გია ხუხაშვილი: "პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დოღი არასერიოზულია" - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილი: "პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დოღი არასერიოზულია"

"დღეს ასეთი თამაშია: თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ოპოზიციურ სპექტრში ვერ იპოვის ღირსეულ ძალას, ხელისუფლება ერთჯერადი კონტრაქტის საშუალებით მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიაღებინებს"

"ჩვენ უფრო სარწმუნო, ავტორიტეტული კვლევები ვიცით, ვიდრე IRI-სა და NDI -ს კვლევებია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. ამ კვლევებს უნდობლობას უცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც და სვამს კითხვას: "ვინმემ ხომ არ იცით, ეს ხალხი ნახევარფაბრიკატს რატომ აჩვენებს საზოგადოებას?"

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-სა და "გორბის" კვლევების მიხედვით "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებზე 50%-ზე მეტს მიიღებს, ხოლო IRI -სა და NDI - ს კვლევებით - 33%-მდე. ოპოზიცია IRI-სა და NDI-ს კვლევებს ენდობა, "გორბისა" და "რუსთავი 2"-ის კვლევებს კი მიკერძოებულს უწოდებს. როგორია რეალობა, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

- უკვე დიდი ხანია კვლევები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტია და არა რეალობის ამსახველი. არ ვამბობ, რომ კვლევებს აყალბებენ, უბრალოდ, მათი ინტერპრეტირება ხდება. მაგალითად, როდესაც "ოცნებას" ფანტასტიკური ციფრები მოჰყავს, ის იმ ამომრჩეველს ეყრდნობა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ "ოცნებას" მისცემს ხმას, და არ ითვალისწინებს იმ ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია. არადა, დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნებზე გადამწყვეტ სიტყვას გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იტყვის, რადგან მათი რიცხვი ძალიან დიდია.

- როგორ გგონიათ, საით გადაიხრება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი? - ძნელი სათქმელია. მათ უმრავლესობას არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ოპოზიციაშიც ვერ პოულობს ღირსეულ ძალას. არ იცის, ვის მისცეს ხმა, მაგრამ არჩევნებზე წასვლას აპირებს. როგორც წესი, ამ ტიპის ამომრჩეველი გადაწყვეტილებას არჩევნებამდე ორი კვირით ადრე იღებს.

ერთ ამბავს შეგახსენებთ - 2012 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც "ნაცმოძრაობას" 37% ჰქონდა, "ქართულ ოცნებას" - 12%, სხვა პარტიებს კი 3-4%. მაშინაც ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაბნეული იყო, მაგრამ გარკვეულმა პროცესებმა ითამაშა კატალიზატორის როლი და "ნაცმოძრაობა" დამარცხდა. დღეს ასეთი თამაშია: თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ოპოზიციურ სპექტრში ვერ იპოვის ღირსეულ ძალას, ხელისუფლება ერთჯერადი კონტრაქტის საშუალებით მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიაღებინებს. ასე რომ, სიტუაცია ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დავადასტურო - დღეს ხელისუფლება უპირატეს მდგომარეობაშია. გარდა ამისა, ის აუცილებლად გავა პირველ ადგილზე, თუმცა საკითხავია, შეძლებს თუ არა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას. თუ ხელისუფლებამ პროპორციულ ნაწილში 40%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, იმიტომ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში გვექნება მეორე ტური და თუ ამომრჩეველი იგრძნობს, რომ ხელისუფლება სუსტია, ოპოზიციურ ძალებს დაუჭერს მხარს. ასეთ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" კოალიციური მთავრობის ფორმირების შანსიც წაერთმევა.

- კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაში რომელი პარტიები აღმოჩნდებიან უპირატეს მდგომარეობაში? - ეს არ იქნება მარტივი პროცესი. მეორე ტური დროში გაიწელება. ჩემი აზრით, მთავარი მოთამაშეები, "პატრიოტთა ალიანსის" გარდა, ურთიერთობის ფორმაზე მოლაპარაკებას შეძლებენ.

- ოპოზიციურ ძალებს შეთანხმება ძალიან უჭირთ. როგორც ხელისუფლება ამბობს, ჯერ კიდევ ცოცხალი დათვის ტყავის გაყოფაზე ვერ თანხმდებიან. ეს ტყავი ამჯერად პრემიერ-მინისტრის პოსტია. მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, დავით ბაქრაძე... მალე "ლელოც" დაასახელებს თავის კანდიდატს. თავის მხრივ, "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას მომავალ მთავრობაშიც არ ეყოლება შემცვლელი. თქვენი აზრით, ვის მეტი შანსი აქვს? - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დოღი არასერიოზულია, მით უფრო მითური პერსონაჟების მონაწილეობით. სააკაშვილი ხომ მითური პერსონაჟია?! კაცი საქართველოს მოქალაქე არ არის, ამასთან, ბრალდებულია. მისი პრემიერობა მაშინაც კი გამორიცხულია, სულაც "ოცნებამ" რომ დაუჭიროს მხარი. ვიღაცებს 1%-იანი მხარდაჭერა აქვთ და ამბობენ, მე უნდა ვიყო პრემიერიო. ამ საგიჟეთზე რა გითხრათ?! არც "ლელოს" კანდიდატს ექნება დიდი შანსი. ჩემი გემოვნება თუ გაინტერესებთ, ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ბადრი ჯაფარიძეს ვისურვებდი. მკითხავთ, ალბათ, სადაც მამუკა ხაზარაძეა, იქ ბადრი ჯაფარიძე რატომო? მე ის მომწონს და რა ვქნა? არაკორუმპირებული, კვალიფიციური ადამიანია, ეკონომიკური მართვის გამოცდილება აქვს.

"ქართული ოცნების" შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია - მას ჰყავს გამორჩეული ავტორიტეტი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ენდობა. თუ დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის შექმნა დადგა, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ რა "წონით" შევა კოალიციაში. პრემიერის პოსტზე პრეტენზია ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ ძალას ექნება.

- "ქართული ოცნების" 20-კაციანი პროპორციული სია რა შთაბეჭდილებას გიქმნით? - ამ სიამ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი მთავრობას კი არა, საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველმყოფ ჯგუფს ირჩევს. ეს XXI საუკუნეში ანაქრონიზმია - არაინსტიტუციურ პირს, ფაქტობრივად, აბსოლუტური ძალაუფლება აქვს. ივანიშვილმა სრული კომფორტი შეიქმნა - თავად იღებს გადაწყვეტილებებს, ხელს კი სხვებს ახოცავს. ასეთ მანკიერ სისტემაში სახელმწიფოებრივ სისტემაზე გათვლა არ უნდა გვქონდეს. ფაქტობრივად, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა შექმნა სააქციო საზოგადოება "ქართული ოცნება", რომლის 100%-ის მფლობელი თავად არის. როგორც უნდა, ისე ნიშნავს და ხსნის მენეჯერებს. ახლა 20-კაციანი სია დაწერა, მერე რაღაც არ მოეწონება და გადაწერს...

- ელოდით, რომ სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი შესაძლოა თავად ივანიშვილი ყოფილიყო? - ასე რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. ის არჩევნის წინაშე იდგა: ან პრემიერობის კანდიდატად საკუთარი თავი უნდა დაესახელებინა და პროცესებზე პასუხისმგებლობა აეღო, ან უნდა ჩამოშორებოდა მმართველობას. უკვე ვიცით, რომ პრემიერობის კანდიდატი არ იქნება, ახლა საინტერესოა, ჩამოშორდება თუ არა მმართველობას...

მის რიტორიკას, მე არაფერ შუაში ვარო, აღარავინ დაიჯერებს. უნდა გაიყვანოს ხელისუფლებიდან მასთან აფილირებული ყველა პირი, თამაშიდან გაიყვანოს ის ინტერესჯგუფები, რომლებიც ქართულ ეკონომიკას მოასხდნენ და ფინანსურ ნაკადებს აკონტროლებენ. თუ ამას გააკეთებს და გიორგი გახარიას თავისი გუნდის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს, თავის კეთილსინდისიერებაშიც დაგვარწმუნებს და ქვეყანასაც განვითარების საშუალებას მისცემს.

- გახარიასგან რას ელით? - თუ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას მისცემენ, სახელმწიფო მმართველობა ბევრად ეფექტიანი იქნება, ვიდრე დღეს არის, როცა მას, ფაქტობრივად, განძრევის საშუალებაც არა აქვს. დარწმუნებული ვარ, ტელეფონზეც კი ვერ ლაპარაკობს თავისუფლად, რადგან იცის, რომ უსმენენ.

- თქვენ გახარიას უნიკალური მოვლენა და გონიერი ადამიანი, კარგი კრიზისმენეჯერი უწოდეთ... - როდესაც ვამბობდი, გახარია კარგი მენეჯერია-მეთქი, იმას კი არ ვირწმუნებოდი, ცაში ვარსკვლავებს წყვეტს-მეთქი, უბრალოდ, ის სხვებზე ბევრად უკეთესია.

დღეს გახარია და საერთოდ, ხელისუფლება ძალიან რთული გამოწვევის წინაშე არიან - შესაძლოა კრიზისის მართვის სადავეები ხელიდან გაექცეთ. თუ ხალხს დაებადა აზრი, რომ ამ პრობლემას ხელისუფლება ვერ ერევა, კორონავირუსთან ბრძოლაში მოპოვებული პოლიტიკური დივიდენდები შესაძლოა გაცამტვერდეს.

- ოპოზიციურ სპექტრში თუ ხედავთ ძალას, რომელიც პანდემიის დროს კრიზისის მართვას შეძლებს? - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ამომრჩეველსაც ძალიან აწუხებს, თუმცა ძნელია პასუხის გაცემა. ხალხს არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ შეძლო დაგვარწმუნოს იმაში, რომ ქვეყნის უკეთ მართვას შეძლებს.

ხათუნა ბახტურიძე