"ასეთ ხალხს მინდა ვკითხო: ვინ ხართ, რომ გაუბედურებულ დედას ასე განიკითხავთ და მიწასთან ასწორებთ?" - კვირის პალიტრა

"ასეთ ხალხს მინდა ვკითხო: ვინ ხართ, რომ გაუბედურებულ დედას ასე განიკითხავთ და მიწასთან ასწორებთ?"

"ზოგჯერ მგონია, ურწმუნოების პიკში ვართ, რომ გაბოროტებული, დაბოღმილი ადამიანები მომრავლდნენ!"

ამბობენ, რომ მუსიკოსები სინამდვილეს უფრო მძაფრად აღიქვამენ, რომ მათ მიერ დაწერილი თითოეული ნოტი, თითოეული პწკარი, მათი ყოველდღიური ყოფის ანარეკლია. როგორ აფასებს ჩვენს სინამდვილეს პოპულარული მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი, თავად გვიამბობს:

- დღევანდელობაზე რა უნდა გითხრათ? - ზოგჯერ მგონია, ურწმუნოების პიკში ვართ, რომ გაბოროტებული, დაბოღმილი ადამიანები მომრავლდნენ! ჩვენს თაობას ძალიან ბევრი გაჭირვება გადაუტანია, 1990-იან წლებს მოვესწარით, მაგრამ ამდენი მკვლელობა, ამდენი სუიციდი, ამდენი ცუდი ამბავი მაშინაც არ ყოფილა.

ყველა უსიამოვნება ერთბაშად დაგვატყდა თავს და ყველამ თავისი სახე გამოაჩინა. სიკვდილი იმდენად გაახალგაზრდავდა, ასაკოვანი ადამიანის დაღუპვისას რეაქცია დაქვეითებული გვაქვს.

- ალბათ, თქვენც შეგძრათ 11 წლის თერჯოლელი ბიჭის ტრაგედიამ, თუმცა ყველაზე შემზარავი იმ ხალხის რეაქცია იყო, რომელიც დედამისს აკრიტიკებდა. - ყველაზე მეტად იმან შემზარა, რომ ადამიანებს სხვისი ლანძღვა, ჯვარზე გაკვრა და ხატზე გადაცემა ასე ეხერხებათ! ემიგრანტ ქალებს თავიანთი მძიმე ცხოვრებაც ეყოფათ. არავის ეხალისება შვილებს მოსწყდეს და ლუკმაპურისთვის სადღაც წავიდეს, გადაიკარგოს. არც ერთ ნორმალურ ადამიანს ეს არ უხარია.

დარწმუნებული ვარ, ვინც სხვას ასე დაუნდობლად კიცხავს, სწორედ მისი ცხოვრებაა ყველაზე მეტად აწეწილი და დანგრეული. ასეთ დეგრადირებულ ხალხს მინდა ვკითხო: ვინ ხართ, რომ გაუბედურებულ დედას ასე განიკითხავთ და მიწასთან ასწორებთ? როცა ხედავთ, რომ მის ცხოვრებაში ამხელა ტრაგედია დატრიალდა, რატომ განიკითხავთ? არა, ჭრილობებზე მარილი უნდა დააყარონ, იქნებ იმანაც თავი მოიკლას, რომ უფრო დიდხანს ისეირონ!

არ შეიძლება თითი გაიშვირო და ვინმეს უვარგისი დედა უწოდო, როცა მისი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი იცი. ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ საქართველო სეირის ქვეყანა გახდა: ვიღაცის ტრაგედიას გაიგებენ, 2-3 წუთს ვითომ იდარდებენ და მერე სეირს უყურებენ. ერთობიან, მაგრამ მუსიკით ან ცეკვით კი არა, სხვისი უბედურებით, სხვისი ცხოვრებით. უბრალო მაგალითს მოვიშველიებ: სტატია რომ დაიბეჭდება, მარტო მის სათაურს კითხულობენ და მაშინვე ლანძღვას იწყებენ. შეიძლება იქ სულ სხვა შინაარსია ჩადებული, მაგრამ ბოლომდე წაკითხვაც ეზარებათ. არ ვიცი, როდის ვიქეცით ასეთ დაუნდობელ და ზერელე ადამიანებად. მგონი, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როცა ემიგრანტებზე ვლაპარაკობთ.

- რატომ? - ემიგრანტებთან ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს. უკვე მეოთხე წელია, რაც ჩემი გასტროლების უმეტესობა მათ ეძღვნება. კარგად ვიცი, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ქართული მუსიკა, ჩვენებური სიმღერები ჰაერივით სჭირდებათ. კონცერტამდე და კონცერტის შემდგომაც ყოველთვის ვიკრიბებით, ვსაუბრობთ. ბოლო სამი წელია, კონცერტებს ჩემს შვილებთან ერთად ვმართავ და იცით, რა აღმოვაჩინე? - მოდიან ემიგრანტი ქალები და ჩემს ბიჭებს კოცნიან, გულში იხუტებენ, თანაც ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდით და ამბობენ, საქართველოში ამხელა შვილი მყავსო... მათი შვილები მათ გარეშე იზრდებიან, ამიტომ ხშირად ვამბობ: ემიგრანტის გამოგზავნილი არ იჭმება-მეთქი. ამდენს წვალობენ, შრომობენ და თანაც შვილების მონატრება ტანჯავთ!

- სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ცხარე დებატები მოჰყვა ყოვლად უწყინარ მოვლენას: ძალიან ბევრმა აბიტურიენტმა გამოცდები ჩააბარა და სტუდენტი გახდა. ბევრი წერდა, რომ უმაღლესში ჩაბარება ძალიან გაადვილდა და ა.შ... ეს რა მოვლენაა? - თითოეულმა ადამიანმა თავის სულში უნდა ჩაიხედოს და თქვას, რა მოვლენაა ეს?!

რა თქმა უნდა, ისევ შური და ბოღმა! რა მნიშვნელობა აქვს, ვიღაცის უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება გწყინს, ვიღაცის გაბედნიერება თუ სხვისი ცხოვრება? ან როგორ შეიძლება ვინმეს წარმატება და სიხარული არ გიხაროდეს?

ვინც მსგავს კომენტარებს წერდა, ალბათ, მის შვილს ან ახლობელს არ გაუმართლა. ეს იგივე მდგომარეობაა, ოღონდ წეღან უბედურებაზე ვსაუბრობდით, ახლა კი ბედნიერებაზე - ბავშვები სტუდენტები გახდნენ. ეს გაბოროტების უმაღლესი დონეა: შენ რომ დღეს კარტოფილი შეწვი, ვიღაცამ კი ხორცი, შენი ლუკმა ყელში არ უნდა გეჩხირებოდეს.

აბა, რა ვთქვა? - ეს ხალხი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს და თავისი ვერ მოუგვარებია.

როცა ადამიანი გაბოროტებული და გაღიზიანებულია, მარტო ტაძარში სიარული ვერ უშველის. შეიძლება ყოველდღე ეკლესიაში ვერ იარო, მაგრამ სულიერი სისუფთავე, უფლის რწმენა და ადამიანის სიყვარული შენს გულსა და გონებაში უნდა იყოს. სარწმუნოება ხომ უპირველესად თავმდაბლობა და მოყვასის სიყვარულია? როგორ შეიძლება სხვის ცხოვრებაში იქექებოდე, განიკითხავდე, მერე ტაძარში მიდიოდე და ღმერთს შენდობას სთხოვდე?

მათხოვარს ფულს რომ ჩაუდებ და იმ ფულსაც ანგარიშობ, რა აზრი აქვს ასეთ მოწყალებას?!

- თანამედროვე საქართველოში "ფეისბუკსა" და სოციალურ ქსელებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ. თქვენ რას იტყვით? - მეც ვაკვირდები და სურვილი მიჩნდება ზოგიერთს ვკითხო, ხომ არ შეიძლება ადამიანმა "ფეისბუკით" იცხოვროს?

უამრავი ადამიანი საბოლოოდ გადაბარგდა ვირტუალურ სამყაროში და დაავიწყდა, რომ რეალური ცხოვრებაც არსებობს. როცა მეგობრის დაბადების დღეა, მე შეიძლება ერთი ყვავილი ვუყიდო, მივიდე, მივულოცო და უკან გამოვბრუნდე, ახლა? - "ფეისბუკით" მიულოცავენ, ვირტუალურ თაიგულს გაუგზავნიან და ჰგონიათ, მართლა მიულოცეს.

ხალხი ფანტაზიაშია ჩაფლული და ცხოვრება ვირტუალურ სივრცეში დაიწყო. შეიძლება ასეთი ცხოვრება ამერიკელისა და ევროპელისთვის მისაღები იყოს, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის მიუღებელია. ქართველმა კაცმა მეგობრისა და მეზობლის სიყვარული იცოდა, სუფრის მადლს და სტუმარს სცემდა პატივს... ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი შესანიშნავი ტრადიციები იკარგება.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენს საქმიანობაზეც: თქვენი სიმღერები ყველამ ზეპირად იცის, ახლო მომავალში სიახლე ხომ არა გაქვთ? - როცა ირგვლივ ამდენი სიკვდილია, ვერ იმღერებ! როცა გაუბედურებულ ოჯახებსა და ტრაგედიაზე ლაპარაკობენ, შენ გამოხვიდე და გამოაცხადო, ახალ ალბომზე ვმუშაობო, არაადეკვატური საქციელი მგონია. ამიტომ ვერ გეტყვით, რომ ახალ სიმღერებზე აქტიურად ვმუშაობ და ალბომების ჩაწერაზე ვარ გადართული.

მუსიკის შექმნას სულ სხვა განწყობა და სხვა სტიმული სჭირდება. ამჟამად სასიმღერო განწყობა ჩვენთან არ არის. "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის" პრინციპით ყველა ვერ ცხოვრობს, ამ ცუდი ამბების გამო ფსიქიკა ყველას დაგვიზიანდა. მეც, როცა ჩემს ხალხს გაღიმებულსა და დამშვიდებულს დავინახავ, როცა ირგვლივ ამდენი სიკვდილი და გაჭირვება აღარ იქნება, ახალ სიმღერებზე მერე ვიფიქრებ.

- რას უსურვებთ ჩვენს ახალგაზრდებს - პირველკურსელებს, რომლებმაც სულ ახლახან ჩააბარეს გამოცდები და ცხოვრებას ახლა იწყებენ? - მე ძალიან მომწონს ჩვენი ბავშვები: სხვანაირად აზროვნებენ, ცხოვრების ინტერესი აქვთ, მიზანდასახული არიან, სწავლობენ, შრომობენ და ყველაფერს თავისით აღწევენ. ძალიან მინდა ეს საუკეთესო თაობა იყოს და იმაზე მეტს მიაღწიონ, ვიდრე ჩვენ მივაღწიეთ. ჩვენმა თაობამ ეს ქვეყანა როგორღაც აქამდე მოიტანა, რაც შეგვეძლო, მაქსიმუმი გავაკეთეთ, ახლა კი ჯერი მათზეა. აუცილებლად უნდა იყოჩაღონ, რადგან თითოეულ მათგანს წინ ყველაზე რთული გამოცდა ელოდება - გამოცდა, რომელსაც ცხოვრება ჰქვია.

ხათუნა ჩიგოგიძე