გამომცემლობა "პალიტრა L"-ის "ლიტერატურული გაჩერება" ბათუმის შემდეგ ოზურგეთში გრძელდება - კვირის პალიტრა

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის "ლიტერატურული გაჩერება" ბათუმის შემდეგ ოზურგეთში გრძელდება

მთელი ივლისი და აგვისტო ჩვენს მკითხველთან შეხვედრებში გავატარეთ. გვიხარია, რომ ძალიან ბევრ ისეთ კუთხეში, სადაც წიგნის მაღაზია არ არის, ჩვენ ჩავიტანეთ ახალი ლიტერატურა ძალიან დიდი ფასდაკლებით და გავახარეთ მკითხველი. ჩვენი "ლიტერატურული გაჩერება" ყოველწლიური გახდება. ვეცდებით ყველგან მივიდეთ და ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ლიტერატურა

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის "ლიტერატურული გაჩერება" კახეთიდან დაიწყო და უკვე ესტუმრა რამდენიმე რეგიონს.

14 აგვისტოს ლიტერატურული ქარავანი"ბათუმს ეწვია და ბათუმელი მკითხველისათვის სხვადასხვა ღონისძიება 16 აგვისტოს ჩათვლით გამართა.

14 აგვისტოს დაიწყო პროექტ "მაკულიტერატურის" აქცია, რომელიც 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა და რომლის ფარგლებშიც მსურველებმა 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების წიგნში გაცვალეს.

ასევე გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სადაც 300-მდე დასახელების წიგნის 50%-მდე ფასდაკლებით ყიდვა შეიძლებოდა.

ღონისძიების პარტნიორი იყო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. მაკულიტერატურის აქცია და გამოფენა-გაყიდვა სამი დღის განმავლობაში საზღვაო აკადემიის ეზოში იმართებოდა.

ასევე 14 აგვისტოს სასტუმრო "შერატონ ბათუმში" გაიმართა პროექტ "ლურჯი ოკეანის" ღონისძიება "ფეხებზე დაკიდების ხელოვნება", სადაც სპიკერები იყვნენ დავით ჩიკვაიძე (საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ტრენერი), ანდრო დგებუაძე (ტრენერი, ბლოგერი) და რევაზ კოპალაძე (ჩაუცასუს Oნლინე-ის გენერალური დირექტორი). ამ ღონისძიებაზე გაიმართა მარკ მენსონის წიგნის - "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" პრეზენტაცია.

მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: - "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" პირველი 3000-იანი ტირაჟი გამოცემიდან ერთ თვეში გაქრა წიგნის მაღაზიებიდან. ასეთი სამოტივაციო ჟანრის წიგნი, რომელმაც მკითხველის ძალიან დიდი ინტერესი დაიმსახურა, ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყის" შემდეგ მეორეა საქართველოში.

დავით ჩიკვაიძე, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ტრენერი: - ეს წიგნი არაორდინარულია თავისი შინაარსით. ჩემში ძალიან ბევრი მიმართულება შეცვალა და ბევრ რამეზე ჩამომიყალიბა აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება. რევოლუციური წიგნია, თუნდაც მის ქვესათაურებს რომ გადავხედოთ... პირველი, მაგალითად, არის Do Not Try ("არ შეეცადო"), რაც იმის ანტიპოდია, რასაც ხშირად სხვა წიგნებში ვკითხულობთ.

15 აგვისტოს ბათუმის "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართა "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის"გამარჯვებულის, თინათინ ბერიძის წიგნის, "მოპარული სიყვარულის" პრეზენტაცია. ღონისძიებაზე იყვნენ "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020"-ის"გამარჯვებულებიც - ქარდა ქარდუხი და დავით ჩომახიძე, რომელთა წიგნებს მკითხველი ნოემბრიდან იხილავს.

16 აგვისტოს კი "ბიბლუსი გალერეაში" მკითხველს ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი შეხვდნენ.

15 ნაწილისგან შედგენილმა ინტერაქციულმა წიგნმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა საზოგადოების დიდი ინტერესი. ამ საინტერესო ლიტერატურულ ექსპერიმენტში მონაწილეობა ოთხმა ავტორმა მიიღო. "ფენიქსის" ყოველი ნაწილი დამაინტრიგებელ, საკვანძო მომენტში წყდება, სადაც მთავარ გმირებს არჩევნის გაკეთება მოუწევთ. ყოველ წიგნს ორი ალტერნატიული გაგრძელება მოჰყვება, სადაც ამბავი გმირის ამა თუ იმ არჩევნის მიხედვით ვითარდება.

ტორესა მოსი, მწერალი: - პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომლებიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა, პირველი გაგრძელების წერა კი ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოოდ, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ.

17 და 18 აგვისტოს ლიტერატურული ღონისძიებები ოზურგეთელ მკითხველს ელის. გურულებს შესაძლებლობა ექნებათ, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა ახალ წიგნებში. პროექტ "მაკულიტერატურის" ეს აქცია უპრეცედენტოა, ვინაიდან 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების წიგნში გაიცვლება.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სადაც 300-მდე დასახელების წიგნის შეძენას 50%-მდე ფასდაკლებით შეძლებენ.

"მაკულიტერატურის" აქცია და გამოფენა-გაყიდვა ორი დღის განმავლობაში (17-18 აგვისტო) 9 აპრილის სკვერში 10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გასტანს.

17 აგვისტოს 18:00 საათზე კაფეში "8 +1" (გაბრიელ ეპისკოპოსის #3) ინტერაქციული წიგნის, "ფენიქსის" წარდგენა გაიმართება. მკითხველს შეხვდებიან ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი.

ანანო თავხელიძე, მარკეტინგის ხელმძღვანელი: - მთელი ივლისი და აგვისტო ჩვენს მკითხველთან შეხვედრებში გავატარეთ. გვიხარია, რომ ძალიან ბევრ ისეთ კუთხეში, სადაც წიგნის მაღაზია არ არის, ჩვენ ჩავიტანეთ ახალი ლიტერატურა ძალიან დიდი ფასდაკლებით და გავახარეთ მკითხველი.

ასევე მნიშვნელოვანია "მაკულიტერატურის" პროექტი, რადგან ძველ, გამოუსადეგარ ფურცლებს, წიგნებს მივეცით ახალი დანიშნულება. ამ პროექტით შევინარჩუნეთ ხეები, ძველი წიგნები გადამუშავდება და ისევ იმ ბაზარს დაუბრუნდება, რომლისთვისაც ხე უნდა მოჭრილიყო. ჩვენი "ლიტერატურული გაჩერება" ყოველწლიური გახდება. ვეცდებით ყველგან მივიდეთ და ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ლიტერატურა."