"ქართული სიმინდი ვერც ერთმა სხვა ჯიშმა ვერ ჩაანაცვლა"
"სიმინდს საოცარი თვისება აქვს - გვალვისას რომ ნახოთ, შეშფოთდებით, მთელ ყანას ფოთლები ახვეული და მიმჭკნარი აქვს, სინამდვილეში კი სიცხეში ფოთლებს იმიტომ იხვევს, რომ თავი დაიცვას ტენის აორთქლებისგან. საღამოს ისევ ჩვეულებრივად იწყებს შრიალს"
მართალია, სიმინდი ჩვენთვის ხორბალივით უძველესი კულტურა არ არის, მაგრამ იმდენად კარგად მოერგო ჩვენს გარემოს, იმდენი ადგილობრივი ჯიში გამოიყვანეს და ქვეყანაც იმდენჯერ გადაარჩინა გაჭირვებისას, რომ შეუცვლელ კულტურად გადაიქცა. ქართველი გლეხის დამსახურებაა, რომ საუკეთესო სიმინდი გლეხური სელექციით გამოჰყავდა და მიუხედავად იმისა, ქვეყანაში არაერთი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი შემოვიდა, ტრადიციული ჯიშები მაინც ვერც ერთმა ვერ ჩაანაცვლა. ფერმერები პირუტყვის საკვებ სიმინდს იმ ფერმერებისგან ყიდულობენ, რომლებიც საქონლის საკვებად ჰიბრიდულ სიმინდს დიდ ფართობზე თესავენ. სიმინდი საქართველოს კუთხეების 70%-ში მცირე ფართობებზე მოდის. ჯამში 150 ათას ტონამდე მოდის ნაკლებად მოსავლიან წელიწადში, კარგი მოსავალი კი 200 და ზოგჯერ 250 ათას ტონასაც აჭარბებს. ქართული სიმინდის 30% იმერეთის წილად მოდის, მათ შორის, ზემო იმერეთის. წლეულს აქ სიმინდი დაუთესავი არ დარჩენილა.
სიმინდი საქართველოს კუთხეების 70%-ში მცირე ფართობებზე მოდის. ჯამში 150 ათას ტონამდე მოდის ნაკლებად მოსავლიან წელიწადში, კარგი მოსავალი კი 200 და ზოგჯერ 250 ათას ტონასაც აჭარბებს. ქართული სიმინდის 30% იმერეთის წილად მოდის, მათ შორის, ზემო იმერეთის. წლეულს აქ სიმინდი დაუთესავი არ დარჩენილა. კოვიდინფექციის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა ქართველ გლეხს რთული წლები გაახსენა და სიმინდიც მომეტებულად დათესა.
ჯალაურთელმა ოთარ აბუთიძემაც სიმინდი წლეულს 1 ჰექტრის ნაცვლად 1,5 ჰექტარზე მოიყვანა, თანაც საუკეთესო ხარისხის.
- ზემო იმერეთი დიდმოსავლიანი ნიადაგით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ საჩხერის მიწა სიმინდისთვის საუკეთესოა. ის ჩვენი გლეხის იმედია. წლეულს კოვიდინფექციამ ისე დაგვზაფრა, სიმინდი ყველამ მომეტებულად დავთესეთ. 1 ჰექტარს 25 კილოგრამი სიმინდი სჭირდება და როგორც ყველას, მეც საუკეთესო სიმინდი მქონდა შენახული დასათესად. თავიდან წელიწადი კარგად დაიწყო, მაგრამ მთელი ივნისი ისე გავიდა, ციდან წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა. იმერეთში სარწყავი სისტემა არა გვაქვს, მაგრამ სიმინდმა გაუძლო.
ამ კულტურას საოცარი თვისება აქვს - გვალვისას რომ ნახოთ, შეშფოთდებით, მთელ ყანას ფოთლები ახვეული და მიმჭკნარი აქვს, სინამდვილეში კი სიცხეში ფოთლებს იმიტომ იხვევს, რომ თავი დაიცვას ტენის აორთქლებისგან. საღამოს ისევ ჩვეულებრივად იწყებს შრიალს.
- ძალიან საინტერესოა, თუმცა დასანანი ის არის, იმერეთსა და სხვა კუთხეებშიც გლეხობა სიმინდის მოსაყვანად თანამედროვე ტექნიკას იშვითად მოიხმარს, ტექნიკით ხომ გაცილებით მეტს სიმინდს მოიყვანდით... - მართალს ამბობთ, მაგრამ საქმე ის არის, ჩვენ მსხვილი ფერმერებივით დიდი ფართობები არა გვაქვს და თოხითაც იოლად გავდივართ, თანაც სიმინდს გათოხნა მხოლოდ ორჯერ სჭირდება, მერე არაფერზე შეგაწუხებთ, დასახნავად კი მცირე ელექტროტრაქტორი ყველამ შევიძინეთ.
იმერული პატარა სიმინდის ყანების გათოხნას დიდი შრომა არ სჭირდება, ხელით შრომითაც ჰექტარზე 2,5-3 ტონა სიმინდი მაინც მოგვყავს, თანაც კარგი ხარისხის. ეს რაოდენობა საკმარისია, რომ შინ საქონელ-ფრინველი გამოკვებოს და მჭადიც მუდმივად ჰქონდეს, ისეთი მჭადი, რომელიც ვერც ერთი ჯიშის სიმინდმა ვერ ჩაანაცვლა.
- მეტი სიმინდი რომ მოგყავდეთ, გაიტანდით მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც ჩვენს სიმინდზე დიდი მოთხოვნილებაა. - ქართული სიმინდის უხვად მოყვანა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი იქნება მისი გასაყიდი ფასი ბაზარზე. თუ ჩვენში მეცხოველეობა და მეფრინველეობა კარგად განვითარდა, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ სიმინდის ყანებიც გამრავლდება. ხომ ხედავთ, რამდენი მიწაა უპატრონოდ მიტოვებული. რაც შეეხება გასაყიდ სიმინდს, დღეს სიმინდის რეალიზაციაზე დროს აღარ ვხარჯავთ - სოფლებში ბითუმად მოვაჭრეები მოდიან და ყიდულობენ. რამდენიმეს ჩვენი სიმინდი აზერბაიჯანშიც გააქვს.
- ბევრისგან გამიგია, რომ იმერეთში სიმინდის ყანაში სოიასაც თესავდნენ. - ქართული სოია უმაღლესი საკვები კულტურაა პირუტყვისთვის და იმედია, ისევ დაბრუნდება იმერეთის ყანებში. გურია-სამეგრელოში სიმინდის ყანაში დათესილი სოია ბოლო დროს ბევრგან ვნახე, ჩვენ კი სიმინდის ყანაში ლობიოს ან გოგრას ვთესავთ. სხვათა შორის, სიმინდის ყანაში საუკეთესო გოგრა მოდის. ეს მცენარეები ერთმანეთს კვებავენ.
- რით უნდა გავარჩიოთ კარგი ხარისხის, მაგალითად, აბაშის ან საჩხერის მჭადის ფქვილი ბაზარზე ნაკლები ხარისხის ფქვილისგან? - შეიძლება ფქვილის ხარისხმა და ფერმა "შესახედაობით" მოგატყუოთ, ამიტომ გასინჯეთ. ეს ნამდვილად არ მოგწამლავთ - სასიამოვნო, მოტკბო გემოთი მიხვდებით, რომელი მჭადის ფქვილი უნდა იყიდოთ.