"თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან ხელის დაფარება იწყება" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა?
მკვლელობაზე ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, უბრალოდ აქამდე ხელს აფარებდნენ, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან "ხელის დაფარება" იწყება.
,,იწყება ხელის დაფარება თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან. ასჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი ამას. უნდობლობა მქონდა ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ, ახლა ვენდობი ირაკლი შოთაძეს და ვნახოთ... ვითომ 4 დღე იყო მანქანა და ვერ ნახეს? ხედავთ რამდენი ხალხი დადის, გავჩერდეთ 2 საათი და ნახავთ რამდენი მანქანა გაივლის. ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, უბრალოდ აქამდე ხელს აფარებდნენ. აფციაურით დაწყებული ბაჭულაშვილით დამთავრებული, აქ დამთავრდა ყველაფერი, სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა," - აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერიმენტი განხორციელდება 24 საათის განმავლობაში, რომლითაც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე არსებულ კითხებს პასუხი გაეცემა.
"ინტერპრესნიუსი"