რატომ დატოვეს "თავისუფალი დემოკრატები" ლიდერებმა
პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ლიდერებმა უკვე მეორედ დატოვეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ტურში მიღებული 4.62%-ის შემდეგ პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია მეორე ტურის დასრულებასაც არ დაელოდა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა. მანამდე ნახევარი საათით ადრე პარტია დატოვა გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა. პარტიიდან წავიდნენ გია ცაგარეიშვილი, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, თეა წულუკიანი...
"თავისუფალი დემოკრატები" ამჯერად დატოვეს შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ, რამდენიმე კვირით ადრე კი - ლევან სამუშიამ. შალვა შავგულიძემ, რომელიც ამჟამად მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია. ლიდერებს შორის დაპირისპირების მიზეზებზე პარტიის გენერალური მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ კეკენაძე და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გვესაუბრებიან.
"ბატონმა შალვამ ძალიან ცუდი ეპითეტებით შეგვამკო"
თამარ კეკენაძე: - ძალიან სამწუხაროა, რომ საარჩევნო საკითხებზე მსჯელობის ნაცვლად შიდაპარტიულ, კულუარულ დაპირისპირებაზე გვიწევს საუბარი, მაგრამ რა გაეწყობა - ბატონმა შალვამ თავად გამოიტანა ყველაფერი სააშკარაოზე და მეც ვალდებული ვარ, შეკითხვებს ვუპასუხო. "თავისუფალ დემოკრატებშიც" აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის იმაზეც, რა სტრატეგია უნდა ჰქონოდა პარტიას, რომელმაც 2016 წელს ვერ შეძლო საპარლამენტო ბარიერის გადალახვა. ჩემი და უმრავლესობის მოსაზრება იყო, "თავისუფალ დემოკრატებს" ეს ოთხი წელი გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ აღგვედგინა ამომრჩევლის ნდობა და მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა, რას შევთავაზებდით მათ 2024 წლისთვის. შალვა შავგულიძე და მისი თანამოაზრეები ფიქრობდნენ, რომ ამის მიღწევა რთული იქნებოდა და სხვადასხვა კოალიციაში შესვლა ერჩივნათ. ეს იყო ძირითადი პრობლემა, რაც იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას. ძალიან საწყენია, რომ ბატონი შალვა აზრთა სხვადასხვაობას ეძახის არაჯანსაღ გარემოს. სამწუხაროდ, მივედით იქამდე, რომ მათ პოლიტიკური საქმიანობის გასაგრძელებლად სხვა გზა აირჩიეს, თუმცა ესეც ნორმალური პროცესია და ჩემს კოლეგებს წარმატებას ვუსურვებ.
- შავგულიძე ამბობს, რომ გაუხარდება, თუ უახლოეს მომავალში "თავისუფალ დემოკრატებს" "ქართული ოცნების" ორბიტაზე არ ნახავს. რის საფუძველზე განაცხადა მან ეს? - არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდი ეპითეტებით კი შეგვამკო. ჩვენ ვართ პროდასავლური ძალა და ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან, რათა არჩევნებით შევცვალოთ ივანიშვილის ,,ოცნება", ქვეყანას კი ევროპული მომავლის შანსი დავუბრუნოთ. ჩვენთვის ამ ბრძოლაში მთავარი წითელი ხაზი სწორედ რუსეთზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, შევეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ "ოცნების" დამარცხებაში და დეკლარაცია იქნება თუ სხვა დოკუმენტი "ოცნების" წინააღმდეგ, მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ.
- რა რესურსი აქვს ლიდერების გარეშე დარჩენილ პარტიას, რომ დამოუკიდებლად, კოალიციის გარეშე ჩაერთოს წინასაარჩევნო ბრძოლაში? - ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენი პარტიის წევრები მუდმივი ცვლილებებისა და ქარიშხლების მიუხედავად პარტიაში რჩებიან და ცდილობენ, იბრძოლონ. ამჯერად ვაპირებთ, ბრძოლა ახალი ადამიანების შემოკრებით გავაგრძელოთ.
- ვინ იქნებიან ისინი? - ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ და საქართველოს მომავალს დასავლურ სივრცეში ხედავს.
"კეკენაძე ტყუის!"
შალვა შავგულიძე: - განვლილი ოთხი წლის მანძილზე გამგეობის წევრთა ნაწილს, რომელიც საბოლოოდ გამგეობის შემადგენლობის ოთხწევრიან უმრავლესობად ჩამოყალიბდა, პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებზე არასდროს გამოუხატავთ თავიანთი პოზიცია. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გამგეობის ყველა წევრი მხარს ვუჭერდით "ევროპულ საქართველოსთან" საარჩევნო ბლოკის შექმნას და არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას; შეთანხმებული ვიყავით სიასთან დაკავშირებითაც, ერთი თვის წინ კი სრულიად მოულოდნელად გამგეობის უმრავლესობამ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა.
- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ სიის მეორე ნომრად ნინო გოგუაძის ნაცვლად თამარ კეკენაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ვახტანგ მჭედლიძის ჩასმას ითხოვდა, კეკენაძე კი ამბობს, რომ ეს ტყუილია და გამგეობის წევრები ითხოვდნენ, ყველა მათგანი დასახელებულიყო მაჟორიტარად, შემდეგ კი ყველაზე მეტი ხმის პატრონი გასულიყო მეორე ნომრად... კეკენაძე იმასაც ამბობს, რომ "ევროპულ საქართველოსთან" ბლოკის შექმნის პრობლემაც არ ჰქონიათ. - კეკენაძე ტყუის. თავდაპირველად, მართლაც ვიყავით შეთანხმებული შიდა კონკურსზე, მაგრამ ერთი თვის წინ მათ თქვეს, რომ აღარ იყო საჭირო შეჯიბრებითობის პრინციპი და მეორე ნომრად უნდა დასახელებულიყო ვახტანგ მჭედლიძე. ამან გამოიწვია უთანხმოება. მე ძალიან მაინტერესებს, რის საფუძველზე ამბობს ვახტანგ მჭედლიძეზე, რომ თურმე "თავისუფალი დემოკრატები" მისი მეშვეობით არსებობდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რაც გამგეობის წევრად აირჩიეს, ანუ 2017 წლიდან, მჭედლიძეს პარტიასთან სატელეფონო ურთიერთობაც კი არ ჰქონია. მხოლოდ 2020 წელს გამოჩნდა. რაც შეეხება "ევროპულ საქართველოსთან" ბლოკის შექმნას, ამ თემასთან დაკავშირებით ერთი წლის წინ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა. კეკენაძე და ემზარ კაკულია თავს იკავებდნენ, მაგრამ ბოლო დროს, სხვათა შორის, ვახტანგ მჭედლიძის გამოჩენის შემდეგ, ეს საკითხი აღარ ყოფილა დავისა და განსჯის საგანი. ერთი თვის წინ კი მათ დაარღვიეს შეთანხმება. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წინასაარჩევნოდ შიდა ფრონტის გახსნა მართებული არ იქნებოდა და წამოვედით.
- რის საფუძველზე ამბობთ, რომ გაგიხარდებათ, თუ "თავისუფალი დემოკრატები" "ქართული ოცნების" ორბიტაზე არ აღმოჩნდებიან? - 2014 წელს "ოცნებამ" პირველად განახორციელა შეტევა "თავისუფალ დემოკრატებზე", რის შედეგადაც პარტია დატოვეს თეა წულუკიანმა, ლევან იზორიამ, გედი ფოფხაძემ და დარჩნენ "ოცნებაში". მეორე დარტყმა მმართველმა გუნდმა "თავისუფალ დემოკრატებს" მიაყენა 2016 წლის არჩევნების შემდეგ და პარტია დატოვეს ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, გია ცაგარეიშვილმა, დავით ზალკალიანმა და ისინიც გადაბარგდნენ "ოცნებაში". ორჯერ შეძლო "ოცნებამ" "თავისუფალი დემოკრატების" რიგების შერყევა და ლიდერების გადაბირება. ახლაც ცუდი სიმპტომები ვიგრძენით - ერთი თვის წინ გამგეობის ოთხმა წევრმა აბსურდული და უსამართლო მოთხოვნები წამოგვიყენა.
ხათუნა ბახტურიძე