"ვერანდაზე "პრინციც" შემომიბრძანდა"
ჩვენმა კოლეგამ, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ირმა ხარშილაძემ გასულ კვირას საკუთარ ვერანდაზე გვიმასპინძლა. ეს ვერანდა წლების წინ მასობრივად დაწყებული მიშენებების შედეგად გაჩნდა. მომატებული ფართობი მოსახლეობამ საძინებლებად თუ მისაღებ ოთახებად აქცია, ირმას კი იქ თავიდანვე მწვანე გარემოს შექმნა სურდა. იდეა საქმედ მხოლოდ 2013 წელს აქცია, დღეს კი იქ სტუმრობა მის ახლობლებსა და მეგობრებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამ ყველაფრის საფუძველი ის არის, რომ ირმას უზომოდ უყვარს ბუნება.
ირმა ხარშილაძე: - ამ ყველაფრის ფესვები ჩემი ბავშვობიდან მოდის. მშობლებს ძალიან უყვარდათ ბუნება, მამა მშვენიერ ადგილებში გვიწყობდა ექსკურსიებს. მდელოებზე ვგიჟდებოდი. სამცხე-ჯავახეთში რომ წავიდოდი, ადიგენის მინდვრები მაოცებდა, რომელიც სუფთა მესხური ხალიჩა იყო... ბევრჯერ მიცდია შინ ქოთნის მცენარეების მოვლა, თუმცა უშედეგოდ. ერთი ისეთი ამბავიც მოხდა, რომელსაც ეტყობა, თავის დროზე აღარ ჩავუღრმავდი... სანამ ჩვენს კორპუსს ფართს მოაშენებდნენ, ეზოში მშვენიერი გამწვანება გვქონდა, სადაც ბავშვები ვთამაშობდით. ერთხელ იქ ჯოხი ვიპოვე, მიწა ამოვთხარე და ჩავრგე. ცოტა ხნის შემდეგ ბუჩქი წამოიზარდა და როცა მოშენება დაიწყო, ყველაზე მეტად მისი ამოძირკვა განვიცადე. მახსოვს, სკოლაშიც დაგვარგვევინეს ნაძვი, მაგრამ ისიც ამოძირკვეს, რადგან იქაც კორპუსები ააშენეს.
- ამ ფართის შემინვაზე არ გიფიქრია?
- ბეტონი რომ დაისხა, მხოლოდ ერთი კედელი იყო ამოშენებული და მეტი არც არაფერი გაგვიკეთებია, თან სულ ვამბობდი, აქ ვერანდა მინდა იყოს-მეთქი. ამ აზრს დედაც იზიარებდა. მამა მანამდე გარდაიცვალა, მაგრამ ცოცხალი რომ ყოფილიყო, ისიც ამავე აზრის იქნებოდა.
- მოკლედ, ოცნება აგიხდა... - დიახ, და შინ რემონტის შემდეგ ამ ადგილსაც მივხედე - ფილები დავაგე, მერე კი აქაურობამ კედელი და შეღებვა მოითხოვა. საბოლოოდ დიდი ფართობი გამოჩნდა, რომელიც რაღაცით უნდა შემევსო ისე, რომ ლამაზიც ყოფილიყო. როგორ წარმოგიდგენიათ, აქ ჰამაკი ყოფილიყო და ყვავილები - არა?! მაგრამ პირველი მცდელობა მთლად წარმატებული ვერ აღმოჩნდა...
- ახლა სრულფასოვანი მოსასვენებელი ადგილია, მცენარეებით სავსე... - ჩემი პირველი მცენარე ალოე ბავშვობის მეგობარმა მაჩუქა და მითხრა, ლაპარაკი, მოფერება უნდა, სახელიც დაარქვი და კარგად გაახარებო. მეც ველაპარაკებოდი, ალეკოც დავარქვი, მაგრამ არ უშველა, ვერ გადავარჩინე, ამიტომ სულ მეშინოდა და ვერანდისთვის ადვილად გასახარებელ მცენარეებს ვარჩევდი... ყველაზე იოლად მოსავლელი სუკულენტები აღმოჩნდა. კაქტუსი საერთოდ არ მინდოდა, თუმცა ყვავილი აქვს საოცარი და ამ ზაფხულს პირველად აყვავდა კიდეც. აღფრთოვანებული ვიყავი.
- ვერანდა ეტაპობრივად შევსებულა...
- ვარდები მინდოდა და მაჩუქეს. პირველად რომ იყვავილა, ბედნიერი ვიყავი. ვერანდისთვის ფარდასავით დაშვებული მცენარეც მინდოდა და მიწას, რომელიც სხვა მცენარისთვის მოვიტანე, სურო მოჰყვა, რომელიც გაიზარდა. ახლა ძველებურ ხელსაბანში მაქვს ჩარგული. ის ჩემმა მოძღვარმა მაჩუქა. ნაკვეთში ჰქონდა, გაუფუჭდა და უთქვამს, ირმა გამოიყენებსო. ვერცხლისფერი იყო, შევღებე და მასში სურო ჩავრგე, მერე კი ყველაფერი ერთად აყვავდა.
- ვერანდაზე მცენარეები და სიმწვანე კი გამრავლდა, მაგრამ აქ ყველაფერი შენებურად არის გაფორმებული... ყურადღებას იქცევს არაერთი კომპოზიცია, მაგალითად, ფეხსაცმელში ჩარგული სუკულენტები, ან გადატეხილ ჭურჭელში ჩარგული მცენარეები... - აქაც იმავე პრინციპით ვმოქმედებ, ოღონდ - გუმანით. როცა რაიმე ძველდება, ვცდილობ, არ გადავაგდო და გამოვიყენო. ფეხსაცმელი, რომელიც მომწონდა და კარგად გამოვიყენე, არ გადავაგდე და როცა მასში სუკულენტები ჩავრგე, მშვენივრად იყვავილა. მერე უკვე სხვა ფეხსაცმელიც გამოვიტანე... მოკლედ, როცა რაიმე ტყდება, ფუჭდება, არ ვაგდებ, ფორმას ვუძებნი. ეს ახლობელ-მეგობრებმა, მეზობლებმა იციან და ასეთ ნივთებს მჩუქნიან...
ბროწეული ბიძაშვილმა მაჩუქა. ამასთან როცა მოვხვდები, ხელს დავუსვამ, ვეფერები. გარდენია პატარა იყო, სამეგრელოში რომ მაჩუქეს და თვალსა და ხელს შუა გაიზარდა. მაქვს ჰორტენზიაც, აგავას ამ ჯიშს კი პრინცი ჰქვია, ასე რომ, ვერანდაზე "პრინციც" შემომიბრძანდა. კავკასიური სოჭი ძალიან პატარა იყო. ზედ დავკანკალებ და ერთ წელიწადში ცოტა წამოვზარდე. ადგილიც არ შემიცვლია. არ უნდა გადარგაო და ხელს არ ვკიდებ. მაქვს ბერძნული ბზა, რომელიც ახალციხიდან წამოვიღე.
- ვარდებიც კარგად გაზრდილა.
- ჩემი ორი ვარდი სევდიანიც არის და სიხარულის მომტანიც. ერთი წლის წინ ჩემი მეგობრის მეგობარი, ემიგრანტი ნიკა ინტერნეტით გავიცანი. საქართველოში, წლებია, არ ყოფილა და აქაურობა ძალიან ენატრებოდა. ჩამოსვლას ფიქრობდა, მაგრამ მოულოდნელად მძიმე სენი შეეყარა და ბელგიაში დიდხანს იწვა საავადმყოფოში. მასთან ინტერვიუს ჩაწერა მინდოდა, რადგან არაჩვეულებრივად ხატავდა, საოცარი მინიატიურული ფიგურებიც ჰქონდა. ცუდად რომ იყო, მაშინ მივწერე, თუ შეგიძლია, ინტერვიუ ჩავწეროთ-მეთქი და დამთანხმდა. მას აღსარება მოძღვრისთვის არასდროს ჩაუბარებია. მე აღმოვჩნდი ის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი უამბო... ეს ვარდები კი ჩვენს საერთო მეგობარს გამოუგზავნა... სამწუხაროდ, ნიკა მალე გარდაიცვალა, მისი ვარდები კი მეგობარმა მე გამომიგზავნა. ამათ როცა ვუყურებ, მგონია, ნიკაც აქ არის და მეგობრობა გრძელდება.
- აივანზე პომიდორსაც ვხედავ... - მებაღე კი გამოვედი, მაგრამ მებოსტნე - ვერა. აქ ბაზილიკიც მაქვს, რაღაც იყოჩაღა, პომიდორს კი მერამდენედ ვრგავ და რა გამოვა, არ ვიცი. ვცადე ბულგარული წიწაკის დათესვა და მოვიდა - პატარა, საყვარელი ნაყოფი ჰქონდა... თუმცა ჯობს, მაინც ბაღს მივხედო.
- ვერანდაზე ძველ და გაახლებულ ნივთებზე ვისაუბროთ... - ძველი ნივთების გაახლება მიყვარს, ჩემს გემოზე უნდა მოვაქციო, მოვირგო. ამ სივრცემ კი მეტი სტიმული მომცა. მაგიდაც, რომელთანაც ვსხედვართ, ჩემი შექმნილია - ძველი მაგიდა გადავაკეთე.
- ამ ყველაფრის კეთების სურვილი როდის მოდის? - სტიქიურად. არასდროს ვიცი, რას გავაკეთებ. უბრალოდ, ვამბობ: "მე ამისგან გავაკეთებ" და ვიწყებ. ვმუშაობ ნებისმიერ დროს. შეიძლება სტატიას ვწერდე, მივატოვო და რამის კეთება დავიწყო. ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია. სერიოზული აზარტია. ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს...
- რას ურჩევდი ადამიანებს? - ფიქრი არ დაიზარონ. მიყვარს ფიქრი და მეოცნებეც ვარ. შემიძლია, აი, ამ ჰამაკში ვიფიქრო, მაგრამ ფიქრიც არის და ფიქრიც - იფიქრონ მხოლოდ პოზიტიურად. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანი დეპრესიაში ჩავარდეს. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ, ერთი თვე ვიყავი დეპრესიაში, მეტხანს ვერ გავძელი, ასე რომ, მხოლოდ კარგ რამეებზე იფიქრონ, ასე ბევრ რამეს შეძლებენ...