელიც შვილს დასტირის. ეს რომ ვინმემ გაბედოს, ტელევიზიას ლიცენზიას შეუჩერებენ.

ამით არღვევ როგორც გარდაცვლილის, ასევე ჭირისუფლის უფლებას, რომელსაც შენთვის გადაღების ნება არ მოუცია. გარდა ამისა, არღვევ მაყურებლის უფლებასაც, რადგან აწოდებ ვიდეოს, რომელიც უარყოფით ემოციებს იწვევს.

14 წელია, აქ ვცხოვრობ, ვმუშაობ და ასეთი სიუჟეტები არასდროს მინახავს. როდესაც ბავშვზეა ლაპარაკი, ქართული ტელევიზიები სახეს კი ფარავენ, მაგრამ ასახელებენ სკოლას, კლასს, სახელსა და გვარს და ამით ბავშვის იდენტიფიცირებას ახდენენ, რაც მის უფლებებს არღვევს, ამ ქვეყანაში კი ბავშვი მაქსიმალურად დაცულია. მისი სკოლის, მასწავლებლების, მეგობრების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება და მათი ჩვენება არ შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტი შუქდება.

2016 წელს ნიცაში ტერაქტი რომ მოხდა, ერთმა ტელეარხმა უჩვენა ინტერვიუ მამაკაცთან, რომლის მეუღლეც ტერაქტს ემსხვერპლა. ის ტირილით ჰყვებოდა ამ ამბავს. მარეგულირებელმა კომპანიამ ტელევიზიას ჯარიმად 3 მილიონი ევრო გადაახდევინა. გარდა იმისა, რომ ამ კაცის ემოციები ტელევიზიამ საჯაროდ გააშუქა, კადრში ჩანდა ტერაქტის დროს დაღუპულთა ფოტოებიც...

ფრანგული მედია თავისუფალია, მაგრამ დოზირებულად - შეუძლია ნებისმიერი საკითხი გააშუქოს, მაგრამ სახელმწიფო მარეგულირებელი მაინც აკონტროლებს.

- როგორია კრიმინალური მდგომარეობა, რა სახის დანაშაული ჭარბობს საფრანგეთში?

- მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ყოველ ნაბიჯზე გხვდება, კრიმინალური შემთხვევები ხშირია. კრიმინალურ არხზე ისეთ ამბებს მოისმენ, იტყვი, აქ სად მიცხოვრიაო, არადა, პოლიცია თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს - ღამის კლუბებში სამოქალაქო ფორმით შედიან და მინახავს ვიდეო, როგორ მოათრევენ ხელბორკილდადებულ ადამიანებს. გზებზეც მკაცრი კონტროლია - გაჩერებენ, გამოწმებენ, რომ ნარკოტიკული საშუალება არ შემოიტანო. გაზრდილია პედოფილია, ძალადობა. პანდემიისა და კარანტინის დროს განსაკუთრებით იმატა ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა. ცხელი ხაზი შეიქმნა მედიაშიც და პოლიციაშიც, ამ საქმეში ჩართულია ფსიქოლოგიც. ბევრი გადაცემა მზადდება, რომლებითაც ცნობილი ადამიანები მოუწოდებენ საზოგადოებას, არ დაჩაგრონ, არ მოკლან. ამ საკითხზე არაერთი კლიპიც გადაიღეს... მოკლედ, სახელმწიფო, შოუბიზნესი და მედია თანამშრომლობენ. ერთმანეთსაც აკრიტიკებენ, მაგრამ კრიტიკა ჯანსაღია და გამიზნულია დანაშაულის პრევენციისთვის. აქ მთავარია ადამიანები და მათი უსაფრთხოება.

სწორედ ამ დღეებში ფრანგული მედია ლაპარაკობს ერთ ფაქტზე- პოლიციელმა ციხიდან გამოიტანა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ნათლად ჩანს ფერადკანიანი პატიმრების დისკრიმინაცია. თურმე რამდენიმე დღის განმავლობაში საკვებს არ აწვდიდნენ, წყალს ხელისგულზე უსხამდნენ და ეუბნებოდნენ, დალიე, მეტის ღირსი არა ხარო. ასეთი სისასტიკის გამო საქმე აღიძრა...

ასე რომ, დანაშაული აქაც ხდება, მაგრამ ხალხი შს მინისტრის გადაყენებას კი არა, კონკრეტული პირების დასჯას მოითხოვს, რადგან იციან, რომ ერთი კაცი ამდენ პოლიციელს ვერ გააკონტროლებს.

რაც შეეხება მედიის გავლენას კრიმინალური ამბების გაშუქებაზე, მახსენდება დაახლოებით ხუთი წლის წინანდელი შემთხვევა - დედას შვილი ცემისას შემოაკვდა, დამარხა და თქვა, დაიკარგაო. იპოვეს, მაგრამ გამოძიება ჩიხში შევიდა.

ერთ-ერთმა რადიოჟურნალისტმა ეჭვი დედაზე მიიტანა, მაგრამ ამაზე საჯაროდ კი არ განაცხადა, გამოძიებას გადასცა ფაქტები, რომლებიც ხელთ ჰქონდა.

"მედია იძიებს და პოულობს დამნაშავეს, ეხმარება სამართალდამცავ ორგანოებს"

რუსუდან ვაშაკიძე, ჟურნალისტი, მედიისა და პოლიტიკურ ურთიერთობათა მკვლევარი (ამერიკა): - ამერიკულ მედიაში ძალადობრივი დანაშაულის გაშუქება მკვეთრად გაიზარდა, პარალელურად შემცირდა ძალადობრივი დანაშაული. ბოლო წლებში 40%-ით შემცირდა მკვლელობის მაჩვენებელიც. მიუხედავად ამისა, ახალი ამბების გაშუქებისას პირველი თემა კვლავ დანაშაულია. ისმის კითხვა: დანაშაული უნდა გაშუქდეს, როგორც ფაქტი, თუ როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელსაც მსჯელობისთვის ბევრი მხარე ჰყავს?

აქ იკვეთება ჟურნალისტის როლი, რომელიც უნდა მოუყვეს საზოგადოებას, რა მოხდა, აჩვენოს მხარეები, გაიაზროს დანაშაულის დრამატურგია, დასვას მძიმე კითხვები, რაც ზოგჯერ არც ჭირისუფალს მოსწონს, არც ტრაგედიის მონაწილე რომელიმე მხარეს, არც პოლიციას, რადგან მედიას შეუძლია საგამოძიებო მასალები თავდაყირა დააყენოს. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ ამერიკაში უფრო მეტი მაგალითია იმისა, ჟურნალისტური გამოძიების წყალობით როგორ ადვილად გახსნეს სამართალდამცავებმა დანაშაული.

1989 წლის 21 აპრილს New York Daily News-მა გაავრცელა ამბავი ბანკის თანამშრომელი ქალის შესახებ. მას ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში სირბილის დროს დაესხნენ თავს, სასტიკად სცემეს და რამდენჯერმე გააუპატიურეს, რის შემდეგაც ქალი გარდაიცვალა. სტატიაში "მგლის ხროვის ნადავლი" აღწერილი იყო, როგორ მოკლა და მიატოვა ქალი ხუთმა თინეიჯერმა. ნიუსი ამ დანაშაულის შესახებ გადაიცა ყველა მთავარი მედიასაშუალებით. სიუჟეტებში იშვიათად ლაპარაკობდნენ დამნაშავეებზე, როგორც, სავარაუდოდ, მხილებულებზე. მათ ყველა მტკიცებითი ფორმით მოიხსენიებდა დამნაშავეებად. ხუთივე ახალგაზრდას 6-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით ჟურნალისტების კვლევით გაირკვა, რომ თინეიჯერების ეს ჯგუფი თავდასხმის მონაწილე არ ყოფილა. ისინი 2002 წელს გაათავისუფლეს, როცა ნამდვილმა დამნაშავემ აღიარა, რომ ქალი მან გააუპატიურა და პოლიციამ მისი დნმ დანაშაულის ადგილზე აღებულ დნმ-ის ნიმუშს შეადარა. ამის შემდეგ რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ისინი მიენდვნენ პოლიციისა და პროკურორების ვერსიას, რასაც ძალიან ნანობდნენ. ზოგიერთმა ამის გამო ჟურნალისტიკას თავიც დაანება.

ამერიკელი მკვლევრები ბევრ ასეთ მაგალითს ჰყვებიან, როცა მედია ზედმიწევნით იმეორებს პოლიციისა და პროკურატურის ვერსიას. 1989 წელს New York Post-მა ხმაურით ამცნო საზოგადოებას, რომ 16 წლის იუვე ბურტონმა დედა მოკლა. მას 20 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ისევ ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავე არ ყოფილა და თითქმის 20 წელს იხდიდა სასჯელს ჩაუდენელი დანაშაულისთვის.

1994 წელს დასავლეთ მემფისში, არკანზასში, სამი მოზარდი მკვლელობისთვის გაასამართლეს. მედიამ მყვირალა სათაურებით ამცნო საზოგადოებას სასტიკი მკვლელობის ამბავი. აღწერდნენ, როგორ სვამდა ერთ-ერთი ბრალდებული შეყვარებულის სისხლს. მოზარდებმა 18 წელი გაატარეს პატიმრობაში, სანამ ისევ მედიის წყალობით არ გაირკვა, რომ საქმე "შეკერილი" იყო და მათ ბრალი არ მიუძღოდათ.

ამ ფაქტების მოყვანით იმის თქმა მინდა, რომ მედია ნამდვილად დგას სადარაჯოზე, სურს გაარკვიოს სიმართლე, დასვას კითხვები, აწარმოოს გამოძიება. მედია იძიებს და პოულობს რეალურ დამნაშავეს, ეხმარება სამართალდამცავ ორგანოებს.

"ისრაელში წარმოუდგენელია, მედიამ გამოძიების მასალები სააშკარაოზე გამოიტანოს"

ლელა ჭანკოტაძე, ჟურნალ "გზის" სპეციალური კორეპონდენტი ისრაელიდან:

- ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, ყველგან სათვალთვალო კამერებია, ყველგან გვხვდება პოლიციის, დაცვის ან სადეპორტო პოლიციის მანქანები. თუ ტელეფონზე ხმამაღლა ლაპარაკობ და ამ დროს პოლიციის მანქანამ ჩაგიარა, შეაჩერებს სვლას და დაგაკვირდება, რამე ხომ არ ხდება. ამის მიუხედავად, კვირა არ გავა, ტელევიზიით არ შევიტყო საშინელი ამბავი, მაგალითად, ქმარმა მოკლა ცოლი - აქ ეს ძალიან ხშირია. ახლახან კი ბიჭმა მშობლები ფულის გამო დახოცა...

2006 წლის დეკემბერში ისრაელი შეძრა 13 წლის ტაირ რადას მკვლელობამ. მისი ცხედარი სკოლის ტუალეტში იპოვეს. დანით მიყენებული უამრავი ჭრილობა ჰქონდა. ეს მკვლელობა ნამდვილი თავსატეხი აღმოჩნდა გამოძიებისთვის. არალეგალი რომან ზადაროვი სამჯერ ცნეს დამნაშავედ. მეორედ დაკავებისას მან აღიარა დანაშაული, შემდეგ კი ჩვენება შეცვალა, დანაშაული პოლიციის ზეწოლით ვაღიარეო. მედია ოთხი წელი არ გაჩუმებულა. 2010 წელს ზადაროვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ჟურნალისტები დღემდე წერენ, რომ ის უდანაშაულოა. ამ ფაქტმა ძალზე შეარყია მართლმსაჯულების სანდოობა.

მეორე რეზონანსული მკვლელობა 2015 წლის ივნისში მოხდა. მორწმუნე ფანატიკოსმა ებრაელმა, რომელიც მანამდე 10 წელი იხდიდა სასჯელს ადამიანების დაჭრის გამო, იერუსალიმში სექსუალური უმცირესობების მსვლელობაზე მოკლა 15 წლის გოგონა შირა ბენკი და დაჭრა ექვსი დემონსტრანტი. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. კარგა ხნის განმავლობაში გადაცემები ამ ფაქტზე მომზადებული სიუჟეტებით იწყებოდა, მაგრამ ისრაელში წარმოუდგენელია, მედიამ გამოძიების მასალები სააშკარაოზე გამოიტანოს.

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი: - ვფიქრობ, ჩვენთან რეგულაციების უნიფიცირება შეუძლებელია, რადგან ქართველის ფსიქოკულტურული ტიპი ძალიან განსხვავდება, ვთქვათ, ფრანგის, გერმანელის ფსიქოკულტურული ტიპისგან. ცხადია, ჟურნალისტის გადმოცემულმა ინფორმაციამ არ უნდა ავნოს საზოგადოებას, არ უნდა გააღვიძოს მასში არასასურველი ვნებები და ფსიქოლოგიური იმპულსები. ეს არის მედიის უპირველესი პრინციპი, მაგრამ ხშირად საპირისპირო ხდება - მედია ერთი კონკრეტული თემით, მაგალითად, კრიმინალური ამბით ინტერესდება და დიდი დაკვირვება არ სჭირდება, რომ გავრცელებულ ინფორმაციას ხშირად საქმის რეალურ ვითარებასთან საერთო არაფერი აქვს. ეს ბოლოდროინდელმა შემთხვევებმაც ცხადყო. მომხდარი ტრაგედიები ძალიან მძიმეა ოჯახისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, მაგრამ ესა თუ ის მაუწყებელი ამას იყენებს ყურადღების მისაქცევად და იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება სიტუაციას ვერ მართავს...

ფაქტის გაყალბება, შექმნა, გაზვიადება ჩვეულებრივ ამბად იქცა. სიმართლეს არავინ დაგიდევს და ყველა იმაზე ფიქრობს, რა გაიყიდება სარფიანად. ერთი მხრივ, არაფრის მთქმელი ინფორმაციითა და თითქოს ჟურნალისტური გამოძიებით იზიდავენ მაყურებელს და მეორე მხრივ, ფაქტზე ჭორაობით აუბრალოებენ და ჩქმალავენ დრამას. მძაფრი ვნებები იზიდავს ობივატელს, მაგრამ უკულტურობის ნიშანია პრინციპი: `ახლა ასეა საჭირო~, ანუ როცა კონკრეტული მომენტის ინტერესები სძლევს სტრატეგიულ ინტერესებს და მაუწყებელს ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ რეიტინგისთვის სჭირდება. ასეთი მდაბიური პრინციპი ანგრევს ჩვენს საზოგადოებას.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ამ პრინციპის მიზეზი?

- არსებობს სტრატეგია, რომელიც 2003 წლამდე შემუშავდა და რომლის შესახებ გამოკვლევაც დავწერე - საზოგადოებაში ნებისმიერი ხერხით უნდა დათესო შიში, უიმედობა და პანიკა, მაგრამ საქმე ის არის, როგორ იქცევი შენ, როგორც ხელისუფლების ოპონენტი და რას ამკვიდრებ საზოგადოებაში - მორალს, რაციოს თუ პანიკასა და შიშს. ღმერთმა დამიფაროს ოპოზიციური პროცესების წინააღმდეგი ან დღევანდელი ხელისუფლების დამცველი ვიყო. ნაკლს ბევრს ვხედავ და არც ის მინდა, კონკრეტულად რომელიმე ტელევიზიას ან ჟურნალისტს შევეხო, მაგრამ მეთოდები, რომლებსაც იყენებენ, სიკეთეს არ მოგვიტანს. ერთ ბოროტებას მოვიშორებთ, მაგრამ მეორე ბოროტებას მივიღებთ.

გახსოვთ, ალბათ, 2012 წლის არჩევნებისას ბავშვის დაღუპვის ამბავი როგორ გამოიყენა ერთმა პოლიტიკურმა ძალამ. ასეთი ფაქტი ბევრია. საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ საზოგადოებრივი აზრის გაბითურება ძალიან მტკივნეულია. გამოდის, პატივს არ სცემენ საზოგადოებას.

ეს არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის ან მაუწყებლის პრობლემა. ეს არის კულტურის, პოსტსაბჭოთა საზოგადოების პრობლემა, საზოგადოდ, მენტალური პრობლემა და, სამწუხაროდ, ჟურნალისტები ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული.

- სახელმწიფო უნდა უწესებდეს თუ არა მედიას რეგულაციებს?

- შეუძლებელია, სახელმწიფო მორალისა და ზნეობის საკითხში ჩავრიოთ. თვითონ ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ პროფესიული ზნეობა და უნდა იცოდნენ, რომ მიუღებელია სიუჟეტისთვის ყველაფრის კადრება. კარგად უნდა დაფიქრდნენ, მათ მიერ გახმაურებული ინფორმაცია ვინმეს ხომ არ ვნებს? ნახეთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას! შეიძლება ითქვას, საინფორმაციო ქაოსია. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ამ გოგონას ოჯახი. იმის ნაცვლად, რომ ტრაგედიასთან მარტო დარჩნენ, ნუგეში და შვება იპოვონ, საჯარო ფიგურებად იქცნენ - ყოველდღე ინტერვიუებს იძლევიან და ამ ყველაფრით ტრაგედია იჩქმალება. საბოლოოდ კი, ამდენი გამოძიების შედეგად, მივიღებთ ვერსიას, რომელიც სინამდვილესთან ახლოსაც არ იქნება. მით უმეტეს, წინასწარ უკვე არის დაკვეთა, რომ უნდა დავადანაშაულოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო ან რომელიმე თანამდებობის პირი მაშინაც კი, როცა მათ დანაშაულთან არაფერი აკავშირებთ.

ასე ხდება, მაგრამ თუ სახელმწიფო ამ სფეროში ჩაერია, მივიღებთ ავტორიტარიზმს, ამიტომაც მიზანშეწონილად არ მიმაჩნია მედიის კონტროლი - ჩვენი ზნეობრივი ქცევა სახელმწიფომ არ უნდა არეგულიროს. ეს ჟურნალისტთა ვალია. მათ უნდა +აკონტროლონ საკუთარი საქციელი და თავი არეგულირონ - ეს არის ერთადერთი გამოსავალი!