"როგორც ჩანს, კორონავირუსთან ცხოვრება შემდეგი წელიწადი-წელიწადნახევარი მოგვიწევს" - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, კორონავირუსთან ცხოვრება შემდეგი წელიწადი-წელიწადნახევარი მოგვიწევს"

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წელიწადნახევარი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობის ძირითადი ამოცანა ახლა რისკების მართვაა.

"მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა - 38 შემთხვევა. დღეს გვაქვს 20 ახალი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, უაღრესად საყურადღებოა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გუშინ ქვეყანაში გაკეთდა 7186 ტესტი, რომელზეც დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება პასუხი, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს, როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წალიწადნახევარი. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის საქართველოც, ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რამეთუ ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დავიცვათ ჯანმრთელობა ჩვენი მოქალაქეების და რა თქმა უნდა, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა.

ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები და საქართველო დღეს აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ეპიდემიის რისკების მართვის, ისევე როგორც ეკონომიკური რისკების შემსუბუქების კუთხით", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორმა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციამ საქართველოს შეუნარჩუნა საინვესტიციო რეიტინგი, რაც მიღწევაა.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოქალაქეებთან ერთად იმისთვის, რომ ეს რეიტინგი დავიცვათ. ამისთვის გვჭირდება, რომ უაღრესად ყურადღებით მოვეკიდოთ იმ მოთხოვნებს, რომელიც ეპიდემიოლოგებს აქვთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ - ბათუმში, თბილისში თუ სხვაგან. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უნდა ვატაროთ პირბადეები არა ფორმალურად, არამედ ისე, როგორც ეპიდემიოლოგები და ექიმები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი მოქალაქეების, მოხუცების და ბავშვების ჯანმრთელობას...

ჩვენ ეკონომიკის გახსნის ძალიან ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით როგორც საერთაშორისო ფრენების, ასევე შიგა ტურიზმის განვითარების მიმართულებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი დაიწყება კლასებში და ბავშვები სრულად 15 სექტემბრიდან ივლიან სკოლაში. ეს კიდევ დამატებითი წნეხი იქნება მობილობის ზრდაზე, რაც კიდევ მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან.

ამიტომ შესაბამის სამინისტროებს - შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან კიდევ უფრო გაამკაცროთ კონტროლი იმ მოთხოვნების, რაც საკანონმდებლო დონეზეა დაწესებული. პირველ რიგში, ეს არის პირბადე დახურულ სივრცეში და სოციალური დისტანცია. ეს ყველაფერი საჭიროა ჩვენი მიღწევების შენარჩუნებისა და ქვეყნის წარმატებისთვის", - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო