რა გათვლებს ეფუძნება ჭავჭავაძის გამზირის "რეფორმა"
განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსებისა და მანქანების თბილისელთათვის უჩვეულო რეჟიმით მოძრაობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. რა მოსწონთ და რას იწუნებენ თბილისელები განახლებულ გამზირზე, ამ თემაზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითიძე გვესაუბრება.
- ყველა რეფორმა დაწყებისას არის საკამათო, რადგან ადამიანს უჭირს ახალთან შეგუება, თუმცა რეფორმების გარეშე პრობლემების დაძლევა წარმოუდგენელია. ჭავჭავაძის გამზირის რეფორმა არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, დისკომფორტიც არავისთვის შეგვიქმნია. მთავარია, თანაბარი პირობები შევუქმნათ ადამიანებს, რომლებიც დადიან ფეხით, ეტლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ ავტომობილით.
ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო ევროპის განვითარებულ ქვეყნებში 20-30 წლის წინ. ეკონომიკურმა განვითარებამ დიდ ქალაქებში მანქანების რაოდენობის ზრდა გამოიწვია, შესაბამისად, მოიმატა ხმაურმა, გამონაბოლქვმა, სტრესმა... ჩვენთანაც ასეთი სიტუაციაა და პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ. როდესაც წინასაარჩევნოდ მერმა სატრანსპორტო პოლიტიკაზე ზრუნვა დაიწყო, ეს არ გულისხმობდა მხოლოდ ყვითელი ავტობუსების შეცვლას...
- ყველა ავტობუსი ჯერ არც შეცვლილა... - ჩვენ ყველა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან დავამყარეთ ურთიერთობა და მათი დაქირავებული ექსპერტებისა და უძლიერესი სატრანსპორტო კომპანიების დახმარებით დავიწყეთ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით. პირველი - უნდა გაგვერკვია, როგორია თბილისში მგზავრთა ნაკადი, რომელ მარშრუტებს იყენებენ მოქალაქეები... ოღონდ ამ სქემაში გავითვალისწინეთ არა მხოლოდ არსებული მარშრუტები, არამედ თბილისის გენერალური გეგმაც, რომელიც საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებს ყოფს, ანუ ჩვენ ვიცით, 10 წლის განმავლობაში საით უფრო განვითარდება განაშენიანება. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ფრანგულმა კომპანია sistra-მ ჩაატარა კვლევები და თბილისში გამოყო ათი ძირითადი დერეფანი (დიდი გამზირები, რომლებიც თბილისის ყველა წერტილს, თავს და ბოლოს ერთმანეთთან აკავშირებს), ასევე გამოყო სიტილაინები, ანუ სხვა ქუჩები, რომლებიც უერთდება ძირითად დერეფნებს. ნაკადებიც სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით დავითვალეთ... საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც შეუფერხებლად მოძრაობს თავის კორიდორში, არის უფრო ხელსაყრელი. ევროპის ქალაქებში წლების განმავლობაში შემცირდა საკუთარი ავტომობილებით მოსიარულეთა რიცხვი, რადგან ეს უფრო ძვირი სიამოვნებაა და ნაკლებკომფორტულიც, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელსაც თავისი სამოძრაო ბილიკი აქვს.
- უკმაყოფილება ისმის სამოქალაქო სექტორისა თუ თბილისელთა მხრიდან. ამბობენ, რომ ავტობუსის ფერზე მნიშვნელოვანი (რასაც მერია თავის მოქალაქეებს უთანხმებდა) იმ კვლევის შედეგებია, რომელთა მიხედვით ქალაქის ახლებურად მოწყობის გეგმა შემუშავდა. - ავტობუსის ფერი ადვილად შესათანხმებელია, მაგრამ როდესაც საქმე სატრანსპორტო დერეფნებს ეხება, ამას საზოგადოების გამოკითხვით ვერ გადაწყვეტ.
- სამოქალაქო სექტორის? - ვერც სამოქალაქო სექტორის... 2018 წლიდან დაიწყო აქტიური მუშაობა, საფინანსო ინსტიტუტებმა დაგვახმარეს უცხოური კომპანიები. თბილისის თითქმის ყველა ქუჩაში დამონტაჟდა პორტატული და სტაციონარული მთვლელები. თვლა მიმდინარეობდა შუქნიშნებზე დამონტაჟებული კამერების მეშვეობითაც. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და სააგენტოებითაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია სისტრა ქუჩაში გამოკითხვებსაც ატარებს...
- ჭავჭავაძის გამზირის პროექტის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა? - სისტრა -ს არ დაუთვლია ჭავჭავაძის გამზირის დეტალები (გეოდეზია, კარტოგრაფია, ბორდიურის მონიშვნა, დახაზვის სქემა). მან დაადგინა ძირითადი დერეფანი და აღნიშნა, რომ აქ მომავალში უნდა იარონ მხოლოდ 12 და 18-მეტრიანმა ავტობუსებმა 8-დან 15 წუთამდე ინტერვალით. ისიც უნდა ვთქვათ, რომ 18-მეტრიან ავტობუსს 150 კაცის გადაყვანა შეუძლია. რაც შეეხება პროექტს ჭავჭავაძის გამზირის ნიშნულების, შუქნიშნების, გაჩერებების სიგრძის შესახებ, ის დევს მერიისა და შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდებზე.
- მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაცია?
- ეს ინფორმაცია არის სისტრა-ს კვლევაში, რომელიც, როგორც კი დამუშავდა, ჩვენს ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ.
- სოციალურ ქსელებს თუ დავუჯერებთ, ჭავჭავაძის გამზირის განახლების შედეგად ნაკადი განაწილდა და ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩები გადაიტვირთა. - აბაშიძის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზეც მთელი კვირის განმავლობაში დილით სიხალვათე იყო. პიკის საათებში დატვირთვა გაიზარდა, მაგრამ მოძრაობა არ შეფერხებულა.
- თქვენ თუ აპირებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულს?
- მე ძალიან მიყვარს საზოგადოებივი ტრანსპორტით მგზავრობა, მიყვარს ველოსიპედით სიარული და როდესაც ვსწავლობდი ან დიდხანს მიწევდა ყოფნა სხვა ქვეყნებში, სადაც ეს სისტემა განვითარებულია, ან ველოსიპედს ვიყენებდი, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს. როდესაც ეს სისტემა ჩვენთანაც გაიმართება, არა მარტო მე, ყველას ექნება სურვილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს. ჩემი ოჯახის წევრები ხშირად დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით და სულ ჩიოდნენ, რომ უჭირდათ დანიშნულების ადგილამდე დროულად მისვლა. ამის გამო მეტროს ამჯობინებდნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც. კიდევ ბევრი სიახლე გველის. იმედი მაქვს, 2021 წლის ბოლოს მეტი ადამიანი ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
"ჭავჭავაძეზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა არის მაღალი ხარისხის, მაგრამ ..."
ვასო ურუშაძე, ექსპერტი, HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი: - თუ ჩვენ გვინდა, მდგომარეობა გამოვასწოროთ, უნდა ვიცოდეთ, ქალაქის რომელ უბანში, რომელ ქუჩაზე, რომელ გზაჯვარედინზე როგორია მოძრაობა, როგორია გრაფიკი წლის თუ დღის სხვადასხვა მონაკვეთში და ა.შ. ეს ინფორმაცია დღეს თბილისის მერიაში არავის აქვს. ჭავჭავაძეზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ერთი შეხედვით არის მაღალი ხარისხის, ბევრ ქვეყანაში აპრობირებული და შეიძლება წინ გადადგმულ ნაბიჯადაც ჩაითვალოს, მაგრამ ის არ ეფუძნება გათვლებს, არ იყო განსაზღვრული არც მოსალოდნელი შედეგები, სწორედ ამიტომ ვერც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ბოლო წლებში თბილისში განხორციელდა, სიკეთის მომტანი ვერ აღმოჩნდა.
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისას არ იყო გათვლილი, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა მომიჯნავე ქუჩებზე, თუნდაც ვარაზისხევში, თამარაშვილის ქუჩაზე, ბაგებში, რა გავლენას მოახდენდა წყნეთიდან მომავალ ნაკადზე. ეს იყო მხოლოდ გამზირის რეაბილიტაცია. ხალხს უწევს ძალიან დიდხანს დგომა საცობში, რაც არაკომფორტულია და არც დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისკენ მოწოდება არაფრის მთქმელია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი მთელი ქალაქის მასშტაბით და არა - ერთ ქუჩაზე.
- გვპირდებიან, რომ ასეთი პროექტები სხვა უბნებშიც განხორციელდება და შედეგიც თვალსაჩინო იქნება... - თბილისის მერიაში არა აქვთ გადაწყვეტილი, მომავალში როგორ განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუ ავტობუსებს მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება, თბილისს მომავალი არ გააჩნია. თბილისის მობილობის ეფექტიანობის ერთადერთი გზა რელსიანი ტრანსპორტის განვითარებაა - მეტროპოლიტენის, და სადაც მეტროპოლიტენის ქსელის გაფართოება შეუძლებელი იქნება, ტრამვაის. თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ ევროპული დონის ქალაქი, სწორედ ეს უნდა იყოს თბილისის ხანგრძლივი განვითარების გეგმა. არა მარტო უნდა დაემატოს მეტროსადგურები, არამედ ძველ სადგურებთან უნდა გაკეთდეს ახალი ჩასასვლელები, უნდა გაიზარდოს მეტროს გამტარუნარიანობა, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ინვესტირება, დრო და ამასთან, ყველა ნაბიჯი სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს, დღეს კი ჩვენ ფულს მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტის განვითარებისთვის ვხარჯავთ.