კოლექციონერები, რომელთაც უნდა იცნობდეთ - კვირის პალიტრა

კოლექციონერები, რომელთაც უნდა იცნობდეთ

ისტორიას ბევრი კოლექციონერი ახსოვს. ბევრმა მათგანმა მსოფლიოს თავისი კოლექციებით დაამახსოვრა თავი.

ფსიქოლოგების თქმით, სხვადასხვა ნივთის შეგროვება დადებითად მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე და ოპტიმიზმს უნერგავს. თუმცა ეს საქმიანობა მოთმინებას, ნებისყოფასა და იმ ნივთების დიდ სიყვარულსაც მოითხოვს, რომელთაც კოლექციონერი აგროვებს.

კოლექციონერობა ოდითგანვე საინტერესო და სახალისო საქმიანობად ითვლება. თავდაპირველად, მონეტებს აგროვებდნენ - მონეტების კოლექციონერობა ანტიკური რომიდან იღებს სათავეს.

ჩვენს დროებაში უკვე უამრავი სხვადასხვა ნივთის კოლექციონერი არსებობს, მაგრამ ყველაზე პოპულარული ფერწერული ტილოების შეგროვებაა. მაგალითად, ელტონ ჯონი და მადონა ნახატების კოლექციონერები არიან.

2019 წლის მონაცემებით, ფერწერული ნიმუშების ყველაზე დიდი და ძვირად ღირებული კოლექცია მსოფლიოში ფრანგ მილიარდერ ფრანსუა პინოს აქვს, მოდის სახლების "გუჩისა" და "ივ სენ-ლორანის" დამფუძნებელს. პინო 30 წელზე მეტია ნახატებს აგროვებს. მისი კოლექცია უკვე 2 500 ნახატზე მეტს ითვლის, რომელთა საერთო ღირებულება 1.4 მილიარდი დოლარია. მილიარდერი თანამედროვე ხელოვნებით არის დაინტერესებული. მის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი პაბლო პიკასოს შედევრებს.

ახლა კი წარმოგიდგენთ კოლექციონერებს, რომლებმაც ისტორიას თავი სხვადასხვა მიზეზით დაამახსოვრეს.

გერტრუდ ვანდერბილტ უიტნი

XX საუკუნის დამდეგის ამერიკაში ხელოვნებაში ახალმა მიმდინარეობებმა მოიკიდა ფეხი, სიახლეს კი ხშირად ძნელად იღებენ ხელოვნების მოყვარულები. ამიტომაც ავანგარდისტი და მოდერნისტი ხელოვანებისთვის თავის დამკვიდრება ძნელი იყო. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია გერტრუდ ვანდერბილტ უიტნის, მოქანდაკეს, რომელიც ვანდერბილტების გავლენიან ოჯახში დაიბადა. მან კარგად იცოდა, რა დაბრკოლებების გადალახვა უწევდათ ამერიკაში ხელოვანებს და მათი დამცველი და ხელშემწყობი გახდა. ასე იყო 1942 წლამდე, გერტრუდის გარდაცვალებამდე.

გერტრუდ ვანდერბილტი უმეტესად ყიდულობდა იმ ამერიკელი მხატვრების ნამუშევრებს, რომლებიც ტრადიციული ხელოვნების აკადემიებისა და მუზეუმებისთვის მიუღებელი იყო. 1931 წელს გერტრუდმა გახსნა უიტნის სახელობის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი, რომლის მიზანი ამერიკული ხელოვნებისა და მხატვრების ხელშეწყობა იყო. მუზეუმის გახსნისას მისი კოლექცია 600-ზე მეტ ნახატს ითვლიდა.

დოროთი და ჰერბერტ ვოგელები

ამ ცოლ-ქმრის ისტორია ლეგენდას ჰგავს. ნიუ-იორკის სახელმწიფო სამსახურის რიგითი მუშაკები წლის განმავლობაში 5.000 დოლარსაც ვერ გამოიმუშავებდნენ, მაგრამ მოახერხეს და თანამედროვე ხელოვნების 4 000-ზე მეტი ნიმუში შეაგროვეს.

ვოგელები ხშირად ყიდულობდნენ ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც იმ პერიოდში პოპულარული არ იყო, თუმცა მოგვიანებით მათი ღირებულება მილიონებს აჭარბებდა. ვოგელების კოლექცია უმეტესად მინიმალისტურ და კონცეპტუალურ სურათებს მოიცავს.

ცოლ-ქმარი თითოეულ დღესასწაულსა და ღირსსახსოვარ დღეს ახალი შენაძენით აღნიშნავდა. მაგალითად, ნიშნობისთვის პაბლო პიკასოს კერამიკის პატარა სკულპტურა შეიძინეს. კოლექციას მანჰეტენზე, ნაქირავებ ბინაში ინახავდნენ. XX საუკუნის მიწურულს მათ კოლექცია სხვადასხვა მუზეუმს გადასცეს.

დორის დიუკი

ამერიკის თამბაქოს "ბარონის" ჯეიმზ დიუკის ერთადერთი ქალიშვილი დორის დიუკი ხშირად მოგზაურობდა მსოფლიოში, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. მოგზაურობის დროს ის ნახატებს ყიდულობდა და მათ ჰავაიზე, თავის სასახლე "შანგრი-ლაში" ინახავდა. დორისი ისლამური ხელოვნებითა და არქიტექტურით იყო გატაცებული, ამიტომაც მის კოლექციაში 2 500-ზე მეტი ისლამური ხელოვნების შედევრია. დღეს "შანგრი-ლა" მსოფლიოს ერთ-ერთი შთამბეჭდავი მუზეუმია, რომელიც მნახველებს ისლამურ მხატვრობასა და არქიტექტურას აცნობს. ექსპონატები ჩამოტანილია ესპანეთიდან, მაროკოდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ცენტრალური აზიიდან, ინდოეთიდან და ა.შ.

დეივიდ როკფელერი

დეივიდ როკფელერმა, ამერიკის პირველი მილიარდერის, ჯონ როკფელერის შვილიშვილმა, თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას მიუძღვნა. ეს მას მემკვიდრეობითაც ერგო. დედამისი, ები როკფელერი, ხელოვნების დიდ მცოდნედ და მოყვარულად ითვლებოდა, მისი თაოსნობით გაიხსნა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. როგორც როკფელერი იხსენებდა, კოლექციონერობა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, მოგვიანებით კი ეს საქმე მეუღლესთან ერთად განაგრძო. 101 წლის დეივიდ როკფელერი 2017 წელს გარდაიცვალა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მისი სურვილი, რომ მისი კოლექცია აუქციონზე გაყიდულიყო და შემოსული თანხა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის, ჰარვარდის უნივერსიტეტს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ MOMA-სა და როკფელერის უნივერსიტეტს მოხმარებოდა.

2018 წლის მაისში გაიმართა ისტორიაში უპრეცედენტო აუქციონი, რომელზეც ერთი მფლობელის ყველაზე მეტი ძვირად ღირებული ექსპონატი გაიყიდა. მუზეუმს გადაეცა საჩუქრად პიკასოს ნახატიც.

კოლექციონერობა დღესაც პოპულარული საქმიანობაა. თუ თქვენც გიყვართ ნახატები, მაგრამ ვერ ახერხებთ ორიგინალი ნამუშევრების შეძენას, შეგიძლიათ რეპროდუქციების შეგროვებით დაიწყოთ. ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებულ რეპროდუქციებს შეარჩევთ "პრინტარეას" კატალოგში.

"პრინტარეაში" თქვენ ნებისმიერი ნახატის ნებისმიერი ზომის უმაღლესი ხარისხის რეპროდუქციას დაგიმზადებენ. ხარისხიანი საღებავები და ულტრათანამედროვე დანადგარები ასლის ორიგინალთან მაქსიმალურ მსგავსებას განაპირობებს. როგორც "პრინტარეაში" განმარტავენ, დღეს რეპროდუქციები ძალზე პოპულარულია და უამრავი ადამიანი სახლისა თუ სამუშაო სივრცის კედლებს თავიანთი საყვარელი ნახატების რეპროდუქციებით ამშვენებს.