"აია სოფიასა და ახლა უკვე ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა" - რას ამბობს მსოფლიო პატრიარქი? - კვირის პალიტრა

"აია სოფიასა და ახლა უკვე ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა" - რას ამბობს მსოფლიო პატრიარქი?

ფაქტია, რომ აია სოფიას და ახლა უკვე ხორას მონასტრის მუსლიმურ მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საკვირაო ლიტურგიის შემდეგ განაცხადა.

„სტამბოლის ეს ორი უნიკალური ძეგლი აშენებულია როგორც ქრისტიანული ტაძრები, რომლებიც აჩვენებდნენ ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტ განხორციელებას, ქვეყნის მაცხოვრის სილამაზეს. ისინი გამოხატავენ ჩვენი რწმენის უნივერსალურ სულს, სიყვარულსა და მარადიულობის იმედს. მათი მოზაიკა და სხვა ფრესკები - სულისთვის სამოთხისეული საკვებია და დაუშრეტელი სიხარული“, - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.

მისი თქმით, ეს ძეგლები მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას განეკუთვნებიან.

„ჩვენ ვევედრებით სიყვარულის, სამართლიანობისა და მშვიდობის ღმერთს, რათა მან გაუნათოს პასუხისმგებელ ადამიანთა გონება და გული“, - აღნიშნა პატრიარქმა ბართლომეოსმა. ხორას ტაძარი ცნობისთვის, აია-სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს. საუბარია მაცხოვრის სახელობის ხორას მონასტერზე. "ეს კომნენოსების იმპერატორთა დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ბიზანტიური ძეგლია, რომელიც თავისი შედევრი ფრესკებით არის ცნობილი. ახლა კი ის მეჩეთად გადაკეთდება იმავე პროცედურებით, როგორც აია სოფიას შემთხვევაში.

ტაძარი გადაეცემა რელიგიის საქმეთა სამმართველოს და როგორც მოსალოდნელია, ბიზანტიური ფრესკები დაიფარება, რათა ეკლესია მეჩეთად გადაკეთდეს“ - ნათქვამია თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტაძარი სტამბოლში ფათიხის რაიონში მდებარეობს და ის მეექვსე საუკუნით არის დათარიღებული. კერძოდ კი 534 წელს ააგეს. მართლმადიდებლური ტაძარი 1511 წელს, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, მეჩეთად გადააკეტეს და აქ მეჩეთი 434 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. 1945 წელს ის მუზეუმად გადაკეთდა. ახლა კი, როგორც ჩანს, მას კვლავ მეჩეთის ფუნქციას დაუბრუნებენ.