კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან 11 პირის ინფიცირების წყარო უცნობია - რას აცხადებს მარინა ეზუგბაია? - კვირის პალიტრა

კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან 11 პირის ინფიცირების წყარო უცნობია - რას აცხადებს მარინა ეზუგბაია?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევიდან 11-თან დაკავშირებით წყაროს დადგენის მიზნით კვლევა გრძელდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 152 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, 15 ქუთაისის სკოლას, 15 „ენგურჰესს“, 17 დაავადებულთან კონტაქტია, ხოლო 4 შემოტანილი შემთხვევაა.

"152 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, 2227 შემთხვევა გვაქვს. შემთხვევების განაწილება ასეთია: 90 არის აჭარა, 15 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 15 -"ენგურჰესის", 17 დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი, 4 შემოტანილი შემთხვევაა და 11-თან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 6 ადამიანი",-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა.

"ინტერპრესნიუსი"