უნაწილოთა საფლავები არდოტში
"ზოგი ამტკიცებს, რომ უნაწილოთა შორის ვაჟას ზვიადაურიც განისვენებს. მე სოფელ ხადეში ერთ ხელნაწერს მივაკვლიე - ძველ რვეულში არდოტელი კაცი თავის ცხოვრებასა და სოფელს აღწერს, ბოლოს კი ამბობს, ვაჟას ზვიადაური და მისი ძმაც არდოტში არიან დაკრძალული, ოღონდ ზვიადაურის უფროსი ძმა აკლდამაშია, თავად კი ქრისტიანულ საფლავში, უნაწილოშიო. ის კაცი ნაწერს ჟამისგან გაცრეცილ ფოტოსაც ურთავს, აი, ამ ფოტოზე ზვიადაურის საფლავი ჩამონგრეული კოშკის გვერდით არისო... ამ კოშკებში შეცურებულ ქვის ფილებზე ოდესღაც უნაწილოთა სახელებიც ყოფილა დაწერილი. იყო თუ არა მათ შორის ზვიადაურის გვარი, ვერ ვიტყვი, რადგან წარწერები დრო-ჟამმა წაშალა. ვაჟა წერს, ზვიადაური უცხო მიწაზე არ დატოვეს და თავის წინაპრებს მიუსვენესო, მისი წინაპრების საფლავები კი მხოლოდ არდოტში იყო..."
უნაწილოთა საფლავების შესახებ თუ გსმენიათ? ალბათ, არა, რადგან ასეთი საფლავები მხოლოდ მთაშია და ისიც იშვიათ სოფლებში. უნაწილოს იმას ეძახდნენ, ვინც დაქორწინება ვერ მოასწრო, ისე წავიდა იმ ქვეყნად, წავიდა და თან ამქვეყნად დარჩენილების ტკივილი გაიყოლა. ისინი კი ტკივილს იმით იყუჩებდნენ, რომ საიქიოს წასულ უნაწილოებს მოიხსენიებდნენ და საფლავებზე კოშკებს უშენებდნენ, ალბათ, იმის ნიშნად, რომ იქაც საცხოვრისი ჰქონოდათ.
ერთმა კარგმა ხევსურმა გოგონამ, ალექსანდრა წანარმა, უნაწილოთა საფლავები მხოლოდ სოფელ არდოტსა და ფშავის ერთ პატარა სოფელში იპოვა. შესაძლოა მომეჩვენა, მაგრამ როცა ამას მიყვებოდა, მის ხმაში იმ ხევსური ქალების სევდა გახმიანდა, ვინც ოდესღაც ამ საფლავებს დასტიროდნენ. ალექსანდრა ამბობს, რომ არდოტის უნაწილოთა საფლავებს შორის ვაჟას გმირის, ზვიადაურის საფლავიც არის.
- რატომ არის უნაწილოთა საფლავი მხოლოდ არდოტში და არა ხევსურეთის სხვა სოფლებში, არ ვიცი, მაგრამ არდოტელებმა დანამდვილებით იციან, რომ იმ საფლავებში, რომლებსაც ხევსურული ქვის ფილებისგან აგებული მომცრო კოშკები ადგას, მხოლოდ დაუქორწინებლები არიან დასაფლავებული, მათ შორის, ალბათ, ქალებიც, რომლებიც იმ ქვეყნად ნაადრევად წავიდნენ. ვაჟები უფრო ბრძოლაში იღუპებოდნენ, გოგონებს კი თავიანთი ბედისწერა ჰქონდათ. ზოგი ამტკიცებს, რომ უნაწილოთა შორის ვაჟას ზვიადაურიც განისვენებს. მე სოფელ ხადეში ერთ ხელნაწერს მივაკვლიე - ძველ რვეულში არდოტელი კაცი თავის ცხოვრებასა და სოფელს აღწერს, ბოლოს კი ამბობს, ვაჟას ზვიადაური და მისი ძმაც არდოტში არიან დაკრძალული, ოღონდ ზვიადაურის უფროსი ძმა აკლდამაშია, თავად კი ქრისტიანულ საფლავში, უნაწილოშიო. ის კაცი ნაწერს ჟამისგან გაცრეცილ ფოტოსაც ურთავს, აი, ამ ფოტოზე ზვიადაურის საფლავი ჩამონგრეული კოშკის გვერდით არისო.
- თქვენ იპოვეთ ზვიადაურის საფლავი?
- ვერა, ძალიან ძნელია 60 წლის წინანდელი ფოტოთი იმ ადგილის მოძებნა. ის კაცი ტყუილს რატომ დაწერდა? ამ კოშკებში შეცურებულ ქვის ფილებზე ოდესღაც უნაწილოთა სახელებიც ყოფილა დაწერილი. იყო თუ არა მათ შორის ზვიადაურის გვარი, ვერ ვიტყვი, რადგან წარწერები დრო-ჟამმა წაშალა. ვაჟა წერს, ზვიადაური უცხო მიწაზე არ დატოვეს და თავის წინაპრებს მიუსვენესო, მისი წინაპრების საფლავები კი მხოლოდ არდოტში იყო. ზვიადაურები აქ პირველები მოვიდნენ და დასახლდნენ. არდოტელები მათი შთამომავლები არიან. ეს ძალიან კარგად ახსოვთ და ამაყობენ კიდეც - ზვიადაურისთანა წინაპრით ვინ არ იამაყებს! ან თუნდაც სხვა უნაწილოებით - უმრავლესობა უთუოდ მტერთან ბრძოლაში დაეცა, იმ მიწის დასაცავად, სადაც ახლაც ცხოვრობენ. ყველაზე კარგი ის არის, რომ უნაწილოთა საფლავებს არდოტელები დღესაც პატრონობენ.