"მესტიაში ასეთი სიცარიელე არასდროს ყოფილა"
მიუხედავად იმისა, რეგიონში კარანტინი იყო გამოცხადებული, უსაფრთხოების წესებს არავინ იცავს. არ მახსოვს, მაღაზიაში ან აფთიაქში ბოლოს როდის ვნახე ვინმე პირბადიანი. ვეუბნები, ეს ხომ ჩვენვე დაგვაზარალებს-მეთქი და, სიცილი დამაყარეს, ისიც სიაფანდობა იყო და ახლანდელიც მოგონილი თამაშიაო
"მესტიის ჩაკეტვამდე მართლაც ბევრი ტურისტი მოგვაწყდა. წლებია, სვანეთი ზამთარ-ზაფხულს ტურისტებს მასპინძლობს, მაგრამ ასეთი რამ არ გვახსოვს - იმდენი კლიენტი გვყავდა, საოჯახო თუ დიდი სასტუმროს მეპატრონეები ერთმანეთს ვურეკავდით, ადგილი ხომ არ გაქვსო. შემდეგ გამოცხადდა კარანტინი და ყველაფერი შეიცვალა. ის სასტუმროები, სადაც სახელმწიფომ კარანტინის ხალხი გადაანაწილა, ასე თუ ისე, გამოძვრნენ, სხვებს კი მუშტარი აღარ ჰყავდათ. კარანტინის შემდეგაც აქაურობა თითქმის ცარიელია", - ამბობს მესტიელი თენგიზი.
"შეთქმული დღეები"
სვანეთში ძველად სხვადასხვა დაავადებასა თუ სახადს ზებუნებრივი ძალებით ხსნიდნენ, ლოცულობდნენ და სამკურნალო რიტუალებს ატარებდნენ როგორც სამლოცველოში, ასევე, ცის ქვეშ, დიდ ხეებთან... ხეებს საკრალური დანიშნულება ჰქონდა, მათ "წმინდა ხეებს" უწოდებდნენ.
"არსებობდა სპეციალური, "შეთქმული დღეები", როცა დიდი ოჯახი ერთ ავადმყოფობას გამოილოცავდა. სალოცავად გვიან ღამით ან რიჟრაჟზე მიდიოდნენ, რომ სხვა არ შესწრებოდა. თან მიჰქონდათ სალოცავი პური, თაფლის სანთელი და ნატუსუნს აკმევდნენ - ანუ ნაკვერჩხალზე საკმეველს აყრიდნენ. გამონალოც პურს ტყეში, ცხოველისთვის ტოვებდნენ", - ამბობს მართა ნიგურიანი, რომელიც იმედს არ კარგავს, რომ სვანეთი ამ განსაცდელსაც გადაიტანს.
"აქ სიცოცხლე დუღდა"...
"ყველაფერი ძვირია: პროდუქტები, სუვენირები, მგზავრობაც... არადა, როგორ შეიძლება სვანეთში უგემრიელესი თაშმიჯაბი და კუბდარი არ გასინჯო, სვანური მარილი, სულგუნი და თაფლი არ იყიდო. ახალი წესია, სვანეთში მიკროავტობუსით ასულ ტურისტებს უშგულში "დელიკებით" ხვდებიან და ეუბნებიან, ჩვენ აგიყვანთ უშგულშიო. რაც მგზავრობის თანხებს კიდევ უფრო ზრდის. ჩვენს მიკროავტობუსსაც დახვდნენ და უშგულში არ აგვიშვეს. ვისაც კოშკებში ინფრასტრუქტურა აქვს მოწყობილი და ირგვლივაც კარგი ხედია, მომსახურებას ძვირად აფასებს, თუნდაც საშუალო დონის საოჯახო სასტუმრო ჰქონდეს. ამიტომ ითხოვდნენ კოშკების რეაბილიტაციაში დახმარებას, თუმცა ამას დიდი თანხა სჭირდება, მით უმეტეს, უმეტესობა დაშლილია და თითქმის თავიდან აშენება სჭირდება", - მიამბობს ტურისტი ლევან ჩხენკელი.
"სვანები ამბობენ, ყველაფერი გაძვირდა, პროდუქტის ამოტანასა და მომზადებას მუშახელი ხომ სჭირდებაო. ამას დაუმატეთ ტურისტების ნაკლებობა და ამიტომაც გაძვირდა მომსახურება", - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.
"აქაურობას ვერ ვცნობთ - თითქმის ათი წელია მესტიაში დავდივართ და ასეთი სიცარიელე არასდროს ყოფილა. აქაურობა სავსე იყო კარვებით და საძილე ტომრებით ჩამოსული ახალგაზრდებით, რომ არაფერი ვთქვათ, გადავსებულ სასტუმროებზე, ცხენზე ამხედრებულ გოგო-ბიჭებზე, რომლებიც საჯირითოდ ჩამოდიოდნენ. აქ სიცოცხლე დუღდა... მიუხედავად იმისა, რეგიონში კარანტინი იყო გამოცხადებული, უსაფრთხოების წესებს არავინ იცავს. არ მახსოვს, მაღაზიაში ან აფთიაქში ბოლოს როდის ვნახე ვინმე პირბადიანი. ვეუბნები, ეს ხომ ჩვენვე დაგვაზარალებს-მეთქი და, სიცილი დამაყარეს, ისიც სიაფანდობა იყო და ახლანდელიც მოგონილი თამაშიაო, - ამბობს დამსვენებელი ნანო ჭკადუა და სასტუმროს შიდა ფანჯარაში განაბულ ფისოებს უხმობს, - თუ არ დაუძახე, არ შეგაწუხებენ. ისეთი საცოდავი თვალებით გიყურებენ, რა გულმა უნდა გაგიძლოს, რომ არ მოეფერო და დააპურო? მასპინძლებს ვეუბნები, კატებიც როგორი დინჯები გყავთ სვანებს-მეთქი".
13 წლის ილიას ისევ ეძებენ
თბილისში მომავალმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს მოვკარი თვალი და მივხვდი, რომ 18 ივლისს დაკარგული ილია ფილფანის ძებნა ისევ გრძელდება - ბიჭი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ჩემმა მეგზურმა სვანებმა მითხრეს, მთამ იცის ადამიანის ჩაყლაპვა, წესად აქვს, ჩაიხვევს და სამუდამოდ გულში ჩაიხუტებს, თუმცა იმედს მაინც ვებღაუჭებითო...