"ონკოლოგიას არა ვშველი, არაა!" - კვირის პალიტრა

"ონკოლოგიას არა ვშველი, არაა!"

"კვირის პალიტრაში"  21 თებერვალს დაბეჭდილ სტატიას - "ყველას ვეტყვი, რომ დომენტი გაგნიძე აფერისტია", დომენტი გაგნიძე  პრესკონფერენციით გამოეხმაურა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის" ოფისში დომენტი გაგნიძემ, მიუხედავად მისი თანმხლები პირების წინააღმდეგობისა (მათ არ სურდათ, ბატონ დომენტის უშუალოდ გაეცა პასუხი ჟურნალისტთა კითხვებზე), აღიარა, რომ ონკოლოგიურ დაავადებებს არ კურნავს, თუმცა მის ინტერნეტსაიტზე გარკვევით წერია, რომ "დომენტოლი" და "გაგენოლი" კურნავს I - II სტადიის ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსა და ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ "დომენტოლი" და "გაგენოლი" მხოლოდ იმუნომასტიმულირებელი პარასამკურნალო საშუალებებია, ამიტომაც ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ მხოლოდ მათი  გამოყენება და პაციენტისთვის სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების აკრძალვა კატეგორიულად დაუშვებელია.

დომენტი გაგნიძე: - "ჩემი წამალი იმუნიტეტს აძლიერებს.  ყველამ უნდა მიიღოთ, თქვენც, ჟურნალისტებმა, რომლებიც ცუდებს ლაპარაკობთ ჩემზე. მე აფერისტი არ ვარ, ამ ხალხისთვის მინდა ეს წამალი. ონკოლოგიას არა ვშველი, არაა! მე არ ვამტკიცებ, რომ სიმსივნეს ვკურნავ, არ ვამტკიცებ, რომ გაფანტულ სკლეროზს ვკურნავ. მე ვიცი, რომ ჩემი წამალი იმუნიტეტს აძლიერებს და იმუნიტეტი თუ დაგიქვეითდა, შენი დაავადებაც ეგ არის. ჩემს წამალს უკუჩვენებები არ გააჩნია. ამას დაგიმტკიცებთ, სადაც გინდათ".

მომდევნო კითხვაზე, თუ კიბოს არ კურნავთ, ონკოლოგიურ პაციენტებს რა მითითებით აძლევდით წამალსო, პრესკონფერენციის ორგანიზატორმა მიხეილ ადამაშვილმა  დომენტი გაგნიძეს საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა(?!)

მოგვიანებით კი მიხეილ ადამაშვილმა პირად საუბარში განაცხადა, რომ მარინა ურუშაძე-მიკუტაძე (ეს ის ქალბატონია, რომელიც ჩვენს გაზეთში ბრალს სდებდა დომენტი გაგნიძეს ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესებაში. - ავტ.) დომენტი გაგნიძესთან აღრიცხვაზე არ ყოფილა(?!), ეს ქალბატონი დღესაც ქიმიოთერაპიის კურსს გადის ერთ-ერთ ონკოლოგიურ კლინიკაში. პრესკონფერენციამდე ადამაშვილს შევთავაზე, კლინიკაში გაგნიძის ყოფილი პაციენტების სანახავად ერთად მივსულიყავით, რაზეც სასტიკი უარი მივიღე.

პრესკონფერენციაზე ატეხილმა აურზაურმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც დომენტი გაგნიძე სკამიდან წამოიჭრა, ჟურნალისტები გაგვლანძღა და ყვირილით, "ჩემი წამალი არ კლავსო", გარეთ გავარდა.

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ დომენტი გაგნიძის წამალი კლავს; მხოლოდ ვაქვეყნებთ კვალიფიციური პირების რჩევას და მისი ყოფილი პაციენტების საჩივრებს. არც იმას ვცდილობთ, ვინმეს გადარჩენის იმედი ჩავუკლათ, თუმცა, ვიდრე არატრადიციული მეთოდით მკურნალობას გადავწყვეტთ, სჯობს, კარგად დავფიქრდეთ.