"რევერანსების დრო დასრულდა, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები" - კვირის პალიტრა

"რევერანსების დრო დასრულდა, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები"

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად პროკურატურაში გენერალურ პროკურორთან შესახვედრად მივიდნენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი სატელიტურ სურათებს, ასევე ექსპერტიზის საბოლოო და შუალედური დასკვნის შედეგებს მოითხოვენ.

"FBI-სთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვიჩნდება და ამაზე პასუხს დღეს მივიღებთ. გამორიცხულია, მენახირეს არ ენახა ის 5 დღე, თუ იქ ავტომობილი იდგა. შესაბამისად, ეს ხელმეორედ უნდა გადამოწმდეს. სხვა მოთხოვნები გვექნება, რომ სატელიტური სურათები გამოვითხოვოთ. ექსპერტიზის საბოლოო და შუალედურ დასკვნებსაც მოვითხოვთ და მიზეზს, ამდენი ხანი რატომ არ არის ექსპერტიზის დასკვნა იმიტომ, რომ მარტო ტოქსიკოლოგიურ დასკვნას მაქსიმუმ 10 დღე დასჭირდება ,რა საჭიროა თითქმის 1 თვე ტოქსიკოლოგიური დასკვნის ლოდინი, ამაზეც პასუხს მოვითხოვთ“, - განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განმარტებით, დღეს მისი შვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე შესრულდა და დღევანდელ შეხვედრაზე ის მაქსიმალურად რადიკალური იქნება.

“დღეს შესრულდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე და რევერანსების დრო დასრულდა. აღარ ვაპირებ რევერანსებით ლაპარაკს, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ინტერპრესნიუსი"