ალბატროსის საიდუმლო - კვირის პალიტრა

ალბატროსის საიდუმლო

ალბატროსი ქარიშხალასნაირთა რიგის ოკეანის ფრინველებს შორის უდიდესი, კარგად ცნობილი და ლეგენდარული ფრინველია, რომელთანაც მრავალი მითია დაკავშირებული. ის გვხვდება მწერლებისა თუ პოეტების შემოქმედებაშიც, ხოლო ზოგ ადამიანს დღესაც მიაჩნია, რომ თავისუფლებასთან გაიგივებული ამ ფრინველისთვის ვნების მიყენება უბედურების მომასწავებელია...

დიდი სახეობის ალბატროსის წონა 8-9 კგ-ია, აქვს ე.წ. წვეროკაუჭიანი ნისკარტი, რომლის აქეთ-იქით გრძელი მილისებრი ნესტოებია. სხვა ფრინველებისგან შესანიშნავი ყნოსვით გამოირჩევა, რასაც საკვების მოსაძებნად იყენებს. 22 სახეობიდან ყველაზე დიდების - სამეფო ალბატროსისა და მოხეტიალე ალბატროსის ფრთების შლილი უდიდესია პლანეტის ცოცხალ ფრინველებს შორის და შეიძლება 3,7 მეტრსაც აღემატებოდეს. თავად ფრთა ვიწრო, გრძელი და მკვრივია, რაც შესანიშნავ აეროდინამიკურ თვისებებს ანიჭებს. სხეულის აგებულება და ფრენის თავისებურება ამ ფრინველს აძლევს საშუალებას, ათასობით კილომეტრი ისე იფრინოს, რომ მინიმალური ენერგია დახარჯოს. ალბატროსს ფრთების დაქნევის გარეშეც შეუძლია მრავალი კილომეტრის გავლა, რადგან ლივლივით ფარავს უზარმაზარ მანძილს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. როგორც ყველა ქარიშხალასნაირმა, ალბატროსმაც კარგად იცის, როგორ გამოიყენოს ოკეანის ქარები, მაგრამ საათობით ჰაერში ყოფნას მხოლოდ თავისი აგებულების წყალობით ახერხებს!

ალბატროსის ერთ-ერთი საიდუმლო ის არის, რომ ევოლუციის შედეგად განუვითარდა მხრის ძლიერი მყესი, რომელიც ფრთებს ბოლომდე გაშლის დროს ავტომატურად აფიქსირებს! სწორედ ასეთ მდგომარეობაში და ამასთან, მხოლოდ პირქარში აღწევს საჭირო სიმაღლეს, დაბლა დაშვებისას კი ლივლივებს უკვე ზურგქარში და შეუძლია დიდხანს იფრინოს ისე, რომ ფრთები ერთხელაც არ დაიქნიოს. ეს ფრინველი ისე კარგად არის ადაპტირებული ჰაერში ცხოვრებასთან, რომ ფრენისას გულისცემის სიჩქარე თითქმის ისეთივე აქვს, როგორიც მოსვენებისას. ენერგიას ხარჯავს მხოლოდ აფრენის, დაჯდომისა და ნადირობის დროს. ძლიერი მყესის წყალობით, ამხელა ფრთების ქნევისთვის კუნთებიც კი არა აქვს განვითარებული, ამიტომ დამოკიდებულია ქარსა და ტალღებზე. უქარო ამინდში საათობით ზის და ისვენებს წყლის ზედაპირზე (შეუძლია წყალზე დაიძინოს კიდეც), სანამ ქარის წამოქროლა აფრენის საშუალებას არ მისცემს. უქარო ამინდში ძალიან უჭირს ხმელეთიდან აფრენაც და იძულებული ხდება, გარბენით ან რამე სიმაღლიდან აიღოს სტარტი...

ალბატროსების უმეტესობა სამხრეთ ნახევარსფეროში ბინადრობს, ისეთ კუნძულებზე, სადაც არასდროს უცხოვრიათ ძუძუმწოვრებს და, რაც მთავარია, ეს ადგილები მუდმივი ქარიშხლების ზონაა...

სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, ალბატროსები, რომლებიც 60 წელს ცოცხლობენ, დიდ დროს უთმობენ შთამომავლობის აღზრდას. ფრინველი სქესობრივ სიმწიფეს ხუთი წლის ასაკში აღწევს, თუმცა კიდევ რამდენიმე წელს პარტნიორის პოვნას ანდომებს და სწორედ აქ იმალება ალბატროსის კიდევ ერთი, ნამდვილი "საიდუმლო" - ახალგაზრდა ალბატროსები წლების განმავლობაში ეარშიყებიან ყველა პოტენციურ პარტნიორს, რასაც სდევს ალერსი, საქორწინო რიტუალები და ცეკვები. მრავალი ცდისა და მარცხის შემდეგ ახალგაზრდა ალბატროსების გამოცდილება თანდათან იმატებს და ყოველ მომდევნო წელს პოტენციური პარტნიორების რაოდენობა იკლებს. და აი, დგება დღე, როცა რჩება მხოლოდ ის ერთი, ვისთანაც ალბატროსი "ოჯახს" სამუდამოდ შექმნის. ამის შემდეგ წყვილი ურთიერთობას აგრძელებს მხოლოდ "საკუთარ ენაზე", რომელიც სხვისთვის გაუგებარ და მხოლოდ მათთვის გასაგებ "სიყვარულის ენად" იქცევა. სწორედ ეს "სიყვარულის ენაა" ალბატროსის "ნამდვილი საიდუმლო". ამის შემდეგ წყვილი სამუდამოდ წყვეტს ცეკვებსა და საქორწინო რიტუალებს და საბუდარის ძებნაზე გადადის. ალბატროსი მცენარეების, ტორფის ან მიწისგან შექმნილ ბუდეში დებს მხოლოდ ერთ კვერცხს, რომელზეც წყვილი რიგრიგობით ზის 80 დღის (რაც ფრინველებში ყველაზე ხანგრძლივი დროა) განმავლობაში. გამოჩეკილ ბარტყსაც რიგრიგობით კვებავენ და ათბობენ. სამეფო ალბატროსის ნაშიერის მოვლა ყველაზე დიდხანს - 280 დღე გრძელდება. მშობლები მასზე ზრუნვას წყვეტენ პირველი გაფრენის შემდეგ...

P.S. ძველად მეზღვაურები არ ნადირობდნენ ალბატროსებზე. მათზე ნადირობდნენ მხოლოდ პოლინეზიელები და ალეუტის კუნძულების მცხოვრები ინდიელები, თუმცა შუა საუკუნეებში ევროპელ ქალებში პოპულარული გახდა ალბატროსის ბუმბულიანი ქუდები, რაც კინაღამ თეთრზურგა ალბატროსების გადაშენების მიზეზი გახდა. ამჟამად ალბატროსს კანონი იცავს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვნების მიყენება თავისუფლების მოყვარე ალბატროსისთვის, რომელიც ნამდვილ სიყვარულს ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ერთგულად ატარებს, მართლაც უბედურების მომასწავებელია...

რამაზ გურგენიძე