რა ღონისძიებების გამართვა აიკრძალება 10 სექტემბრიდან? - ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებასთან დაკავშირებული სიტუაცია განიხილეს.
"სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე განცხადებით, თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა პირველ ნოემბრამდე გადაიდო.
ამას გარდა, ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. თუმცა შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.
"ვაცნობიერებთ იმას, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და რა თქმა უნდა, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ჩამოვთვალე. ვგულისხმობ შეზღუდვებს, რომელიც ეხება კულუტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომელზეც დავაწესეთ 200-კაციანი შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. უბრალოდ, გვსურს საარჩევნო სუბიექტებს მოვუწოდოთ, რომ გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს, როგორც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვას, ასევე ყველა იმ ადგილას, სადაც პირბადეების ტარება სავალდებულოა და მთავრობის დადგენილებით დაწესებული არის შესაბამისი მოთხოვნა, ეს წესები მაქსიმალურად დაიცვან".
15 სექტემბერს, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელს "თბილისობა" არ გაიმართება.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ღონისძიებები ლაივრეჟიმში ჩატარდება და მოსახლეობას ტელევიზორით შეეძლებათ ყურება.
იხილეთ ვიდეო