შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილო და 300 გრამი "ჰეროინი“, "მორფინი“ და "კოდეინი“ ამოიღო - კვირის პალიტრა

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილო და 300 გრამი "ჰეროინი“, "მორფინი“ და "კოდეინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტმენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ს.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო 2 კილო და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც "ჰეროინს“, "მორფინს“ და "კოდეინს“ შეიცავს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"