ხათუნა ლაგაზიძე: "ოცნება" ფიქრობს 52% გაიფორმოს და იმედი აქვს, რომ ამაზე ამერიკას მწვავე რეაქცია არ ექნება" - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძე: "ოცნება" ფიქრობს 52% გაიფორმოს და იმედი აქვს, რომ ამაზე ამერიკას მწვავე რეაქცია არ ექნება"

საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში რეიტინგებისა და სოციოლოგიური კვლევების ჭიდილია. "საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით, რესპონდენტთა 33% "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მხარდამჭერია, 16% - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"; მესამე ადგილზეა "ევროპული საქართველო", რომელსაც მხარს უჭერს გამოკითხულთა 5%. 3% "ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდამჭერია, ასევე 3% - "პატრიოტთა ალიანსის". "ლეიბორისტულ პარტიას", "სამოქალაქო მოძრაობას", "ლელო საქართველოსა" და "გირჩს" 2-2%-იანი მხარდაჭერა ერგოთ წილად. რესპონდენტთა 17%-მა არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს, 11%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

განსხვავებული აღმოჩნდა ორგანიზაცია შურვატიონ-ის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 52% საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" დაუჭერს მხარს, 19% - "ნაციონალურ მოძრაობას", 8% - "ევროპულ საქართველოს", 5% - "პატრიოტთა ალიანსს", ასევე 5% - "ლელოს", 4% - "ახალ საქართველოს", 7% კი -"ყველა სხვა პარტიას.

რა ვითარებას ქმნის ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის განსხვავებული შედეგები, მოსალოდნელია თუ არა, არჩევნებამდე სიტუაცია შეიცვალოს და ვინ ვისთან შეიძლება შექმნას კოალიცია ხელისუფლებაში? - ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

- პირველი, რაც თვალში საცემია, არის ამ ორ კვლევაში "ოცნების" რეიტინგის არსებითი განსხვავება. Oოპოზიციური პარტიების რეიტინგებშიც არის სხვაობა, მაგრამ არცთუ მნიშვნელოვანი. როდესაც ამ შეუსაბამობის გამო კითხვები დაისვა, განმარტებაც მივიღეთ. როგორც გაირკვა, სხვაობის მიზეზი დათვლის წესი იყო... სოციოლოგიაში მანიპულაცია ჩვეულებრივი ამბავია. ე.ი. ამ შემთხვევაში მონაცემთა გაყალბებასთან კი არა, დათვლის სხვადასხვა წესთან გვაქვს საქმე, რასაც განსხვავებულ შედეგებამდე მივყავართ. როდესაც ორი დღის შუალედით გამოქვეყნებულმა, პრინციპულად განსხვავებულმა შედეგებმა ხმაური გამოიწვია, ბრიტანულმა ორგანიზაციამ განმარტა, რაში იყო საქმე, მაგრამ ეს განმარტება გასაგებია მხოლოდ სპეციალისტებისთვის, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი კი ვერ მიხვდებოდა და არც დაინტერესდებოდა, რაზე იყო ლაპარაკი - მათ მეხსიერებაში უკვე დაილექა მცდარი ციფრი.

- ამ განმარტების შედეგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე კვლევითმა ორგანიზაციამ, ფაქტობრივად, ერთი და იგივე შედეგი გამოაქვეყნა. რას გვეუბნება ეს შედეგი, ვის როგორი სასტარტო პირობები აქვს საარჩევნო ბრძოლის დასაწყებად? - ორივე კომპანიის შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, "ქართული ოცნების" რეიტინგი 30-33%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს მეტყველებს კოალიციური მთავრობის შექმნის გარდაუვალობაზე. ძალიან ბევრი წყარო ადასტურებს, რომ ამერიკელები აქტიურად მუშაობენ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა კვლევებით დადასტურებული რეალობა არჩევნების შედეგებზე აისახოს, ანუ არჩევნები არ გაყალბდეს და შედგეს კოალიციური მთავრობა. დღევანდელი გადასახედიდან ამერიკელებისთვის ყველაზე რეალური სცენარი და პროგრამა მინიმუმია "ოცნების" ერთპიროვნული მმართველობის შეზღუდვა და მისი ხელისუფლების განაწილება პროდასავლურ ძალებზე, რითიც თავიდან აიცილებენ საქართველოს სახით სტრატეგიული პარტნიორის დაკარგვას და საქართველოზე რუსული გავლენის სრულად გაფორმებას. ამერიკას რეგიონში თურქეთი კი ეგულება სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ ის, თავისი გეოპოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე, რთული პარტნიორია.

საქართველო ვაშინგტონისთვის რეგიონში პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ბოლო დემოკრატიული საყრდენია. ახლა ვნახოთ, რა გვითხრა "ოცნებამ" თავისი 52%-ით. ეს მხოლოდ ქართველი ამომრჩევლისთვის გადაგდებული ციფრი კი არა, აშშ-ისთვის გამიზნული მესიჯიც გახლდათ, რომლითაც "ოცნება" ამერიკას ეუბნება, მე ვაპირებ დავიწერო მინიმუმ 52% და ახლა დაველოდები შენს რეაქციასო.

- არჩევნებამდე შეიძლება შეიცვალოს დღევანდელი რეიტინგები და როგორი შეიძლება იყოს ამერიკელების პასუხი "ქართული ოცნებისთვის" სასურველ 52%-ზე? - ვინაიდან "ქართული ოცნება" შეცდომების დაშვების დიდოსტატია, შესაძლოა, არჩევნებამდე დარჩენილ ორ თვეში დაშვებულმა მისმა შეცდომებმა კარდინალურად შეცვალოს არჩევნების ბედი. მეორე მხრივ, კორონას გამო წინ გველოდება ეკონომიკური კრიზისი. დღეს ხალხის უმრავლესობა - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირები - საბანკო სესხებს არ იხდიან ვალდებულებების გადავადების გამო. როგორც კი დაიწყება საბანკო კრედიტების გადახდა, მერე ნახეთ, ხალხი რა მდგომარეობაში ჩავარდება! ასევე ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ბიზნესიც. "ოცნება" ეცდება, კრიზისის დაწყებამდე მოასწროს არჩევნების ჩატარება.

- ერთი შეხედვით, "ოცნებას" თითქოს ხელს არ აძლევს არჩევნების გადადება, თუმცა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში არჩევნების შესაძლო გადავადების თაობაზე ილაპარაკა... - როგორც ვიცი, "ოცნებაში" განიხილება ერთ-ერთი ასეთი ვერსია - არჩევნები გადაიდოს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებამდე. "ოცნება" ფიქრობს, ტრამპის პრეზიდენტად დარჩენის შემთხვევაში 52%, ანუ ერთპიროვნული მმართველობა გაიფორმოს და იმედი აქვს, რომ ამაზე ამერიკას მწვავე რეაქცია არ ექნება. თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, იძულებული იქნება, მინიმუმ კოალიციას დასთანხმდეს.

- თქვენი აზრით, კოალიციური მმართველობის შემთხვევაში ვისთან ერთად მოუწევს "ქართულ ოცნებას" მთავრობის დაკომპლექტება? - მოდი, სამ კატეგორიად დავყოთ პოლიტიკური სპექტრი: 1. ვისთან სურს "ოცნებას" კოალიციის გაფორმება; 2. ვისთან შეუძლია; და 3. ვისთანაც არ სურს, მაგრამ შესაძლოა იძულებული გახდეს.

"ოცნებისთვის" იდეოლოგიურად ყველაზე კომფორტული იქნება კოალიციის გაფორმება "პატრიოტთა ალიანსთან" ან "ქართულ მარშთან", მაგრამ ეს ამერიკისთვის, ფაქტობრივად, ომის გამოცხადებას ნიშნავს.

გაცილებით ფართო სპექტრია იმ პოლიტიკური ძალებისა, ვისთანაც შეიძლება კოალიციის შექმნა ამერიკის გაღიზიანების გარეშე - ვგულისხმობ იმ ძალებს, ვინც ამერიკისთვის მიუღებელი არ არის, მაგალითად, "ლელო", ელისაშვილის პარტია, ასევე ის სატელიტი პარტიები, რომლებიც "ოცნებამ" საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსული ხალხისგან შექმნა. ასეთი უკვე იმდენია, სათვალავიც კი ამერია.

მესამე კატეგორიაში შეგვიძლია დავასახელოთ "ევროპული საქართველო", რომელიც, როგორც კოალიციის წევრი, ამერიკისა და ევროპისთვის იქნება მომავალი სამთავრობო კოალიციის პროდასავლურობის გარანტი, თუმცა, "ევროპულ საქართველოსთან" კოალიცია "ოცნების" ამომრჩევლისთვის უკიდურესად მძიმედ მისაღები იქნება. ამავდროულად, ყველასთვის თვალსაჩინო გახდება, რომ ამით, ფაქტობრივად, დაიწყება ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რასაც შედეგად მოჰყვება "ოცნებიდან" აქტივისტების, წევრების თუ სახელმწიფო მოხელეების მასობრივი გადინება ოპოზიციურ სპექტრში ახალი პატრონის ძიების მიზნით. არ დაგვავიწყდეს, რომ 2021-ში გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ფლანგებმორღვეული "ოცნებისთვის" შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს და დიდ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ოპოზიციისთვის ხელისუფლების გადაბარება-დათმობით, ანუ "ოცნების" დამარცხებით დასრულდეს.

- და ამ ყველაფერში "ნაციონალური მოძრაობის" როლი როგორ წარმოგიდგენიათ?

- თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც აღვნიშნეთ და "ევროპულ საქართველოს" ამერიკისა და ევროპის მხრიდან პროდასავლური კურსის გარანტორის როლი დაეკისრა, მაშინ უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში, დიდი ალბათობით, ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარების მომსწრე გავხდებით, თუმცა არსებობს მოვლენათა განვითარების მეორე ვერსიაც იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგად სამთავრობო კოალიციის დაკომპლექტება წილად "ნაციონალებს" ერგებათ. ეს ვერსია იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" იმ პროცენტული სხვაობის ამოვსებას, რომელიც კვლევების მიხედვით "ქართულ ოცნებას" აშორებს. არჩევნებამდე ორიოდე თვეა დარჩენილი, მე კი ოპოზიციური სპექტრის ასეთი პასიურობა არ მახსენდება.

ახლანდელი მოცემულობით, "ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო პლუს-მინუს 25% და ის პროცენტები, რაც სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ნაწილდება, მასაც აძლევს კოალიციის შექმნის საშუალებას, ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ოცნება" პირველ ადგილზე გავა, მაგრამ კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებას ვერ შეძლებს ვერც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან, მაშინ "ნაცმოძრაობას" ეძლევა საშუალება, შეკრიბოს საპარლამენტო უმრავლესობა და ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა.

- IRI-ს კვლევის შედეგების თანახმად, პატრიარქისა და ამირან გამყრელიძის შემდეგ საზოგადოების ნდობის ყველაზე მაღალი ლიმიტი - 63% გიორგი გახარიას აქვს. შემდეგ მოდის კახა კალაძე 57%-ით, დავით ბაქრაძე 53%-ით, ბიძინა ივანიშვილი კი 41%-იანი რეიტინგით მეშვიდე ადგილზეა. რაზე მიგვანიშნებს ეს მდგომარეობა? - გასაგებია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მაგრამ მისი ფაქტორის გათვალისწინების გარეშე ეს პიროვნული რეიტინგები ინფორმაციულობას კარგავს და მრუდე სარკეს ემსგავსება, რის გამოც მის განხილვას არ შევუდგები.

- თუ "ნაცმოძრაობამ" თავისი პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი დაასახელა, როგორ შეცვლის ეს ფაქტი ოპოზიციურ სპექტრში წინასაარჩევნო ვითარებას? - მოსახდენი უკვე მოხდა - ოპოზიცია საარჩევნო ბრძოლაში ერთიანი სიით არ გამოდის. შესაბამისად, "ნაციონალები" თავიანთი ამომრჩევლის მობილიზებასა და მოტივირებას ეცდებიან, "ნაციონალების" მხარდამჭერების მოტივირებისთვის კი სააკაშვილი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. "ნაციონალებისთვის" სასიცოცხლოდ აუცილებელია, "ამოქაჩონ" თავიანთი რეიტინგი და, ამავდროულად, დაანგრიონ "ოცნების" ახლანდელი რეიტინგი, რომ მომავალი მთავრობის დაკომპლექტების საშუალება ჰქონდეთ. სხვა თემაა, რომ სააკაშვილის პრემიერობის საკითხი "ოცნებას" საშუალებას მისცემს, თქვას, სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე რეალურია და მოდი, კვლავ ამ საფრთხის წინააღმდეგ გავერთიანდეთო. ამით""ოცნება" ისევ ორპოლუსიანი გარემოს შექმნას შეეცდება.

- ეს ფორმულა ისევ გაამართლებს? - ვერა. ხალხი უკვე ძალიან დაიღალა ამ ფორმულით. ეს უნდა გახდეს 2012 წლის შემდეგ პირველი არჩევნები, როდესაც "ოცნება" ვეღარ აიღებს "ნაციონალებით" დაშინებული ამომრჩევლის ხმებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს არსებობს უამრავი პარტია, რომელთათვისაც ხმის მიცემა შეუძლია მათ, ვისაც "ნაციონალების" დაბრუნება არ სურთ ან მათი დაბალანსების მომხრეა და ეს იმ პირობებში, როცა 3-5%-იან პარტიასაც კი აქვს შანსი, გახდეს სახელისუფლებო კოალიციის წევრი.

ხათუნა ბახტურიძე