"ეს ქალ­ბა­ტო­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­კი­თხია და იგი ვალ­დე­ბუ­ლია და­ა­სა­ხე­ლოს წყა­რო" - რას ამბობს ბაჩალიაშვილის დედის სკანდალურ განცხადებაზე ექსპერტი? - კვირის პალიტრა

"ეს ქალ­ბა­ტო­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­კი­თხია და იგი ვალ­დე­ბუ­ლია და­ა­სა­ხე­ლოს წყა­რო" - რას ამბობს ბაჩალიაშვილის დედის სკანდალურ განცხადებაზე ექსპერტი?

30 აგვისტოს მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა 10 სექტემბრიდან პერმანენტული აქციები დააანონსა, მანამდე კი გამოძიებას ვადა მისცა იმ პირების დასადგენად, ვინც 18 ივლისს გოგონა სახლიდან გაიტყუეს. ოჯახი პროკურატურისგან ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას და სატელიტური ფოტოების გასაჯაროვებას მოითხოვს.

გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის დედის - თეონა თამაზაშვილის მტკიცებით, თამუნამ შემთხვევით გახსნა იმ სამი მაღალჩინოსნის ფაილი, რომლებიც იარაღით ვაჭრობაში არიან ჩართულნი.

"დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება, იდგა თუ არა 4 დღის განმავლობაში თამუნას მანქანა იქ, სადაც იდგა. მეორე - ამ სატელიტური სურათების საფუძველზე მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და დასახელდეს მკვლელი, თუ - მკვლელები. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ მათ. პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე, აქამდე ვერ გაშიფრეს ეს რაღაც ციფრი - 15. აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ ფაილები, რომლებიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ზუსტადაც ამიტომ, იარაღის შესაძენად გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან. იარაღს, მოგეხსენებათ, დიდი თანხა სჭირდება და სუს-იც ზუსტად ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში”.

საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციული სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ემზარ საბანაძე ambebi.ge-სთან თეონა თამაზაშვილის ამ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს და შესაბამის უწყებას მისი სასწრაფოდ დაკითხვისკენ მოუწოდებს.

"ეს ქალბატონი აუცილებლად დასაკითხია და იგი ვალდებულია დაასახელოს წყარო. ეს მისი ვერსია კი არაა, როგორც მისმა ადვოკატმა ბრძანა, არამედ ის პირდაპირ ამბობს და ირწმუნება, რომ საუბარი იყო თანხის გადარიცხვებზე და სომხეთის მხარის მიერ იარაღის შეძენაზე. ბაჩალიაშვილი პროგრამისტი თუ იყო, მუშაობდა ორ კომპანიაში და ხომ გასარკვევია, რომელ ორგანიზაციაში მუშაობის დროს განახორციელა ეს ტრანზაქცია? გამოძიება ამ კომპანიებით უნდა დაინტერესდეს, ვინაიდან საქართველოში ასეთ კომპანიებს ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებენ ხოლმე.

ჩვენი ქვეყანა იქცა სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების საჯილდაო ქვეყნად. ყველაზე მთავარი, ეს პიროვნება პირდაპირ ითხოვს თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ამ საქმეში ჩაერიონ და მიიღონ ინფორმაციები. წარმოიდგინეთ, რომ ამ ქალბატონმა ჩვენ, ფაქტობრივად, ომში გვაქცია მხარედ, სომხეთის დამხმარედ. ეს უკვე ძალიან ცუდი რამეა, თან თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავი მოდის და დღის წესრიგში მისი გადახედვის საკითხი დგება. როგორც მე ვუყურებ, საქართველოში იმდენი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს და ერევა თუნდაც ამ საქმეში, ამ გოგონას გარდაცვალებაზე უკვე საუბარი აღარაა, ყველაფერი სხვა მიმართულებით და გლობალურ დანაშაულამდე და კონფლიქტამდე მიჰყავთ. ამ გოგონას იარაღის შეძენაზე გადარიცხვები თუ ჰქონდა გაკეთებული, ვიღაცამ თუ შეიძინა და მერე ის სომხეთში წავიდა იმისათვის, რომ აზერბაიჯანთან ეომა, გამოდის, მხარე ვართ. წარმოუდგენელია, ამ განცხადებაზე პიროვნებას არ იბარებენ და არ ჰკითხავენ." გაგრძელება