"შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს"
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან და ლ.შ.-სთან ერთად შიმშილობა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა ა.ქ-მ დაიწყო.
ადვოკატის თქმით, სასამართლოს არ აინტერესებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათ სასამართლო პროცესებს ყოველდღიურ რეჟიმში უნიშნავს.
"ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც გამოძიების პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის არსებითი განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში დანიშნოს. დღეს უკვე მესამე არასრულწლოვანი შეუერთდა შიმშილობას, ეს არის ა.ქ, მაგრამ სასამართლოს არ აინტერესებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივმართავ სახალხო დამცველს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც არის ამ საქმეში ჩართული - მიაქციეთ ყურადღება ამ მართლმსაჯულებას და სასამართლოს, საერთოდ არ ხდება არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინება”, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.
ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრს და სასჯელაღსრულების სამინისტროს თხოვნით მიმართა. მისი განცხადებით, არასრულწლოვნების მიერ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ, სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ საკნიდან ტელევიზორი წაართვეს და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებას არ აძლევენ.
"დღეს ზ.ხ.- მ განაცხადა, რომ როდესაც გამოაცხადა შიმშილობა მას კამერიდან წაართვეს ტელევიზორი დასჯის მიზნით. ანალოგიურად წაართვეს ტელევიზორი ლ.შ.-ს და დღეს ა.ქ.- ს, რომელმაც გამოაცხადა შიმშილობა. მივმართავ იუსტიციის მინისტრს და სასჯელაღსრულების სამინისტროს, მიაქციეთ ამ ბავშვებს ყურადღება, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ დასრულდეს რამე ცუდად. ეს ადამიანები ითხოვენ სიცრუის დეტექტორს და არ გააჩნიათ საშუალება კომუნიკაცია დაამყარონ ოჯახის წევრებთან, თუნდაც სატელეფონო. მონდომებული არიან მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარონ პროცესები და გამოიტანონ გამამტყუვნებელი განაჩენი, სხვა აქ არაფერი არ იკითხება,” - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
"ინტერპრესნიუსი"