"როდესაც ამ ადამიანზე ვკითხე, მან მკვეთრად მომიჭირა ხელი ანუ დამეთანხმა" - რას ამბობს ცოტნე გამსახურდიას ცოლი გავრცელებულ ინფორმაციაზე? - კვირის პალიტრა

"როდესაც ამ ადამიანზე ვკითხე, მან მკვეთრად მომიჭირა ხელი ანუ დამეთანხმა" - რას ამბობს ცოტნე გამსახურდიას ცოლი გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამსახურდიამ მასზე თავდამსხმელის სახელი და გვარი ფურცელზე დაწერა, მომხდარის არასწორი ინტერპრეტაციაა.

ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდიამ ჟესტიკულაციით დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მას დანა დაარტყა.

"სინამდვილეში იყო შემდეგნაირად: რადგან მთავარი დამნაშავე ამტკიცებდა, რომ თითქოს ის საერთოდ არ ყოფილა იქ და მიუხედავად იმისა, რომ მას ცოტნეს სისხლი აღმოაჩნდა ტანსაცმელზე, ამ ფაქტზეც კი ამბობს, რომ წარმოდგენა არ მაქვს საიდან არის ეს სისხლიო, ამიტომ მე ცოტნეს სურათი ვაჩვენე ამ პიროვნების, სახელი და გვარი ვუთხარი და ვკითხე, იხმარა თუ არა მან დანა ამ ჩხუბში ცოტნეს წინააღმდეგ. მე და ცოტნეს გვაქვს არავერბალური კონტაქტი, რადგან ჯერჯერობით ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აქვს აბსოლუტურად ნათელი გონება, ჟესტიკულაციის დონეზე ვკონტაქტობთ და ხელის მოჭერით მაგრძნობინებს პასუხს. რაღაცას რომ ვეკითხები და თუ უნდა რომ თანხმობა გამოხატოს, ხელს მიჭერს. როდესაც ამ ადამიანზე ვკითხე, მან მკვეთრად მომიჭირა ხელი ანუ დამეთანხმა. ექსპერტიზა ცოტნეს არ ჩატარებია და ეს იურიდიულ მტკიცებულებად არ გამოდგება, მაგრამ ასეთი ეპიზოდი იყო, რაც სასამართლოს მოვახსენე. პირველად, 21 აგვისტოს ვერ ჩამრთეს სასამართლოზე ტექნიკური პრობლემების გამო, მაგრამ 26 აგვისტოს ჩამრთეს და ეს ყველაფერი მე იქ ვთქვი", - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ჯაბაურის განხცადებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უკეთესია.

"მისი მდგომარეობა ყოველდღე უმჯობესდება. აქვს აბსოლუტურად ნათელი გონება. ჯერ ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს, მაგრამ უკეთესად ამოძრავებს კიდურებს და ჟესტიკულაციის ენით ადეკვატურ პასუხებს მაძლევს. დაიწყო საჭმლის ჭამა ერთ თვეზე მეტია და მალე ისეთი პროცედურები ჩაუტარდება, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს მის ჯანმრთელობას", - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

"ინტერპრესნიუსი"