"იმ პერიოდში გავთხოვდი და ჩემს ქმარს სპეციალურად ჩემ თვალწინ იჭერდნენ სრულიად უმიზეზოდ..." - კვირის პალიტრა

"იმ პერიოდში გავთხოვდი და ჩემს ქმარს სპეციალურად ჩემ თვალწინ იჭერდნენ სრულიად უმიზეზოდ..."

პროექტის "ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ისტორია:

"საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობა ავიღე, რადგან მამაჩემი პოლიტიკური დევნილი იყო (ავტ. გოგი ხოშტარია, საგარეო საქმეთა მინისტრი ზვიად გამსახურდიას მთავრობაში), ქვეყნიდან დედაჩემთან ერთად იყო გაქცეული და თბილისში ჩემს ძმასთან ერთად მარტო აღმოვჩნდი. მახსოვს, 10 დოლარს გვიგზავნიდნენ, რომელიც პროდუქტებზე 10 დღე უნდა გვყოფნოდა, "პურის შეჭამანდის" კეთება მაშინ ვისწავლე, რაც სინამდვილეში ხახვში შემწვარი პური იყო. 13 წლის ვიყავი, "დეზერტირების ბაზარში" რომ დავდიოდი, სადაც სიმინდის ფქვილს ვარჩევდი და იქიდან მოტანილ პროდუქტებს ვხუფავდი, ზამთარში საჭმელი რომ გვქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაჭირვება ყველას აქვს გავლილი, ჩემთვის პირველი დიდი გამოწვევა იყო, რომელსაც იმ ასაკში მარტო უნდა გავმკლავებოდი და ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ჩემი ბევრი მეგობარი მაშინ გერმანიაში მიდიოდა სასწავლებლად. მეც მინდოდა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება, მაგრამ იქ ცხოვრების ხარჯების დაფარვა ჩემი ოჯახისთვის შეუძლებელი იყო. ზუსტად ამ პერიოდში გავიგეთ, რომ მამაჩემს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, ე.წ. "სასწავლო კვოტა" ეკუთვნოდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში. მოკლედ, ერთი მხრივ, გაჭირვებისა და მეორე მხრივ, იმ იდეის გამო, რომ კარგია მტრის ბანაკის ახლოს გაცნობა, მოსკოვში წასვლა გადავწყვიტე. აქედან იწყება, ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი. მაგალითად, გეძახდნენ Лицо кавказской национальности, რაც ნიშნავდა, რომ მუდმივად პირდაპირი დევნის ობიექტი იყავი. იმ პერიოდში გავთხოვდი და ჩემს ქმარს სპეციალურად ჩემ თვალწინ იჭერდნენ სრულიად უმიზეზოდ. ერთი პერიოდი ფინანსურად ძალიან გამიჭირდა, ამიტომ სახლებს ვალაგებდი და ძაღლებს ვასეირნებდი. ეს სტრესი იყო, რადგან იმ ძაღლის მეშინოდა, სადაც სახლს ვალაგებდი და ამ ძაღლის პატრონიც ძალიან აგრესიული იყო ჩემ მიმართ. ერთ-ერთი მეზობელი კიდევ იმაზე მიჩიოდა, ქუსლებიანი ჩუსტები სპეციალურდ აცვია, ღამე რომ ვერ დავიძინოო. ქუსლები ცხოვრებაში არ მცმია და ჩუსტები რატომ მეცმებოდა, მაგრამ ესეც იმიტომ ხდებოდა, რომ ქართველი ვიყავი. ინსტიტუტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, იყვნენ გამონაკლისები, მაგრამ სწავლა დამცირებაზე იდგა. მუდმივად მიგითითებდნენ აქცენტზე, გაუნათლებლობაზე და ა.შ. ამ ყველაფრის გამო, მესამე კურსის ბოლოს ძალიან მძიმე დეპრესია მქონდა. საბოლოოდ, ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე, მაგრამ ემოციურად და ფსიქოლოგიურად მას მერე ასე აღარ გამჭირვებია.

2003 წლის გაზაფხულზე დავბრუნდი საქართველოში და 10-თვიანი სამსახურის ძებნის შემდეგ, მუშაობა შსს-ს რეფორმების სააგენტოში დავიწყე. ის განცდა არასოდეს დამავიწყდება, როცა პირველად შევედი შსს-ს შენობის გაუბედურებულ ლიფტში, რომელიც ჩემთვის ასოცირდებოდა საბჭოთა მოძალადე და სისხლიან სისტემასთან. მაშინ წარმოვიდგინე, რომ შევედი იმ გასაღებით, რომლითაც ეს ყველაფერი უნდა შემეცვალა. საპატრულო პოლიციის კონცეფცია მაშინ ჩამოყალიბდა, მაგრამ გირგვლიანის ამბის შემდეგ მივხვდი, რომ ბევრი რამ ვარდისფრად ჩანდა და პოლიციის ჯურღმულების ნაწილი ისევ დარჩა.

გია ბარამიძემ თავის გუნდში მიმიღო, ამიტომ, მასთან ერთად თავდაცვის სამინისტროში წავედი, სადაც NATO-სა და თავდაცვის რეფორმაზე ამერიკელებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა. ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა მახსოვს - ერთი ივანოვთან (ავტ. სერგეი ივანოვი - რუსეთის ფედერაციის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი), სადაც რუსი სამხედროები ყოველ წამს ჩვენს მოტყუებას ცდილობდნენ. ამიტომ, უზარმაზარი ქაღალდების გროვით ვიჯექი, ყველაფერზე რომ საბუთი დაგვედო წინ. ამ შეხვედრის შემდეგ, რამსფელდთან (ავტ. დონალდ რამსფელდი - აშშ-ის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი) წავედით, მაშინ პირველად შევხვდი მას და სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, საიდანაც მივედით - ვსვამდით ყავას, ვჭამდით ორცხობილებს და ჩვენ შორის სრული ურთიერთნდობა არსებობდა. მაშინ ძალიან თვალსაჩინო იყო განსხვავება ამ ორ სამყაროს შორის, რომელთაგან ერთი დახმარებას, მეორე კი მუდმივად მოტყუებასა და დამცირებას ცდილობს. 2012 წლამდე ვმუშაობდი ევროკავშირისა და NATO-ში ინტეგრაციის სამინისტროში, NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

ცხადია, ჩვენ ყველა, გარკვეული დოზით ვართ პასუხისმგებელი იმ ცუდზე, რაც წინა მთავრობის დროს ხდებოდა, მაგრამ მაინც არსებითად დიდი განსხვავებაა პარტიაში ყოფნასა და სახელმწიფო მოხელეობას შორის. ზოგადად, სიების ფორმირების პროცესი სრულიად არადემოკრატიულია ქართულ პარტიებში. პარტიულ სტრუქტურებში თავისუფალი კონკურენციის მექანიზმი არ არსებობს და "ზემოთ" რაღაც პრინციპით დგება ეს სიები. ასეთ გარემოში ქალები უფრო მეტად იჩაგრებიან და რთულია, პარტიის ლიდერებმა რეგიონში მომუშავე ქალები დაინახონ. სიმართლე რომ გითხრათ, მე არასოდეს მიმიღია მონაწილეობა სიების ფორმირების პროცესში. ცხადია, ჩვენ რეგიონში მომუშავე ქალებისგან განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ მაინც მუდმივი მობილიზება გჭირდება, რომ პარტიაში შენი ადგილი შეინარჩუნო.

ძალიან დიდხანს არ მქონდა გააზრებული ის პრობლემები, რაც ქალების პოლიტიკაში ყოფნას თან სდევს, მაგრამ მერობის კანდიდატობისას წავაწყდი დამოკიდებულებას, ქალს მეურნედ ვინ აირჩევსო, ანუ არსებობს სრულიად სტერეოტიპული წარმოდგენა, რომ მეურნე ძლიერი კაცი უნდა იყოს და მაშინ დავფიქრდი პირველად ამ განსხვავებებზე. ვაკვირდები, რომ კაცების შეკრებაზე სერიოზულად არ აღგიქვამენ და ქალის აზრი, თითქოს, სათვალავშიც არ არის. ზოგადად, კაცებს ახასიათებთ პარტიებში ყვირილით თათბირების ჩატარება. ერთმანეთს ყოველთვის კი არ ეჩხუბებიან, უბრალოდ, კომუნიკაციის ასეთი სტილია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე მიჭირდა ამ ყვირილში ჩართვა. მახსოვს, ჩემთვის ერთ-ერთმა საყვარელმა ადამიანმა ისიც კი მითხრა, შენც ისწავლე ყვირილი და კისრის ზემოდან იყვირეო. მე კიდევ არ შემიძლია კისრის ზემოდან წყენა, არც სიხარული და არც ბრაზი. ამიტომ, როცა ვყვირი, ძალიან ვბრაზდები და კონფლიქტი გამომდის. სხვათა შორის, ჩემს პარტიაში მქონდა ამაზე დისკუსია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მე მჭირდება მსჯელობა და არა ვინმეზე გამარჯვება, ან ხელის გადაწევით რამის გატანა. ამ ოთხ წელში ვისწავლე, რომ პარტია არის აუცილებელი, მაგრამ შემზღუდავი ჩარჩო და თუ მუდმივად არ ეცადე პარტიაში შენი თავისუფლება დაიცვა, არსებობს საფრთხე, რომ პარტიული რობოტი გახდე. ამ მხრივ, ძალიან მყარად დავდექი ფეხზე.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ გავიაზრე, რომ ეს არის სპეციფიკურად ქალის ჩაგვრა ბინძური ხერხებით. მიუხედავად იმისა, რომ ბესელია, იმ ეტაპზე, საკმაოდ მიუღებელი პოლიტიკოსი იყო ჩემთვის, ვთვლიდი, რომ ყველაფერი უნდა გადაგვედო და მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა მისთვის. ამ შემთხვევამ, ალბათ, ყველა ქალზე რაღაცა დაღი დატოვა. ამიტომ, ეკა ბესელიას მაგალითის კარგი ნაწილი ის იყო, რომ მან აჩვენა ქალებს გამბედაობა და ამით ბევრი ქალი გადაარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა მას, პოლიტიკურ სპექტრში სოლიდარობის აშკარა ნაკლებობა იყო. სამწუხაროდ, იმდენად არადემოკრატიულია პარტიული ცხოვრება, რომ, მაგალითად, "ქართულ ოცნებაში" ქალები დამოუკიდებლად ვერც მიიღებდნენ მხარდაჭერის გადაწყვეტილებას.

მომავალ პარლამენტში რამდენიმე თემაზე ვაპირებ მუშაობას. მთავარი პოლიტიკური საკითხია, გვქონდეს კოალიციური მთავრობა და დიდი გავლენის მოხდენა შეძლოს ცალკეულმა დეპუტატმა. გარდა ამისა, ზოგადად, ადამიანის უფლებებია ის, რაც პოლიტიკაში მამოძრავებს. ამიტომ, ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები, ქალთა მიმართ ძალადობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ა.შ. - არის ის პრობლემები, რაზეც გავაგრძელებ მუშაობას მომავალ პარლამენტში. თავს შევწირავ მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორებას, რადგან ეს მიბმულია ყველაფერზე - საგარეო პოლიტიკიდან დაწყებული, ეკონომიკით გაგრძელებული. მართლმსაჯულების სისტემების პოლიტიკური დამორჩილების პრაქტიკა თუ არ გაირღვა, სახელწიფოდ ვერ შევდგებით. გარდა ამისა, ვამუშავებ თბილისის დეცენტრალიზაციის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, თბილისი უნდა დაიყოს 10 არჩევით ოლქად და ეს სახელმწიფოს ზოგადი დეცენტრალიზაციის რეფორმის ნაწილი უნდა იყოს." (წყარო)

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და შიდა-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან