რომან გოცირიძე: "სააკაშვილის პრემიერად დასახელება სიმბოლური იქნება" - კვირის პალიტრა

რომან გოცირიძე: "სააკაშვილის პრემიერად დასახელება სიმბოლური იქნება"

"იდეალურ ვარიანტში "ოცნება" სატელიტთან ერთად 45%-ს მიიღებს, ოპოზიციის მხარეს კი რჩება 55%"

"IRI-სა და ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის" რეიტინგი მეტყველებს, რომ ხალხს უნდა ერთპარტიული მთავრობის შეცვლა კოალიციური ხელისუფლებით. გვაჩვენებს იმასაც, რომ ოპოზიციურ პარტიებს ერთად მეტი მომხრე ჰყავთ, ვიდრე - ხელისუფლებას," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე.

- ხელისუფლებას ჰყავს ერთადერთი სატელიტი პარტია, რომელსაც შეუძლია დასძლიოს 1%-იანი ბარიერი. ყველა სხვა პარტია გაერთიანებულია ივანიშვილის წინააღმდეგ. "ოცნება" პლუს ერთი სატელიტი ვერ შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას... "ქართული ოცნების" 33%-იანი რეიტინგი იყო პანდემიის ეფექტი. მთავრობამ კარგად იმუშავა სამედიცინო კუთხით, მაგრამ კატასტროფულად - ეკონომიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, მთავრობის ზენიტში მყოფი რეიტინგი ქვემოთ დაეშვება. კვლევები ივნისში, პანდემიიდან ერთ თვეში ჩაატარეს, ამომრჩეველმა კი ივნისი-ივლისი-აგვისტოს განმავლობაში გააცნობიერა, რომ "ოცნებამ" რვა წლის განმავლობაში ვერ შეძლო ქვეყანაში რამე სასიკეთოს შექმნა და წარმოუდგენელია, ასეთი რთული მდგომარეობიდან გამოგვიყვანოს... იდეალურ ვარიანტში "ოცნება" სატელიტთან ერთად 45%-ს მიიღებს, ოპოზიციის მხარეს კი რჩება 55%. "ოცნების" უნიათობას პლუს საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი და ყველა პირობა არსებობს, რომ ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა მოვიდეს.

- ვისთან შექმნით კოალიციას? - ყველასთან ერთის წინააღმდეგ - ასეთი იყო შეთანხმება თავიდანვე. ჩვენ ახლა ვართ კონკურენტები, არჩევნების შემდეგ კი გავხდებით ერთიანი ხელისუფლების ნაწილი.

- "ლელო" ამბობს, რომ "ნაცმოძრაობასთან" კოალიციას არ შექმნის. - "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" მანდატების გარეშე ხელისუფლება არ შეიქმნება, ამიტომ ყველა პარტიას მოუწევს არჩევა "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის. მნიშვნელოვანია ფორმულირება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ ცენტრი, მზე, და დანარჩენი პარტიები - ჩვენ გარშემო ვარსკვლავები. ჩვენ ვამბობთ, რომ გამარჯვებული პარტიები ქმნიან ახალ ხელისუფლებას, რომელშიც მონაწილეობს "ნაციონალური მოძრაობა". პარტიები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ივანიშვილთან იყვნენ, დღეს კატეგორიულად აცხადებენ, რომ "ოცნებასთან" ალიანსში არ შევლენ. დიახაც, არ შევლენ! "ოცნება" ბრენდი აღარ არის, ის არის დამღა, რომელიც მასთან მყოფ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას მომავლის პერსპექტივას მოუსპობს!

- პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით რას გვეტყვით, ბოლოს და ბოლოს, იქნება თუ არა ის მიხეილ სააკაშვილი? - ყველა პარტიას ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც, იმავდროულად, არის პრემიერობის კანდიდატი.

არის პარტიები, რომლებსაც აქვთ შანსი, გადალახონ 1%-იანი ბარიერი და პარლამენტში გაიყვანონ მაქსიმუმ სამი კაცი. აი, ამ სამკაციანი პარტიების ლიდერები ამბობენ, პრემიერები გავხდებითო, ეს კი ნიშნავს, რომ სამკაციანი პარტიის ლიდერმა სხვა პარტიებიც უნდა დაარწმუნოს, მის პრემიერობას დაუჭირონ მხარი, ან შანტაჟი დაიწყოს, მე კი მაქვს მხოლოდ სამი ხმა, მაგრამ ეს ოქროს ხმებია, ამიტომ თუ მე არ ვიქნები პრემიერი, ამ ჩემი ოქროს ხმებით "ოცნებას" შევუქმნი მთავრობასო.

- ასე გიორგი ვაშაძემ დაგაშანტაჟათ?

- არ მინდა კონკრეტულ პირებზე ლაპარაკი. ამით იმის თქმა მსურს, რომ პარტიების ლიდერი უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი. ჩვენთან სააკაშვილი ვერ იქნება სიის პირველი ნომერი იმ გარემოებათა გამო, რომელშიც უსამართლოდ აღმოჩნდა, ამიტომ პრემიერად მისი დასახელება იქნება სიმბოლური და, იმავდროულად, მანიშნებელი იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში საქართველოში ჩამოვა. დაველოდოთ მოვლენებს, გამორიცხული არაფერია.

- ე.ი. თქვენ პრემიერობის სიმბოლური კანდიდატით იწყებთ საარჩევნო ბრძოლას? - არა, სააკაშვილი ყოველთვის იყო პოლიტიკური ფაქტორი საქართველოში. ის იყო "ნაცმოძრაობის" ლიდერი, მიუხედავად მის გარშემო შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობისა, ის იძუUლებით დევნილია.

სააკაშვილი ამბობს, რომ იქნება საარჩევნო ბრძოლის წინა ხაზზე, შესაბამისად, ის იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი. რა ფორმით იქნება წარმოდგენილი - პრემიერობის კანდიდატობით, სატელევიზიო ჩართვებით თუ სოცქსელებში აქტიურობით, ამას მასთან ერთად განვსაზღვრავთ.

- მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში თუ იცნობთ ლიდერს, რომელიც ერთ ქვეყანაში ოფიციალურ თანამდებობას იკავებს, მეორეში კი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს? - არ ვიცი, მაგრამ თუ შეფარვით მეკითხებით, კარგია ეს თუ ცუდი, გეტყვით, რომ ძალიან კარგია. თუ ადამიანი ერთ უზარმაზარ ქვეყანაში, ანუ უკრაინაში განსაზღვრავს დემოკრატიული განვითარების გეზს და არის ეკონომიკური ტრანსფორმაციის მოტორი, მეორე ქვეყნის ანუ საქართველოს ისტორიაში კი შევა რეფორმატორის სახელით, ეს იქნება უნიკალური პრეცედენტი ისტორიაში...

ხათუნა ბახტურიძე