"ოპოზიციური პარტიები ტყუილად კარგავენ დროს მოსაკლავი დათვის ტყავის განაწილებაში" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციური პარტიები ტყუილად კარგავენ დროს მოსაკლავი დათვის ტყავის განაწილებაში"

"არ გამოვრიცხავ, რომ დახმარების პაკეტები კიდევ იყოს"

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გლობალური პანდემიისა და საარჩევნო რეფორმების ფონზე ახლოვდება, რაც, როგორც NDI-ში აცხადებენ, საარჩევნო კამპანიასა და პროცედურებზე, ასევე ამომრჩევლების ქცევასა და მომავალი პარლამენტის შემადგენლობაზეც მოახდენს გავლენას. NDI-ს პრეზიდენტის, დერეკ მიტჩელის განცხადებით, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს,"თუმცა შემდგომი რეფორმების გარეშე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობა კვლავ მცირდება. "მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ".

NDI-ს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ მთავრობას საგანგებო სიტუაციის შემოღება პარლამენტის გარეშე შეუძლია. მათ ეშინიათ, რომ შესაძლოა, ეს უფლებამოსილება არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ "კოვიდ-19"-თან დაკავშირებული ბუნდოვანი წესები და მომავალ კვირებში ვირუსის ხელახლა გავრცელების საშიშროება საარჩევნო პროცესსა და ამომრჩეველთა აქტივობაზე უარყოფითად იმოქმედებს. მხარეები თანხმდებოდნენ, რომ კანონების კეთილსინდისიერი აღსრულება ისევე მნიშვნელოვანი იქნებოდა, როგორც ნებისმიერი დამატებითი მარეგულირებელი ან საკანონმდებლო რეფორმა. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კახიანი გვესაუბრება.

- მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ განხორციელებულ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით NDI -ს კვლევაში ბევრი პოზიტიური ნიუანსია, თუმცა არის რეკომენდაციებიც. რაც შეეხება იმას, რომ მთავრობას საგანგებო სიტუაციის შემოღება პარლამენტის ნებართვის გარეშე შეუძლია, სწორედ ამის საშუალებით გვეძლევა შესაძლებლობა, ეფექტიანად ვმართოთ პანდემია. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ცოტა ხნის წინ სვანეთში სწორედ ამ უფლებამოსილების შედეგად შეაჩერა ვირუსის გავრცელების საფრთხე. გარწმუნებთ, ხელისუფლება ამ უფლებამოსილებას არც მომავალში გამოიყენებს ბოროტად. ვფიქრობ, საზოგადოება ვითარებას სწორად აფასებს. რაც შეეხება "კოვიდ-19"-თან დაკავშირებულ "ბუნდოვან წესებს" და ვირუსის ხელახლა გავრცელების შედეგად ამომრჩეველთა აქტივობაზე უარყოფით ზემოქმედებას - დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით არ არსებობს წინა პირობა, რომ არჩევნების ჩატარებას საფრთხე შეექმნას. საბედნიეროდ, დღეს პანდემია კონტროლს ექვემდებარება, რაც ხელისუფლების გატარებული ღონისძიებების შედეგია.

- პანდემიასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ბერკეტი - ინფექციური კლინიკა ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშეა. კოვიდის გავრცელების პირველივე დღეებიდან აშკარა გახდა, რომ ცენტრში არ იყო პაციენტების მიღებისა და მომსახურებისთვის ელემენტარული პირობები. ამის მიუხედავად, ვიდრე კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ოფიციალურად არ განაცხადა, რომ პაციენტებს ვეღარ მიიღებდა, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. - ახლა იმაზე საუბარს, აქამდე რატომ ვერ მოხერხდა პრობლემის მოგვარება, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. პრემიერმა განაცხადა, რომ ძალიან მალე ცენტრს ექნება ახალი შენობა. ხელისუფლება ეპიდემიოლოგებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

- ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლების გაცემული სოციალური დახმარებები საარჩევნო დღის წესრიგს ემთხვევა. თქვენ ამბობთ, როგორ შეიძლება არ დავეხმაროთ პანდემიისგან დაზარალებულ მოსახლეობასო, მაგრამ არ შეიძლებოდა, ზოგიერთი საკითხი, მაგალითად, სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობის სრულად დაფინანსება უფრო ადრე მოგვარებულიყო და საარჩევნო დღის წესრიგს არ დამთხვეოდა? - ასეთი საკითხები ერთ დღეში ვერ გვარდება. ამას სჭირდება მოკვლევა, შეფასება, სამუშაოების ჩატარება...

- სოციალური დახმარებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი, გარდა იმისა, რომ სოციალურ დახმარებას იღებს, არ იხდის საბანკო გადასახადს პანდემიის გამო დაწესებული შეღავათების წყალობით. როგორი იქნება ხალხის ყოფა, როდესაც დახმარებებითა და შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ და, როგორც პრემიერმა გაგვაფრთხილა, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შევალთ? - ჩვენ ვმოქმედებთ კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე. როდესაც დახმარების პირველი პაკეტი შევიმუშავეთ, ძალიან მალე დავინახეთ, რომ ეს არ იყო საკმარისი და ამას მოჰყვა დახმარების მეორე ეტაპი. კარგად გვესმის, რომ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები ასე სწრაფად ვერ მოგვარდება, მაგრამ მზად ვართ, ვიმოქმედოთ გამოწვევების შესაბამისად. არ გამოვრიცხავ, რომ დახმარების პაკეტები კიდევ იყოს, საჭიროების მიხედვით.

- თქვენი პოლიტიკური გუნდი შეძლებს მომავალი მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას? ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ერთმანეთის ხმების დაცვა ივალდებულეს. გარდა ამისა, აპირებენ, ხელი მოაწერონ დეკლარაციას, რომ მომავალ პარლამენტში არ შექმნიან კოალიციას "ქართულ ოცნებასთან"... - ოპოზიციური პარტიები მანდატებს ვერ ინაწილებენ, პრემიერობის კანდიდატებზე დაობენ... მათი ქმედებები არასერიოზულია. მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, მთავრობა დააკომპლექტონ, ამიტომ ტყუილად კარგავენ დროს მოსაკლავი დათვის ტყავის განაწილებაში.

ხათუნა ბახტურიძე