ხათუნა ლაგაზიძე: "ფაქტობრივად, წაუგებელ ბრძოლაში ჩავერთე..." - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძე: "ფაქტობრივად, წაუგებელ ბრძოლაში ჩავერთე..."

"თუ ხელისუფლება სამეურვეო საბჭოს ჩემი არჩევის უფლებას არ მისცემს, საზოგადოებას იმით მაინც გავუწევ სამსახურს, რომ ხელისუფლების განზრახვებს ფარდა აეხდება"

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს. მისი თქმით, ტელევიზიის გენერალური დირექტორის შერჩევა არჩევნებამდე ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული ტესტი იქნება. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა გამოწვევებს ელის კონკურენტებთან ბრძოლაში, ამის შესახებ თავად გვესაუბრება.

- "საზოგადოებრივი მაუწყებელი" საზოგადოებას უნდა დაუბრუნდეს. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია მაშინ, როცა ქვეყანას რუსეთთან საინფორმაციო ომი აქვს. შესაბამისად, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" უნდა იკისროს საზოგადოების დაცვა მტრული და ყალბი ინფორმაციული ნაკადებისგან. როგორ? განათლებით. ინფორმირებული მოქალაქე ნიშნავს დაცულ საზოგადოებას. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში ტოტალური ფეიკნიუსების ეპოქაში; უნდა იკისროს საზოგადოების ფართო მასების განათლება, რათა ის შეიარაღებული იყოს ყალბი ინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ. საინფორმაციო ომის მიზანია სწორედ საზოგადოების მტრულად განწყობილ ჯგუფებად დაქსაქსვა. ამის საპირისპიროდ სწორედ "მაუწყებელმა" უნდა დაისახოს მიზნად პროგრესსა და აღმშენებლობაზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სასიცოცხლოდ აუცილებელი როლი უნდა იყოს ინტერნეტ და ტექნოლოგიების ეპოქაში მომავალი თაობებისთვის სწორი ორიენტირების მიცემა. თანამედროვე ტექნოლოგიური წარმატებული საზოგადოების აშენებისთვის ხელშეწყობის უკეთესი რესურსი, რომელიც "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს თავისი მულტიმედიურობით, სხვაგან არ მოიძებნება: ორი სატელევიზიო და ორი რადიოარხი, ინტერნეტპლატფორმები.

ჩემი საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება იქნება ჟურნალისტებისთვის პროფესიული თავისუფლებისა და სოციალური დაცულობის იმგვარი გარანტიების შექმნა, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური კონიუნქტურისგან.

- ფიქრობთ, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" გაანალიზებული არა აქვს საინფორმაციო ომის დიდი მნიშვნელობა და რესურსებს შესაბამისად არ იყენებს? - ამას სხვა ტიპის მენეჯერი სჭირდება, არა მარტო ის ადამიანი, ვინც ტელეპროდუქციის შექმნა იცის. აქ ძევს სწორედ კითხვაზე პასუხი: წლების განმავლობაში უსაფრთხოების ექსპერტის რანგში ჩემი საქმიანობა მომცემს საშუალებას, დავინახო და შევაფასო საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დღეს არსებული გამოწვევები და ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემაში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დიდი როლი.

როგორც ჟურნალისტად, ასევე პოლიტიკურ ანალიტიკოსად მუშაობის წლები, რესპონდენტის ამპლუაში მედიასთან ურთიერთობის 25-წლიანი გამოცდილება, საშუალებას მაძლევს სიღრმისეულად ვიგრძნო, რა სჭირდება მაყურებელს, რესპონდენტს და ჟურნალისტს იმისთვის, რომ ხარისხიანი მედიაპროდუქტი შეიქმნას.

მაქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობისა და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილებაც. ისევე როგორც მრავალი წელია ვმართავ კერძო კომპანიებს, ჩემი კომპანია იმ იშვიათთაგანია, რომელიც პანდემია-კრიზისის პერიოდში არ გაჩერებულა და უკლებლივ შეინარჩუნა თანამშრომლები როგორც ტურიზმის სექტორში, ასევე ქართული ღვინის ექსპორტის სექტორში.

ამასთან, ჩემი საბაზისო ფინანსური განათლება და გამოცდილება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" უზარმაზარი ბიუჯეტის სწორად და რაციონალურად მართვაში დამეხმარება. ყველაზე მეტი კითხვა სწორედ წლების განმავლობაში ათეულობით მილიონის ხარჯვის შესახებ დაგროვდა: ძველი დირექტორის გადადგომამდე "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არაგეგმურად შეამოწმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და სად არის შემოწმების შედეგები?! ან რატომ გააუქმეს რადიოს ყველა გადაცემაში ინტერაქტივი და ჩაახშვეს საზოგადოების ხმა?! ეს ზღვაში წვეთიც კი არ არის იმ პრობლემებისა, რომლებიც "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს.

- როგორ გგონიათ, ხელისუფლება სამეურვეო საბჭოზე ზეწოლას მოახდენს? - როგორ მოიქცევა ხელისუფლება, მოახდენს თუ არა სამეურვეო საბჭოზე ზეწოლას, გაიყვანს თუ არა საკუთარ კანდიდატურას, ეს იქნება ზუსტი დიაგნოზი, როგორ აპირებს მოიქცეს საპარლამენტო არჩევნებში და რა სახის ზეწოლას მოახდენს ამომრჩეველზე.

ეს იქნება ხელისუფლების დიაგნოზი როგორც ქვეყანაში, ასევე დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასე რომ, ეს იქნება ხელისუფლების გასავლელი ძალიან სერიოზული ტესტი არჩევნებამდე დარჩენილ თვე-ნახევარში. მე, ფაქტობრივად, წაუგებელ ბრძოლაში ჩავერთე - თუ ხელისუფლება სამეურვეო საბჭოს ჩემი არჩევის უფლებას არ მისცემს, საზოგადოებას იმით მაინც გავუწევ სამსახურს, რომ ხელისუფლების განზრახვებს ფარდა აეხდება და ნათლად გამოჩნდება როგორ აკონტროლებს მედიას და ხელების გადაგრეხით ატარებს არჩევნებს.

ხათუნა ბახტურიძე