"პირველი ქართველ-ამერიკელი პარაშუტისტი ვარ, ვინც..." - პიანისტობიდან ავიაციამდე
"თვითმფრინავის საკონტროლო პანელი რომ დავინახე, ცოტა შევშფოთდი, მაგრამ ვიფიქრე, როიალს 88 კლავიში აქვს და თუ ის ვისწავლე, ეს არ უნდა იყოს შეუძლებელი-მეთქი"
პიანისტი, ლიცენზირებული პარაშუტისტი და პილოტი - ეს პროფესიები აირჩია ნათია მამაიაშვილმა. ის, წლებია, ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ ამჟამად საქართველოშია შვილთან ერთად. პიანისტი, რომელიც კარნეგი ჰოლსა და სხვა არაერთ უდიდეს საკონცერტო დარბაზში გამოსულა, ავიაციით დაინტერესდა და გეგმებსაც სწორედ ფრენას უკავშირებს. მას საკუთარი თვითმფრინავიც ჰყავს. თვლის, რომ ოცნებებზე არასდროს უნდა თქვა უარი, რადგან შეუძლებელი არაფერია.
- ერთი თვეა, რაც საქართველოში ჩამოვედი ჩემს შვილთან ერთად და ორკვირიანი კარანტინიც გავიარე. აქ ბებია ცხოვრობს, რომელიც ძალიან მიყვარს და პანდემიის გამო შექმნილ რთულ სიტუაციაში მარტო არ დავტოვე. გარდა ამისა, მინდოდა, საქართველოს ულამაზესი კუთხეები დამეთვალიერებინა. ამის შესაძლებლობა იშვიათად მაქვს, რადგან ამერიკაში ვცხოვრობ, ვმუშაობ და სულ მოუცლელი ვარ.

- პიანისტობით დავიწყოთ... თქვენი სურვილი იყო მუსიკალური განათლების მიღება?
- მთელი ბავშვობა ფორტეპიანოსთან გავატარე. ეს იყო ბებიას იდეა, რადგან მას ძალიან უყვარდა მუსიკა. დედაც კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე. მე ვიყავი 6 წლის, ჩემი და კი - 5-ის, როდესაც ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში შეგვიყვანეს. რამდენიმე წელიწადში უკვე ორკესტრთან ერთად ვუკრავდით, გაიმართა ჩვენი სოლო კონცერტებიც. 13-14 წლისები ვიყავით, როდესაც იუტის შტატში საერთაშორისო კონკურსზე მიგვიწვიეს და ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ ჩავირიცხეთ მანჰეტენის მუსიკალურ სკოლაში. გვქონდა მასტერკლასები ცნობილ პიანისტებთან, მაგალითად, იეფიმ ბროფმანთან. დავუკარით კარნეგი ჰოლსა და ამერიკის სხვა დიდ საკონცერტო დარბაზებში. მუსიკალური სასწავლებელი წარჩინებით დავამთავრე და სწავლის გაგრძელება პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გადავწყვიტე. მინდოდა, ახალ სფეროში მეცადა შესაძლებლობები, რადგან მუსიკაში რაც მინდოდა, ყველაფერს მივაღწიე. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლა იყო ჩემთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი. ვმუშაობ სავიზო სააგენტოში, თუმცა არც მუსიკას ჩამოვშორებივარ - მანჰეტენის მუსიკალურ სკოლაში პედაგოგი ვარ, მყავს კერძო მოსწავლეებიც...

- პარაშუტით ხტომის სურვილი რატომ გაგიჩნდათ? - 21 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, პარაშუტით გადმოხტომა მეცადა - მაინტერესებდა, რა შეგრძნება იქნებოდა. არავისთვის არაფერი მითქვამს. დედა მეტისმეტად ემოციურია და ვიცოდი, ძალიან ინერვიულებდა. ჩემი და გავიყოლე მხოლოდ. ლიცენზია რომ ავიღე, მაშინ გავუმხილე და არ დამიჯერა.
პირველ ცდაზე მიბმული ხარ ინსტრუქტორზე და მასთან ერთად განიცდი თავისუფალ ვარდნას, რომელიც მაქსიმუმ ერთი წუთი გრძელდება. ისეთი გადატვირთული ვიყავი მუდმივად სწავლით, ეს ჩემთვის განტვირთვა იყო. მომხიბლა არა მარტო ექსტრიმმა, არამედ სილამაზემ, რასაც ამ დროს ამჩნევ. გადავწყვიტე, ლიცენზია ამეღო, რათა მწვრთნელის გარეშე, დამოუკიდებლად შემძლებოდა ფრენა. ბევრი ნახტომისა და ინტენსიური ცდების შემდეგ ლიცენზიაც მოვიპოვე.
- ალბათ, რთულია შიშთან გამკლავება. - ამ დროს შიში ბუნებრივია, მაგრამ თან ისე მოგწონს ეს ყველაფერი, რომ ყველანაირ შიშსა და დაბრკოლებას ლახავ. ეს პროცესი უფრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არის ძნელი. კლასიკურმა მუსიკამ ჩამომიყალიბა დისციპლინა, განმივითარა კოორდინაცია, რაც ძალიან დამეხმარა. კონცერტის წინ ხომ ყოველთვის განიცდი და ნერვიულობ - გინდა, კარგად დაუკრა, არაფერი შეგეშალოს და აუდიტორიას მოეწონო. ასეთი გრძნობა გეუფლება გადმოხტომის წინაც - სანამ ზევით ადიხარ, ფიქრობ: "რას ვაკეთებ, ნეტავ, რა იქნება? შიშს ჯერ ვერ გრძნობ, მერე და მერე კი გემატება და ფიქრობ, ხომ კარგად არის ჩამაგრებული პარაშუტი, ყველა ნიუანსი ხომ გაითვალისწინე და ა.შ. რაც უფრო მეტს სწავლობ ამ სფეროში და ეცნობი აეროდინამიკას, მით უფრო ნაკლებად ნერვიულობ, საკუთარ თავს ენდობი და რწმუნდები, რომ შენ ეს შეგიძლია. დაახლოებით 4 კილომეტრიდან ხტები და უყურებ დედამიწას, იმ ადგილს, სადაც უნდა დაეშვა. ყოველთვის ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა დაეშვა, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც მზად უნდა იყო.
ხშირად მეკითხებიან, პარაშუტი რომ არ გაგეხსნას, მაშინ რა ხდებაო? ამიტომაც გვაქვს ორი პარაშუტი. მთავარია, შიშისგან ისე არ დაიბნე, რომ გახსნა დაგავიწყდეს. როდესაც მიწაზე ეშვები, აღარაფერი გახსოვს, გარდა იმ მომენტისა, როცა მოფრინავდი - სწორედ ამ მომენტებით ცხოვრობ... ამ საქმემ უფრო დაკვირვებული გამხადა და უფრო ბედნიერიც.

- ყოველთვის ასეთი მძაფრი ემოციები გაქვთ?
- დიახ. ყოველი გადმოხტომის წინ მაინც ნერვიულობ, მაგრამ უფრო ენდობი საკუთარ თავსაც და გამოცდილებასაც. ბებოს ხომ შევუსრულეთ სურვილი, ვყოფილიყავით მუსიკოსები, ახლა საკუთარ თავსაც ავუხდინე ბავშვობის ოცნება. ჩემი პარაშუტით მსოფლიოს ულამაზეს ადგილებში ვიმოგზაურე.
პირველი ქართველ-ამერიკელი პარაშუტისტი ვარ, ვინც იმოგზაურა ჰავაის, კარიბისა და პოლინეზიის კუნძულებზე, სადაც ძალიან რთულია ხტომა. კერძო ადგილია და გადმოხტომა ყველას არ შეუძლია - ლიცენზირებული უნდა იყო და, ამავე დროს, გამოცდილიც, რადგან ეს ადგილები ამინდის სწრაფი ცვალებადობით ხასიათდება.
- პილოტი როდის გახდით, ესეც ბავშვობის ოცნება იყო? - ჩემი მშობლები ამერიკაში ცხოვრობდნენ, მე და ჩემი და კი ბებიასთან ვიზრდებოდით. მამა უფრო ხშირად ახერხებდა ჩამოსვლას და ყოველთვის აეროპორტში ვხვდებოდით. დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი თვითმფრინავებს, ვუყურებდი, ცაში როგორ იჭრებოდნენ და მინდოდა, მეც გავფრენილიყავი ჩემი მშობლების სანახავად. ბავშვობაში ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მაგრამ რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია და პარაშუტისტობის შემდეგ ავიაციითაც დავინტერესდი. ეს უფრო დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, ვიდრე პარაშუტით ხტომა. თვითმფრინავის საკონტროლო პანელი რომ დავინახე, ცოტა შევშფოთდი, მაგრამ ვიფიქრე, როიალს 88 კლავიში აქვს და თუ ის ვისწავლე, ეს არ უნდა იყოს შეუძლებელი-მეთქი. გავიარე კერძო პრაქტიკა, რადგან ავიაციის სწავლა ამერიკაში ძალიან ძვირია. ლიცენზია ავიღე, მაგრამ თუ კომერციული თვითმფრინავის პილოტობა გინდა, სპეციალურ სკოლაში უნდა ჩააბარო. საქართველოში საცხოვრებლად დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ ავიაციის მიმართულებით მინდა სწავლის გაგრძელება და ცოტა ხნით, ალბათ, კვლავ ამერიკაში დავბრუნდები.
- ოჯახზეც მიამბეთ... - მყავს ორწლინახევრის შვილი, რომელიც ამერიკაში დაიბადა. ქართულად ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ რაც საქართველოში ჩამოვედით, უკეთესად გამოსდის. მასთან ერთად ხშირად დავფრინავ ჩემი თვითმფრინავით და ძალიან მოსწონს. ვცდილობ, სამაგალითო დედა ვიყო - ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია და სამსახური და ყველაზე რთულიც...
ახლახან ყაზბეგში ვიყავი სალაშქროდ და თან წავიყვანე. აქტიური ბიჭია და მოსწონს მოგზაურობა. ვცდილობ, საქართველოს სიყვარული ჩავუნერგო, რადგან ჩემთვის ჩემი სამშობლო შეუდარებელია - როდესაც აქ ვბრუნდები, ყოველთვის ვგრძნობ, რომ ახლოს ვარ ჩემს ბავშვობასთან და ყველანაირ სტრესს ადვილად ვუმკლავდები.
ნინო ჯავახიშვილი