"სხვადასხვა პარტია ვართ და აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია, "ქოცები“ ტყუილად ნუ დაიწყებენ მხიარულ ჟივილ-ხივილს" - კვირის პალიტრა

"სხვადასხვა პარტია ვართ და აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია, "ქოცები“ ტყუილად ნუ დაიწყებენ მხიარულ ჟივილ-ხივილს"

აზრთა სხვადასხვაობა არის და ეს ნორმალურია, რადგან სხვადასხვა პარტიები ვართ. ამის დრამატიზირებას ნამდვილად არ მოვახდენდი. არაფერი გასახარი "ქოცებს“ არ აქვთ და ტყუილად ნუ დაიწყებენ მხიარულ ჟივილ-ხივილს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. ამით ის "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ბარამიძის თქმით, ნებისმიერი დისკუსია ნორმალურია. საბოლოოდ კი არჩევანს საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ.

"ჩვენ ვართ განსხვავებულთა ერთობა. "ქოცების“ რეჟიმის მდგომარეობის სირთულეს ისიც ასახავს, რომ არა მარტო "ნაციონალური მოძრაობა“ და "ევროპული საქართველო“ , არამედ სხვა უამრავი პარტია, რომლებიც კიდევ უფრო რადიკალურად განსხავავდებიან ერთმანეთისგან, ყველა ერთხმად ამბობს, რომ ეს პუტინისტური რეჟიმი მშვიდობიანად, არჩევნების გზით, აუცილებლად ჩამოვაცილოთ ხელისულებასო. აი, ეს არის მთავარი. აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ერთ პარტიაშიც კი არის და ეს ნორმალურია. მთავარია, ეს როგორ განიხილება. უნდა იყოს ყოველთვის საქმიანად, ურთიერთპატივისცემით და პასუხისმგებლობით ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. იმის გაცნობიერებით, თუ რა მოვალეობები გვაქვს, როგორც არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე რიგით ადამიანს. შესაბამისად, თუ ასე მოვიქცევით, ნებისმიერი დისკუსია ნორმალურია. ამაზე მსჯელობაც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის რა აზრი აქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეები, ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუ ვის, რა როლი, როგორ დაეკისრება, ვის ექნება მეტი ნდობა და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისი განმარტებით, ოპოზიციურ სპექტრს შორის მიღწეული შეთანხმებების თვალსაზრისით "ნაციონალური მოძრაობა“ არაფრის შეცვლას არ გეგმავს.

"ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არანაირი პრინციპულ ცვლილებებს ადგილი არ ექნება, რაც შეეხება შეთანხმებას იმ ნაწილს, სადაც რაიმე არის შეთანხმებული. რაიმე ცვლილებებს ჩვენი მხრიდან ინიცირება არ ექნება, რადგან "ნაციონალური მოძრაობა არაფრის შეცვლას არ გეგმავს“, - განმარტა ბარამიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიების ერთიანობისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთი ნაბიჯი გადადგა.

"ჩვენ რომ ერთმანეთი და ერთიანობა გვჭირდება, ამაზე ვსაუბრობ ამდენი ხანია. სწორედ ამისკენ გადავდგით არაერთი პრაქტიკული ნაბიჯი, როდესაც თავის დროზე შევქმენით კოალიცია "ძალა ერთობაშია“, როცა თბილისში ერთიანი მაჟორიტარების კანდიდატების დასახელებისთვის ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით“,-განაცხადა ბარამიძემ.

მისი განმარტებით, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქი სხვა ოპოზიციურ პარტიებს დაუთმო, ამით ფართო კოალიციის შექმნას გზა გაუხსნა.

"სამწუხაროდ, დანარჩენ ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერჯერობით ეს საკითხი ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ჩვენ მაინც ველოდებით ამ მიმართულებით, რომ საბოლოო გადაწვეტილებები მიღებული იქნება. ყოველ შემთხევაში, ჩვენი დევიზია - "ძალა ერთობაშია“ და ჩვენ ამას სიტყვითაც და საქმითაც ვუერთგულებთ“, - განაცხადა ბარამიძემ.

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს. უგულავას განცხადებით, მცდელობას ერთპარტიული მმართველობისკენ "ევროპული საქართველოსგან“ წინააღმდეგობა მოჰყვება.

"ინტერპრესნიუსი"