"ბელარუსში რაც ხდება, "ხავერდოვანი რევოლუციაა“,რადგან ხალხს ლუკაშენკოსთან უძრაობის პერიოდში ყოფნა არ უნდა" - კვირის პალიტრა

"ბელარუსში რაც ხდება, "ხავერდოვანი რევოლუციაა“,რადგან ხალხს ლუკაშენკოსთან უძრაობის პერიოდში ყოფნა არ უნდა"

ბელარუსში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც ჩამოყალიბდეს, რა უნდა მოხდეს 2020 წლის არჩევნების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოსახლეობა მასობრივად არ დაუჭერს მხარს "ქართულ ოცნებას“, - ასე აფასებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ვანო მაჭავარიანი, "ინტერპრესნიუსთან“ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს.

ვანო მაჭავარიანის თქმით, ბელარუსში რაც ხდება, "ხავერდოვანი რევოლუციაა“, რადგან ხალხს არ უნდა პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან უძრაობის პერიოდში ყოფნა.

"ფაქტია, ლუკაშენკო ქვეყნის შიგნით პოლიტიკურად გაბანკროტდა, მისი მხარდაჭერა არის მინიმალური, ქვეყნის გარეთაც, იქნება ეს ევროპის მიმართულებით, თუ მათ შორის, რუსეთთან, რომელმაც უბრალოდ ლუკაშენკო, როგორც "მოკავშირე“ ჩამოწერა თავისი რიგებიდან.

სიტუაცია საკმაოდ რთულია, ერთი მხრივ, არის ხალხის მღელვარება, მოთხოვნა ცვლილებებისკენ და ლუკაშენკოს წასვლისკენ. მეორე მხრივ, არის რუსეთის პოზიცია, რომელიც არ დათმობს ბელარუსს, როგორც თავის "მოკავშირე“ ქვეყანას. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, ბელარუსი ხალხის პოზიცია, ლიდერები რომლებიც გამოიკვეთებიან, მათ შორის სვეტლანა ტიხანოსვკაია.მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დასავლეთის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში, იმისთვის რომ რუსეთი შეაკავოს ნებისმიერი სამხედრო თუ სხვა ტიპის ჩარევისგან ბელარუსიის შიდა საქმეებში“,-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ამასთან, როგორც ვანო მაჭავარიანი აცხადებს, ლუკაშენკო ყველა ფრონტის ხაზზე საკუთარ ხალხთან პოლიტიკურ ბრძოლას აგებს.

"მნიშვნელოვანია, იყოს ლიდერი, რომელიც რუსეთს არ მისცემს საბაბს სამხედრო ინტერვენციისას (პირდაპირისას თუ არაპირდაპირის) ან დივერსიისას რასაც ხშირად აკეთებს.სიტუაცია რთულია. მეორე მხრივ, არის ლუკაშენკო, რომელიც ვერ ხვდება, რომ მისი წასვლის დროა, მან დაკარგა თავის მომხრეებშიც სერიოზული მხარდაჭერა, როგორც ჩანს, მთავრობის წევრებში არიან ადამიანები, რომლებიც განიხილავენ იმ სცენარს, როდესაც ლუკაშენკო აღარ იქნება ბელარუსიის პრეზიდენტი. ალბათ, რუსებიც, ამ თვალსაზრისით ეძებენ იმ პიროვნებას, რომელიც მისაღები იქნება გარკვეულწილად, როგორც მათთვის ასევე სახალხო მღელვარების დასაშოშმინებლად“, -განაცხად მაჭავარიანმა.

ვანო მაჭავარიანის თქმით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენები, როგორც ქართული ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

"ბელარუსში მიმდინარე მოვლენებისას მნიშვნელოვანია პრეცედენტი, რუსეთის ქმედება, დასავლეთის რეაქცია, იმ შემთხვევაში, როდესაც აღიარეს, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. მნიშვნელოვანია, რა სანქციები შესაძლოა იყოს გამოყენებული ერთპიროვნული მმართველის, ერთპარტიული მმართველობის, სახელმწიფო ლიდერების წინააღმდეგ, როდესაც საკუთარი ხალხის ნებას არ დაჰყვნენ. ბელარუსში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანი გზავნილია ოპოზიციისთვის, თუ აპირებენ, რაიმე ფორმით საქართველოში ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობის დამარცხებას, უნდა ჩამოყალიბდნენ ერთიან ლიდერებზე, ხედვაზე, რას სთავაზობენ ხალხს, მხარდაჭერის შემთხვევაში.

ამ თვალსაზრისით, საინტერესო იქნება, რა გაკვეთილს გამოიტანს ქართული ოპოზიცია.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მმართველი გუნდიც და ოპოზიცია ჩამოყალიბდეს, რა უნდა მოხდეს 2020 წლის არჩევნების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოსახლეობა მასობრივად არ დაუჭერს მხარს "ქართულ ოცნებას“. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეაქციაც“, -განცხადა ვანო მაჭავარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"