"არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება..." - რას წერს გიორგი შაქარაშვილის ბიძა სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება..." - რას წერს გიორგი შაქარაშვილის ბიძა სოციალურ ქსელში?

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, შაქარაშვილების ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატების მიერ მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

"დღემდე არც ერთხელ არ მიმიცია შეფასება დაცვის მხარის პოზიციებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები (რომელიც დღევანდელი ამპლუიდან გამომდინარე, არ მევალება).

თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს.

1. როგორც მე მივხვდი, გამოძიების მიერ მოწმე ი.ბრეგვაძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იგი მშენებარე შენობის აივნიდან ხედავდა, როგორც "ტოიოტა"-ს ადგილზე მისვლის, ასევე მასში მსხდომი პირების გამოდევნების გარკვეულ არეალს და არა სახეებს ან სხვა დეტალურ გარემოებებს (წინააღდეგ შემთხვევაში, უნდა ჩატარებულიყო სავალდებულო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაც).

რა დადასტურდა დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით? ნათლად გამოჩნდა და უპირობოდ დადასტურდა, რომ ი.ბრეგვაძეს შეეძლო უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა-ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა.

თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ.

2. არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება (ერთი-ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მეორე-გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმეტი), რომ ღამით არაგვის ფერდობზე ჩარბენა შესაძლებელია ყოველგვარი უმცირესი დაზიანებების გარეშე.

რა დადასტურდა დაცვის ექსპერიმენტით?

სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით.

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება უკვე დადგენილია!

P.S.

რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოდ გაოცებული კი გახლავარ(თ)...", - წერს მირიან ნიკოლაძე "ფეისბუკში". (წყარო)

იხილეთ ასევე: გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ღამის ინსცენირება არაგვის ხიდთან - იხილეთ ფოტოები ადგილიდან