"მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი ყველაზე რთულ ადგილას..." - კვირის პალიტრა

"მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი ყველაზე რთულ ადგილას..."

მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი ყველაზე რთულ ადგილას. ჩემთვის ასეა ცხოვრება - რაც მეტია სირთულე, მით უფრო საინტერესოა მათი გადალახვა,- ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტია "გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება მისთვის დიდი პატივი და გამოწვევაა.

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ ორ ოლქზე(დიდუბე-ჩუღურეთი და საბურთალო) დაგვესრულებინა საერთო შეთანხმება, რომ სახელისუფლებლო მედიას და პარტიას არ ჰქონოდა ის ქილიკი, რასაც ის ორი თვის განმავლობაში აგრძელებდა, რომ თითქოს ოპოზიციას არ შესწევს იმის ძალა და უნარი, სრულფასოვნად შეთანხმდეს თბილისის ოლქებზე. ეს შეთანხმება შედგა. ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და პატივი, რომ ოპოზიციური თანხმობით ვიქნები დასახელებული საბურთალოს ოლქში. სხვადასხვა შემოთავაზებები იყო ამ ორი თვის განმავლობაში და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი ყველაზე რთულ ადგილას. ჩემთვის ასეა ცხოვრება - რაც მეტია სირთულე, მით უფრო საინტერესოა მათი გადალახვა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

კითხვაზე, რა შეიცვალა ივნისის შემდეგ, როცა მან განაცხადა, რომ არ იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატი, ოქრუაშვილი ამბობს, რომ შეთავაზება თავად ოპიზიციის მხრიდან მიიღო.

"შეიცვალა ის, რომ ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, ეს იყო შემოთავაზება ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, ეს იყო ჩემი ერთგვარად წინა ხაზზე გაშვება ამ გაერთიანების მხრიდან და მე ამას სიამოვნებით დავთანხმდი, მაგრამ ვიდრე არსებობდა გარკვეული სახის პატარა პრობლემა, რომ შეიძლება ჩემი კანდიდატურა ხელისშემშლელი გამხდარიყო საერთო შეთანხმების მიღწევისთვის, მე ამ დროს გავერიდე პროცესს და ბუნებრივია, როცა მივიღე შეთავაზება, მხოლოდ მას შემდეგ დავთანხმდი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, "ლეიბორისტული პარტიის " ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება.

"ინტერპრესნიუსი"