გია ვოლსკი: "IRI და NDI მთელი 20%-ით არიან აცილებული რეალობას"
"მოდი, ჰიპოთეზურად წარმოვიდგინოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიმარჯვა. შეხედეთ, როგორი ეკლექტიკური, ბოროტი და დესტრუქციული სუბიექტები არიან გაერთიანებული და ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ. საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ ხელისუფლების ნაწილიც კი ჩაუვარდეს ამ ხალხს ხელში. დაანგრევენ ქვეყანას და ბოლომდე მიიყვანენ იმ საქმეს, რისი გაკეთებაც 2012 წლამდე ვერ შეძლეს. ამის ანამნეზი არ არის რთული, თუ ობიეტურად შეაფასებთ იმ ხალხს, ვინც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იკრიბება"
"მედიასაშუალებები ფანდს მიმართავენ, ვითომ კვლევითი ორგანიზაციები უპირისპირდებიან ერთმანეთს და "ქართული ოცნებისა" და მისი ოპონენტების მხარდამჭერთა რიცხვი თანაბარია. კარგად ვიცით, რა განსხვავებულ და რეალობასთან აცილებულ მონაცემებს აქვეყნებენ კვლევითი ორგანიზაციები, რომელთაც "ნაცკლასტერი" ენდობა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ. რის საფუძველზე ენდობიან ან არ ენდობიან კვლევით ორგანიზაციებს ხელისუფლების წარმომადგენლები და როგორია მათი თვალით დანახული პოლიტიკური რეალობა, ამის შესახებ გია ვოლსკი გვესაუბრება.
- IRI და NDI მთელი 20%-ით არიან აცილებული რეალობას. კვლევით ორგანიზაციებს რაღაცებს უკვეთენ, მაგრამ მშვენივრად იციან, მათი პერსპექტივა ძალიან დაბალია იქიდან გამომდინარე, რაც დღემდე "იღვაწეს" და რასაც მომავალში გვიქადიან. ძალიან სურთ სადისტური მმართველობის სტილის ისევ დაბრუნება. ვფიქრობ, მათი მავნებლობა და დესტრუქციული ქმედებები მოიმატებს. ჯერჯერობით არ უმართლებთ. იმედი ჰქონდათ, რომ ამერიკის სახელმწიფო ანგარიშში ჩვენ შესახებ უარყოფით შეფასებებს ამოიკითხავდნენ.
- რას გულისხმობთ? - იმას, რომ "ნაციონალები" ცდილობდნენ ჩვენი პარტნიორების დარწმუნებას, თითქოს აქ ამერიკულ ბიზნესს პრობლემებს ვუქმნით. სკანდალებიც მოგვიწყვეს, რასაც რამდენიმე სენატორმაც შეუწყო ხელი.
ჩვენს რეფორმებს, განსაკუთრებით, ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რასაც ჩვენმა ოპონენტებმა თავის დროზე ბოიკოტი გამოუცხადეს, ევროკავშირმაც მაღალი შეფასება მისცა. არც პანდემიის საკითხმა გაუმართლათ. ეგონათ, დაწესებული შეზღუდვები საზოგადოების პროტესტს გამოიწვევდა, მაგრამ ამაშიც იმედი გაუცრუვდათ და ახლა მედიასაშუალებებით ცდილობენ ილუზიის შექმნას, ვითომ ქვეყანაში ორი სხვადასხვა რეალობაა და პოლიტიკური პარტიები საკუთარი გემოვნების მიხედვით არჩევენ, რომელი ორგანიზაციის კვლევებს ენდონ ან უნდობლობა გამოუცხადონ. ამ დროს სინამდვილე ის არის, რომ საქართველოს, რომელიც სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, სამშვიდობოს გასვლა სურს, საამისო რესურსი კი მხოლოდ "ქართულ ოცნებას" აქვს.
- იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნება" ძველებურად აღარ გასცემს დაპირებებს - აღარც გადასახადების განახევრებას გვპირდება, არც იაფ ფულს და არც სამუშაო ადგილებს. რაშია საქმე, დანაპირები უკვე შეასრულეთ და გასაკეთებელი აღარაფერია? - პანდემიის დროს უზარმაზარი რესურსი იქნა მობილიზებული, რათა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულიყო. ეს ხალხმა ძალიან კარგად დაინახა. რაც შეეხება უფასო ფულს, დაბალპროცენტიან სესხებს, უზრუნველყოფილ იქნა იმგვარად, როგორც საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა. სახელმწიფოს ხელშეწყობით ასობით საწარმო გაიხსნა. არაერთი პროექტის შესახებ შემიძლია ვილაპარაკო. რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, "ნაციონალების" დროს ყაჩაღური საგადასახადო სისტემა იყო და ბიზნესს ატერორებდნენ. დღეს ბიზნესს ეს პრობლემა აღარ აქვს. მეტიც, საერთაშორისო რეიტინგებში მსოფლიოში მეექვსე ადგილი დავიკავეთ ბიზნესის კეთების მაჩვენებლით.
- თავდაპირველად თითქოს მართლაც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება პანდემიას მართავდა, თუმცა ბოლო დროს კოვიდინფიცირებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. რა ხდება, ვითარება ხელიდან გაგექცათ? - როგორ გეკადრებათ, ეს ძალიან გულუბრყვილო მიდგომაა. კარგად მოუსმინეთ ჯანდაცვის სპეციალისტებს. თავის დროზე მკაცრი შეზღუდვები რომ არ დაგვეწესებინა, ახლა გაცილებით რთული ვითარება გვექნებოდა, სამედიცინო პერსონალის, ტექნიკისა და საწოლების დეფიციტიც კი შეგვექმნებოდა. მაშინ უცნობი იყო დაავადების წარმოშობისა და გავრცელების წყაროები, ახლა მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინეთ და პანიკის საფუძველი აღარ გვაქვს, თუნდაც შემთხვევებმა მოიმატოს.
- დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ისევ გაქვთ იმედი, რომ მომავალ მთავრობას დამოუკიდებლად, სხვა პარტიებთან კოალიციის გარეშე დააკომპლექტებთ? - რა თქმა უნდა. ეს არის რეალობა, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. მოდი, ჰიპოთეზურად წარმოვიდგინოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიმარჯვა. ხომ ხედავთ, როგორი ეკლექტიკური, ბოროტი და დესტრუქციული სუბიექტები არიან გაერთიანებული და ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ. საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ ამ ხალხს ხელში ხელისუფლების ნაწილი მაინც ჩაუვარდეს. Dდაანგრევენ ქვეყანას და ბოლომდე მიიყვანენ იმ საქმეს, რისი გაკეთებაც 2012 წლამდე ვერ შეძლეს. ამის ანამნეზი არ არის რთული, თუ ობიექტურად შეაფასებთ იმ ხალხს, ვინც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იკრიბება. მადლობა ღმერთს, საზოგადოება ამას ხედავს.
ხათუნა ბახტურიძე