"მე რომ რუსეთში ვიყავი, ჩემი ცოლ-შვილი საქართველოში იყო. ოჯახს სულ მიწიოკებდნენ... მტერსაც არ ვუსურვებ იმ ყველაფრის გადატანას..." - კვირის პალიტრა

"მე რომ რუსეთში ვიყავი, ჩემი ცოლ-შვილი საქართველოში იყო. ოჯახს სულ მიწიოკებდნენ... მტერსაც არ ვუსურვებ იმ ყველაფრის გადატანას..."

რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ილია ძოწენიძემ სრულად შეცვალა ხელვაჩაურის სოფელ თხილნარში, ფუტკარაძეების ცხოვრება. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ სახელმწიფომ მათი სახლიდან 9 ბავშვი მინდობით აღზრდაში საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობის გამო გადაიყვანა. მას მერე მშობლები შვილების დაბრუნებას მთელი წელი უშედეგოდ ითხოვდნენ. ამ საქმეში უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩაერთო, ფაქტის გამო ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და ინფორმაცია სოციალური ქსელითაც გაასაჯაროვა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"არ მიყვარს ჩემი საქმეების აფიშირება. ყოველთვის ვცდილობ, სიკეთე ჩუმად ვაკეთო. ასე ვცხოვრობ, მაგრამ ეს ბოლო ფაქტი ბატონმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაასაჯაროვა, ჩემი ტელეფონის ნომერიც კი დადო სოციალურ ქსელში და მას მერე ბევრი ადამიანი მირეკავს, დახმარებას მთხოვს. ფუტკარაძეების ოჯახის ამბავმა გამაოგნა. 9 შვილი წაართვა სახელმწიფომ მშობლებს. არ ვიცი, ამის გაკეთება ვის მოუვიდა აზრად. ბევრი რთული დღე მაქვს გამოვლილი და ისეთი სიმწარე - ნანახი, არ შემეძლო გულგრილი ვყოფილიყავი ამ ოჯახის მიმართ..."

"იმდენი ადამიანი მირეკავს, იმდენი მთხოვს დახმარებას, ლამის გული ცუდად გამიხდეს. ნერვიულობით დიაბეტიც კი დამემართა. როცა საქმე ბავშვს ეხება, განზე გადგომა არ შემიძლია... 30-მდე გულის ოპერაცია მაქვს დაფინანსებული..."

"...ამათ ვუთხარი, დიდი დრო არ დასჭირდება, თქვენ საქართველოს დაშლით-მეთქი. ეს როგორც კი ვუთხარი, ვიღაცებმა უკნიდან ხელი მომკიდეს და წამათრიეს სადღაც. 4-5 საათის შემდეგ, უკვე საღამოს სახლში მიმიყვანეს, პასპორტი ამაღებინეს (იარაღი ჰქონდათ და მაიძულეს ასე მოქცევა), აეროპორტში წამიყვანეს, ჩამსვეს თვითმფრინავში და ქვეყანა დამატოვებინეს. იქვე განმიმარტეს, ხუთი წლით მიდიხარ, არავინ არაფერი უნდა გაიგოსო..."

"ომი რომ დაიწყო, ვერ მოვითმინე, 4 ვაგონი დავტვირთე აუცილებელი პროდუქტებით (კარტოფილი, კომბოსტო, ზეთი და ა.შ.) და შემოვიტანე საქართველოში. მინდოდა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, ადგილობრივი ხალხისთვის და ჯარისკაცებისთვის მიმეწოდებინა ეს დახმარება, ზუგდიდამდე ჩავიტანე, მაგრამ ზუგდიდში დამაკავეს. წამიყვანეს ტყეში..."

"მე რომ რუსეთში ვიყავი, ჩემი ცოლ-შვილი საქართველოში იყო. ოჯახს სულ მიწიოკებდნენ, ფულს გვძალავდნენ. საშინელი წლები გამოვიარე, ამის გახსენებაც არ მინდა, მტერსაც არ ვუსურვებ იმ ყველაფრის გადატანას..."

ბიზნესმენის ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 3 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა