"ჩემი ე.წ. გათხოვების მსგავსად, ჩვენი ჯვრისწერა ექსპრომტად მოხდა"
მოდელი - მარია მამუჩაშვილი კარანტინის პერიოდში დაოჯახდა, ივლისში კი საყვარელ ადამიანზე ჯვარიც დაიწერა. უკვე პატარასაც ელოდებიან... მარიას მიაჩნია, რომ შვილის დაბადებამდე არავინ იცის, დედობა რას ნიშნავს და ადამიანები იტყუებიან, როცა მუცლად მყოფი შვილის შესახებ ამბობენ, - უკვე მიყვარსო...
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ჩემი ე.წ. გათხოვების მსგავსად, ჩვენი ჯვრისწერა ექსპრომტად მოხდა, რადგან პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ჯერ კიდევ მოქმედებდა, თუნდაც - რესტორნებში: სტუმრების განსაზღვრული რაოდენობა უნდა ყოფილიყო, საქორწინო კაბა არ უნდა მცმოდა და ა.შ..."
"შეგვეძლო, მაგიდასთან ექვს-ექვსი კაცი დაგესვა, მაგრამ საქორწინო კაბით რესტორანში არ უნდა შესულიყავი - უნდა გამოგეცვალა. რესტორნის წარმომადგენლებმა გაგვაფრთხილეს, რომ ასეთი რეგულაცია არსებობდა. ქორწილის გადახდა ხომ არ შეიძლებოდა? ამიტომ, კაბით რომ დაგინახონ, დაგვაჯარიმებენო..."
"ოჯახი ყველაზე წმინდა რამაა. ვეცდებით, ჩვენც ასეთი ოჯახი შევქმნათ - ჯერ 5 თვეა გასული, რაც შევუღლდით, ყველაფერი წინ არის. დეკემბერში პატარას ველოდებით. შესაბამისად, ცხოვრების სტილი, რომელიც გართობას უკავშირდებოდა, შეიცვალა - ბავშვს ვუფრთხილდებით..."
"მუცელში ბავშვი რომ მოძრაობს და მისი გულისცემის ხმას იგებ, ეს ძლიერი ემოციის მომგვრელია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაფერი დაბადების შემდეგ იწყება. მგონია, რომ იტყუებიან, როცა ბავშვის შესახებ მის დაბადებამდე ამბობენ, - ვგიჟდები, უკვე მიყვარსო (იცინის)..."
ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 10 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი