რას დაადგენს ბაჩალიაშვილის საქმეში FBI
"FBI-ს აქვს თითის ანაბეჭდების უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში. კრიმინალისტიკური ლაბორატორია უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი, აქვთ ყველაფერი, რაც კი მსოფლიოში არსებობს, ისინი ამ საქმის პიონერები არიან და მათი შესაძლებლობები ამოუწურავია..."
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, სხვადასხვა ექსპერტიზაში FBI-ს ჩართვასა და ამ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვს. ამის მიზეზი უპასუხო კითხვებია.
გიორგი ღლონტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, კრიმინოლოგიის პროფესორი: - FBI და მისი კრიმინალისტიკური ლაბორატორია გასულ საუკუნეში შეიქმნა. ის ემსახურება აშშ-ს ფედერალურ დონეზე. ყველა სერიოზული კრიმინალისტური გამოძიების მასალები სწორედ აქ ხვდება. FBI-ს აქვს თითის ანაბეჭდების უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში. კრიმინალისტიკური ლაბორატორია უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი, აქვთ ყველაფერი, რაც კი მსოფლიოში არსებობს, ისინი ამ საქმის პიონერები არიან და მათი შესაძლებლობები ამოუწურავია.
ათი წლის წინ აშშ-ის მთავრობამ 5-მილიონიანი გრანტით საქართველოს კრიმინალისტიკური ცენტრები ძალიან კარგი აპარატურით აღჭურვა. ამის კურატორი იყო სწორედ FBI. დღეს საქართველოში ნებისმიერი დანაშაულის სერიოზული ანალიზია შესაძლებელი. თითის ანაბეჭდების, დნმ-ის, ოდოროლოგიური ექსპერტიზის (ანუ სუნის ექსპერტიზის), ფოტოგადაღების და სხვა კვლევების ჩატარება ჩვენთან მაღალ დონეზე შეიძლება. მართალია, რაღაცები არ გვაქვს, მაგალითად, ანალიზატორები, უფრო მგრძნობიარე ტექნიკა, რომელიც გამოიკვლევს შხამის ან სხვა სახის ზემოქმედებას (თუ გარდაცვლილს რაღაც ინიექცია გაუკეთეს, რასაც ბაჩალიაშვილის ჭირისუფლები ეჭვობენ), მაგრამ ამის გამოკვლევაში FBI-ს ხელს არაფერი უშლის, გარდა კოვიდისა, რადგან მიმოსვლა შეზღუდულია. შეიძლება დიპლომატიური გზებით მოახერხონ და აქ ჩამოიყვანონ ექსპერტები.
- FBI სხვა ქვეყნებში ყოველთვის არ ერთვება გამოძიებაში. როდის და ვისი მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება ეს მოხდეს? - FBI, ძირითადად, მაშინ ერთვება გამოძიებაში, როცა საქმე ამერიკის მოქალაქეებს ეხება, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ასეთი გამონაკლისი იყო ზურაბ ჟვანიას საქმე. ბიურო ასევე ჩაერთო თელასის მენეჯერის, ნიკა ლომინაძის საქმეში.
უცხო ქვეყნებში გამოძიებაში ჩართვა მათი კეთილი ნებაა და საქართველომ, როგორც პარტნიორმა ქვეყანამ, შეიძლება ეს ითხოვოს. როგორც ვიცი, ბაჩალიაშვილის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მისწერა Department of Justice-ს, ეს არის იუსტიციის მინისტრისა და გენპროკურორის გაერთიანებული თანამდებობა. ალბათ, ამერიკის საელჩომ იზრუნა, რომ ამ ინსტანციას გაეგო საქმის არსი. ალბათ, ისიც გაითვალისწინეს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციაა და საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება. ამიტომაც გადაწყდა, რომ სხვადასხვა ექსპერტიზაში FBI ჩაერთვება.
- და რა ფორმით? - ამის რამდენიმე გზა არსებობს. შეიძლება გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალა სპეციალურად დაცული კონტეინერით დიპლომატიური ფოსტით გაიგზავნოს. იქ ლაბორატორია გააკეთებს ანალიზს და დაასკვნის, რით, როდის და როგორ მოიწამლა გოგონა, გაარკვევენ, იყო თუ არა გამოყენებული ინიექცია. FBI-ს ყველანაირ ექსპერტიზაში შეუძლია ჩართვა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს იქნება ქიმიურ-ბიოლოგიური ექსპერტიზა და ისინი ეცდებიან დადგინონ გარდაცვალების მიზეზი.
რაც შეეხება გარდაცვლილის კომპიუტერს, გამოძიებამ მიმართა FBI-ს, რომელმაც გახსნა გოგონას წაშლილი ფაილები. როგორც გაირკვა, ის ხშირად შედიოდა საიტებზე, სადაც თვითმკვლელობის მეთოდებზე იყო ინფორმაცია. არა მგონია, რომ "ფეისბუკით" განიხილავდა ამ საკითხებს.
- როდის ამბობს FBI გამოძიებაში მონაწილეობაზე უარს? - FBI-ს ვერავინ ვერაფერს დაავალებს. საკითხი რომელიმე სახელმწიფო უწყების თხოვნის საფუძველზე თავდაპირველად საელჩოში განიხილება და მერე ამ პროცესს კოორდინაციას ასევე საელჩო უწევს.
ფედერალური ბიურო ჩაერთო ამერიკელი დიპლომატის, ფრედ ვუდროფისა და სმიტების საქმეში, თუმცა ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ისინი ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. თუ უცხოეთში მყოფი ამერიკელი ოფიციალური პირია, თავისთავად ერთვება გამოძიებაში, ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქეების საქმეში ოჯახის წევრის ან ადვოკატის თხოვნასაც ითვალისწინებს, მაგრამ თუ დანაშაული გახსნილია და პრობლემები არ არსებობს, FBI-ს ჩარევა საჭირო არ არის.