"არ მინდა იშიმშილოს, ბავშვია და მისი შიმშილობა არ შეიძლება" - რას ამბობს შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა - კვირის პალიტრა

"არ მინდა იშიმშილოს, ბავშვია და მისი შიმშილობა არ შეიძლება" - რას ამბობს შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის ინფორმაციით, მისი შვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებს.

როგორც მან მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი პროტესტის ამ ფორმით მოითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორით დაკითხონ და ამგვარად დაამტკიცოს მისი სიმართლე.

"შევეცდები გადავაფიქრებინო, არ მინდა იშიმშილოს, ბავშვია და მისი შიმშილობა არ შეიძლება. მის ნაცვლად მე ვიშიმშილებ. ასევე მოთხოვნაა, რომ გადადგეს პროკურორი, რომელიც მონაწილეობა საქმის "შეკერვაში". მან ჩემს თვალწინ ჩაასწორა პოლიციაში ნათქვამი. ნახევარი საათი იჯდა და რაღაცას ასწორებდა, შემდეგ კი ბავშვს ხელი ისე მოაწერინა, რომ არც წააკითხა. ამ პროკურორს სახეზე ვიცნობ", - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

"ინტერპრესნიუსი"