"არ გაცოცხლებო, ეუბნებოდა, ან ჩემთან იქნები, ან არავისთანო" - რას ჰყვება მეგობარი 23 წლის გოგონაზე, რომელსაც შეყვარებულმა ცეცხლი წაუკიდა
23 წლის გოგონას, სევა შალოიანს შეყვარებულმა 24 წლის შალვა გოგოლაძემ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. გოგოლაძე დაკავებულია და ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მომხდარის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" გოგონას მეგობარი ზანდა ხინგავა საუბრობს და იხსენებს, რომ გოგოლაძეს შეყვარებულზე ადრეც უძალადია.
- ერთხელ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სევაზე ფიზიკურად იძალადა - მხარზე შუშის ბოთლი გადაარტყა. საკუთარი ოჯახის წევრებთან იკამათა და გაბრაზებულმა სევას დაარტყა. ოჯახში რომ იჩხუბებდა, მერე ჯავრს სევაზე იყრიდა ხოლმე.
ეს ამბავი რომ მომიყვა, ვურჩიე, ჩამოშორებულიყო, მაგრამ სევას ეცოდებოდა. ამბობდა, ცოდოა, ოჯახის წევრებთან ასეთი დამოკიდებულება რომ აქვსო.
- რას ყვებოდა თავის ოჯახზე?
- დედასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მხოლოდ ეს მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. თან, როგორც ვიცი, დედამისს არ უნდოდა, რომ სევასთან ჰქონოდა ურთიერთობა და ამაზეც კამათობდნენ.
- სად ჩაარტყა ბოთლი, ქუჩაში?
- არა, თავისი ძმის ოჯახში წაიყვანა სტუმრად, სადაც მისი ძმის ცოლი დახვდათ. მხოლოდ გოგოები და შალვა იყვნენ. რაღაცაზე გაბრაზებულს კი სევასთვის მხარზე ბოთლი გადაურტყამს.
შეეძლო, ნებისმიერ სიტყვაზე წამოკიდებოდა, ძალიან მარტივად ფეთქდებოდა. მაშინ სევას ბეჭი დაუზიანდა. იმ დღეს ადგა და წამოვიდა. იქიდან არ უშვებდა, მაგრამ გამოარიდეს.
ასეთი ხასიათი რომ გამოავლინა, სევა ჩამოშორდა. დაახლოებით ორი თვე აღარ ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ ბოლოს ისევ გამოჩნდა, ურეკავდა, სწერდა, ბოდიშებს უხდიდა. ეხვეწებოდა შემხვდიო. სევაც შეცდა, დაიჯერა, რომ შეიცვლებოდა და შეხვდა.
- ეს იყო ის საბედისწერო შეხვედრა?
- არა. ამის მერე ისევ იკამათეს და უნდოდა, საბოლოოდ ჩამოშორება, მაგრამ ეს ბიჭი ემუქრებოდა, არ გაცოცხლებო, ეუბნებოდა, ან ჩემთან იქნები, ან არავისთანო. პათოლოგიური აზროვნების მქონე ადამიანის ტექსტებით სწერდა, ემუქრებოდა, სევა ამბობდა არაფრის გამკეთებელია, მხოლოდ ლაპარაკობსო, სერიოზულად არ აღიქვამდა.
ბოლოს ბიჭმა მისწერა, ცეცხლს წაგიკიდებ და გიყურებ, როგორ დაიწვებიო. სევამ მე მომწერა, ნახე, რას მწერს, როგორ მემუქრება, ახლა ჩემს სახლთან მოვიდაო. გაგრძელება