"ისანში განიხილება ჩემი და სამადაშვილის კანდიდატურაც" - კვირის პალიტრა

"ისანში განიხილება ჩემი და სამადაშვილის კანდიდატურაც"

"არ ვიტყვი, რატომ გავიდა გიორგი ვაშაძე ერთობიდან, არ მინდა პიროვნულ კინკლაობად იქცეს"

როგორ აფასებენ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს "ნაციონალები", განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, ისანში გიორგი ვაშაძეს კანდიდატი დაუყენონ. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გვესაუბრება.

- ოპოზიციურ სპექტრში ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით შეუთანხმებლობას სხვებივით დრამატულად არ ვუყურებ. ჩვენ ოპოზიციის ერთიან კანდიდატებს მხარს ვუჭერთ ვაკეში, ნაძალადევში, დიდებე-ჩუღურეთში და მთაწმინდაზე. რაც შეეხება ისანს, გიორგი იყო გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და უნდა ყოფილიყო ჩვენ მიერ დეკლარირებული ბლოკის - "ერთობის" წევრი, ამიტომ გიორგის გადაწყვეტილებამ, გასულიყო "ერთობიდან" ჩვენ შორის სერიოზული ვაკუუმი გააჩინა. ახლა მთავარია პროპორციულ ნაწილში ხმების მობილიზაცია, რომ პირველივე ტურში დავამთავროთ ივანიშვილის მმართველობა. თუ პირველ ტურში პროპორციულ სიას სერიოზული ანგარიშით მოვიგებთ, შესაძლოა, მეორე ტურში "ოცნება" აღარც იყოს. შესაბამისად,

ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, ისანში, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან დიდი ოლქია, ხმების მობილიზაცია მოვახერხოთ. "ნაციონალები", როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტია, ვცდილობთ მოვიფიქროთ, როგორ მოვიზიდოთ ხმების მაქსიმალური რაოდენობა.

- ე.ი. თქვენ დაარღვევთ ოპოზიციის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებულ შეთანხმებას? - არ მესმის, რატომ ლაპარაკობენ შეთანხმების დარღვევაზე, როდესაც "ნაციონალები" ვცდილობთ, გიორგის მიერ შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალი ვიპოვოთ. რატომ არაფერს ამბობენ იმაზე, რომ "სტრატეგია აღმაშენებელს" თბილისში ორი კანდიდატი ჰყავს, ეს ხომ არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი? გიორგი ვაშაძის არგუმენტი, რომ მის პარტნიორს კოორდინირებული ოპოზიცია მხარს არ უჭერს, სუსტია. ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩეველი ამ სვლებმა ძალიან დააბნია. არ ვისაუბრებ იმაზე, რატომ გავიდა გიორგი ოპოზიციური ერთობიდან - არ მინდა პიროვნულ კინკლაობად იქცეს, მოკლედ ვიტყვი: ჩვენი მოსაზრებები არ დაემთხვა ერთმანეთს.

- რატომ იყო მიუღებელი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად?

- ყველას აქვს ამბიცია, მაგრამ ეს მაინც ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს, ამომრჩევლის პატივისცემას კი იმსახურებენ პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო მოკრძალებულად და თავმდაბლურად იქცევიან.

- გასაგებია, რომ ჯერ არ შეთანხმებულხართ, ვინ იქნება თქვენი კანდიდატი ისანში, მაგრამ რა ვერსიები განიხილება? - რამდენიმე კანდიდატზე ვფიქრობთ, მათ შორის განიხილება ჩემი და სალომე სამადაშვილის კანდიდატურა. ვნახოთ, როგორ დალაგდება კონფიგურაცია...

- თქვენთვის მისაღები იყო საერთო კანდიდატებად საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში - ირაკლი ოქრუაშვილის, დიდუბე-ჩუღურეთში კი - ზურაბ ჯაფარიძის დასახელება? - კარგი იქნებოდა, საბურთალოზე ოპოზიციას ისეთი კანდიდატი დაესახელებინა, რომელიც მაქსიმალურად შეძლებდა ხმების მობილიზებას. ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიგვიღია. გადავწყვიტეთ, რომ საბურთალოზე კანდიდატი არ გვეყოლება, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძეს დავუჭერთ მხარს.

- რაც შეეხება "ნაციონალების" ინიციატივას, ოპოზიციურმა სპექტრმა ხელი მოაწეროს დეკლარაციას, რომ მომავალ პარლამენტში არ შექმნიან კოალიციას "ოცნებასთან"... - ამ მხრივ სრული კონსენსუსია. სექტემბრის დასაწყისში დეკლარაციას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მოაწერს ხელს.

- თუმცა, პოლიტიკური ძალები, რომლებიც მზად არიან, ამ დეკლარაციას ხელი მოაწერონ, ამბობენ, რომ კოალიციის შესაქმნელად არც "ნაციონალებს" დაუჭერენ მხარს. - ეს არარაციონალური გათვლაა. მოუწევთ, კოალიცია შექმნან ან "ქართულ ოცნებასთან", ან "ნაციონალურ მოძრაობასთან". სხვაგვარად რა უნდა ქნან, ქვეყანას კრიზისისთვის გასწირავენ?! ახლა ცხელ გულზე ლაპარაკობენ. მალე ყველაფერი დალაგდება და ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის, ყველა მიხვდება, რომ პარლამენტში აუცილებელია პროდასავლური კოალიცია. ჩვენ მოვდივართ გასამარჯვებლად, გვინდა მაქსიმალური ხმები და ამასთან შეგუება ყველას მოუწევს. ისე კი, 1%-იანი პარტია რომ ამბობს, არც "ოცნებას" შევაქმნევინებ მთავრობას, არც "ნაცმოძრაობას" და 50%-ს მე მოვიპოვებო, ეს არასერიოზულია.

- სააკაშვილთან დაკავშირებით რა გადაწყვიტეთ, ფორმალური კანდიდატი გეყოლებათ მისი სახით?..

- სექტემბრის დასაწყისში წარმოვადგენთ პროგრამას და ჩრდილოვან კაბინეტსაც.

ხათუნა ბახტურიძე