"არაერთგზის ვაცნობეთ ჯანდაცვის სამინისტროს" - რატომ აჩერებს ინფექციური საავადმყოფო შიდსითა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას?
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრს ყველასათვის მოულოდნელ შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. ჟურნალისტის კითხვაზე აპირებდა თუ არა ინფექციური საავადმყოფო შიდსითა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარის თქმას, ეკატერინე ტიკარაძემ ასე უპასუხა :
"აივ-ინფექციის პროგრამიდან გასვლას წინასწარი წერილობითი მიმართვა სჭირდება, რაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს არ გაუკეთებია და საჭიროა დამატებით ინფორმაციას დაველოდოთ" - განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მძიმე პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა , რომ მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა შეიძინა, რომელიც 40 მილიონის ღირებულებისაა და სადაც ამჟამად რემონტის საკითხის მოგვარება მიმდინარეობს.
"როგორ პირობებში მუშაობს ინფექციური საავადმყოფო, ჯანდაცვის სამინისტროს ამაზე არაერთხელ, არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული და სწორედ აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მათთვის ჩვენ ახალი შენობა შევიძინეთ, რომელიც 40 მილიონის ღირებულებისაა და ასევე მსოფლიო ბანკის ფარგლებში გარკვეული ჯგუფი მუშაობს დეტალურად იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ახალ შენობაში დაიწყოს რემონტი, რათა მათ მიეცეთ იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო და ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ვზრუნავთ.
რაც შეეხება კოვიდპაციენტებს, არანაირი რისკი მათ არ შეეხებათ და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ მკურნალობას შესაბამის კლინიკებში. რაც შეეხება აივ-ინფექციის შემთვევას, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კლინიკა, რომელიც ტოვებს ამ პროგრამას, ვალდებულია სოციალურ სააგენტოს მიმართოს წერილობით, რომ ის ტოვებს პროგრამას 2 თვით ადრე, რაც თენგიზ ცერცვაძეს არ გაუკეთებია და აქედან გამომდინარე მე ჯერ დაველოდები დამატებით ინფორმაციას.
სხვა შემთხვევაში, თუ კლინიკა ტოვებს პროგრამას, მას კანონის ფარგლებში ერიცხება 10%-იანი ჯარიმა, წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში", - განაცხადა ტიკარაძემ.
თენგიზ ცერცვაძემ "პირველი არხისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში დაადასტურა, რომ საავადმყოფო მართლაც აჩერებს შიდსითა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას. გადაწვეტილება მან სამედიცინო დაწესებულებაში ელემენტარული პირობების არქონით ახსნა.
"დიახ, ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა "კოვიდ-19"-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა" – განუცხადა ცერცვაძემ "პირველ არხს". გაგრძელება