"ჭანკვეტაძეებს გარიგება ჩაეშალათ, რადგან თამაზსა და ინგას ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი" - თბილისში ლეგენდად ქცეული წყვილის ამბავი
"თამაზმა თეატრალური რომ დაამთავრა, ჭიათურის თეატრში წავიდა მსახიობად. რომ ვკითხე, ბიჭო, რა გინდა ამ ჭიათურაში-მეთქი, იცით, რა ჭკვიანური რამ მითხრა? - დიდ სუფრასთან მოადგილეობას პატარა სუფრის თამადობა მირჩევნიაო"
მსახიობის, ჟურნალისტისა და ანსამბლ "ქართული ხმების" პირველი თაობის მომღერლის - თამაზ ელიავასა და მისი მეუღლის - ინგა შანიძის ულამაზესი წყვილით ბავშვობიდან აღტაცებული ვიყავი. ინგა შანიძის მამისეული სახლი ჭიათურაში ჩემი ბიძების სახლის მეზობლად იდგა და საზაფხულო არდადეგებზე იქ რომ ჩავდიოდი, მთელ დღეებს სწორედ მათ ეზოში ვატარებდით მე და ჩემი ბიძაშვილები, რადგან იმ პერიოდში იქაურობას მათი შვილებიც სტუმრობდნენ. ბატონი თამაზი და ქალბატონი ინგა ისეთი ლამაზები იყვნენ, მათ ცქერას არაფერი სჯობდა. სამწუხაროდ, თამაზ ელიავა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ინგა შანიძე კი უკვე 83 წლის გახდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო თავისი სიყვარულის ამბავს ვერაფრით მომიყვებოდა. არადა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა - ამგვარ წყვილს ყოველი ფეხის ნაბიჯზე მართლაც ვერ შეხვდები. დახმარება მათ უმცროს ქალიშვილს - ჩემი ბავშვობის მეგობარ მაია ელიავას ვთხოვე, მან კი, ვიდრე თავად მიამბობდა რაიმეს, მირჩია, ჯერ მშობლების სიყვარულის ამბის მომსწრეს, ბატონი თამაზის მეგობარს, ხელისმომკიდესა და უფროსი ქალიშვილის, ეკას ნათლიას - დიტო შაქარიშვილს გავსაუბრებოდი.
დიტო შაქარიშვილი:
- თამაზი ძალიან წესიერი და სუფთა კაცი იყო. ჩვენ 1952 წლიდან ვმეგობრობდით. 13-წლისანი ვიყავით, ერთმანეთი რომ გავიცანით. თამაზს დედა ადრე გარდაეცვალა და ბებიები ზრდიდნენ. ერთი ბებია - წარმოშობით პოლონელი მარი კანსტანტინოვნა (ასე ვიხსენიებდით) თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ცხოვრობდა, მეორე ბებია კი, კატო დაფქვიაშვილი - კალანდაძის ქუჩაზე. თავად მე დოლიძის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მაგრამ ძალიან დიდ დროს ვატარებდი ვერაზე, იქ უახლოესი მეგობრები მყავდა და თამაზსაც სწორედ იქ შევხვდი. მას შემდეგ განუყრელი მეგობრები გავხდით...
გაინტერესებთ სად გაიცნო ინგა? თამაზის თანაკლასელი იყო ეთერ ჭანკვეტაძე, თბილისში ძალიან ცნობილი გოგო, მახსოვს, დაც ძალიან ლამაზი ჰყავდა. ეთერი, ასევე, ენათესავებოდა, შანიძეებს. თამაზი ასე 20-21 წლის იქნებოდა, უკვე სტუდენტი იყო, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა (შემდეგ იქ სწავლა მიატოვა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, სამსახიობო ფაკულტეტზე). ეთერმა თამაზი თავის დაბადების დღეზე დაპატიჟა, თან, თურმე, მისთვის ვიღაც გოგო უნდა გაერიგებინათ. იმავე დაბადების დღეზე აღმოჩნდა ინგაც, რომელიც თამაზზე ერთი წლით უმცროსი იყო. ჭანკვეტაძეებს გარიგება ჩაეშალათ, რადგან თამაზსა და ინგას, ფაქტობრივად, ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. მახსოვს, შეყვარებულობისას ხანდახან წაკამათდებოდნენ ხოლმე და მე ვიყავი მათი შემრიგებელი. და არა მარტო შემრიგებელი - ხელისმომკიდეც მე ვიყავი. ხელისმოწერა უცებ გადაწყვიტეს, რომ იტყვიან, თათარიახლად და - ყველასგან დაფარულად, რადგან ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და მშობლებს ეს არ ესიამოვნებოდათ. ამიტომ ინგას ხელისმომკიდაც ჩვენი მეორე მეგობარი - ბაკური ბოკერია შევარჩიეთ. მმაჩის ბიუროში მხოლოდ ოთხნი მივედით - თამაზი, ინგა და ორი ხელისმომკიდე. მერე ორივენი ეკას ნათლიები გავხდით. თამაზმა თეატრალური რომ დაამთავრა, ჭიათურის თეატრში წავიდა მსახიობად. რომ ვკითხე, ბიჭო, რა გინდა ამ ჭიათურაში-მეთქი, იცით, რა ჭკვიანური რამ მითხრა? - დიდ სუფრასთან მოადგილეობას პატარა სუფრის თამადობა მირჩევნიაო. იქ, თეატრში მართლაც კარგად ჩანდა და აქ, რუსთაველის ან მარჯანიშვილის თეატრში შეიძლება დაკარგულიყო. გადასარევი სიმამრი და სიდედრი ჰყავდა. მეგობრები ხშირად ვაკითხავდით ხოლმე ჭიათურაში. ინგას მამა ჟორა შანიძე ცნობილი კაცი იყო, ვაჟკაცი. იმავე ეზოში ცხოვრობდა ჟორას ძმა - შოთა ოჯახით. ყველანი ძალიან თბილად მახსენდებიან. თამაზი და ინგა ბავშვებით ერთხანს იქ ცხოვრობდნენ. ეკაც საჩხერის სოფელ კვერეთის ეკლესიაში მოვნათლეთ, თუმცა თამაზს და ინგას მაშინ ჯვარი დაწერილი არც ჰქონდათ. დიდი ხნის შემდეგ დაიწერეს. ჭიათურიდან თბილისში რომ დაბრუნდნენ საცხოვრებლად, თამაზმა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე დაიწყო მუშაობა, მერე ანსამბლი "ჟურნალისტი" შეიქმნა, რომელსაც შემდეგ "ქართული ხმები" უწოდეს - არაჩვეულებრივი ბიჭების ნაკრები ღმერთივით კაცისა და მომღერლის, გოგი დოლიძის "თამადობით"...
თამაზი შესანიშნავი კულინარიც იყო, უგემრიელეს კერძებს აკეთებდა. მარტოდმარტო ისეთ სუფრას მოამზადებდა, გაოცდებოდი. განსაკუთრებით ხორცეულში იყო ჩემპიონი - ყველანაირი კერძი გამოსდიოდა ხელიდან. ინგაც, დედამისივით (ქალბატონი ფაჩუ უმაღლესი ტექნიკის დიასახლისი იყო), ძალიან გემრიელ საჭმელებს ამზადებდა. საოცრად მოსიყვარულე ცოლ-ქმარი იყო, გამორჩეული წყვილი, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ეფერებოდნენ, როგორ შეჰფოფინებდნენ ერთმანეთს. ეჰ, თამაზი აღარ არის ამქვეყნად, ინგა კი... ცოცხალი არის, მაგრამ... ისეთი დაავადება აქვს - ალცჰაიმერი, სადღაა ის ინგა, ახლა მისი მხოლოდ ჭურჭელია დარჩენილი...
ინგა რომ გათხოვდა, მისი ჭიათურელი ბიძაშვილები ლელი და გია შანიძეები პატარები ყოფილან. ლელი იხსენებდა, ეს ამბავი ყველასთვის შოკი იყო, რადგან ინგა გამორჩეულად უყვარდა ყველა შანიძეს, რადგან მიუხედავად ასეთი სილამაზისა, უკეთილშობილესი, თავმდაბალი, ყველას მოყვარული, სადა და უპრეტენზიო ადამიანი იყოო. მამა - ჟორა შანიძე აღმერთებდა თურმე ინგას. როცა ინგას გათხოვება გააგებინეს, ორივენი - ჟორაც და ფაჩუც ლოგინად ჩავარდნილან. ფაჩუ ლოგინშივე ქადაგად იყო დავარდნილი, ჟორა კი უხმოდ წოლილა, წნევა 180-მდე ასვლია. ლელის დედას ჟორასთვის ჩაუჩურჩულებია, არ ინერვიულო, ინგა ცუდ ბიჭს არ წაყვებოდა. ხომ შეურიგდებიო? ჟორას ცრემლიანი თვალებით შეუხედავს მისთვის და ფაჩუსგან ჩუმად თანხმობის ნიშნად თავი დაუქნევია.
ჟორა და ინგა გათხოვების შემდეგ პირველად ინგას მამიდა თინასთან შეხვდნენ ერთმანეთს. ინგა მამას რომ მოჰხვევია, ორივეს ცრემლები წამოსვლიათ.
თამაზი გარეთ იდგა, თურმე. ჟორას უთქვამს, ამოიყვანეო და ინგასაც სასწრაფოდ მიუყვანია. თამაზი ისეთი ლამაზი და ზრდილი ყოფილა, ჟორას ძალიან მოსწონებია.
მაია ელიავა, თამაზისა და ინგას უმცროსი ქალიშვილი:
- მამაჩემს დედა პატარა ასაკში მოუკვდა და მამის დედა ზრდიდა. ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, თანაც მსახიობს რა შემოსავალი უნდა ჰქონოდა და მამას თანაკლასელი და უახლოესი მეგობარი გოგი თოფაძე, თურმე, დედას ეუბნებოდა, თამაზს რას მიჰყვები, გოგო, მე წამომყევი, თვითმფრინავს გიყიდიო.
ძალიან ტკბილი ოჯახი გვქონდა, მუდამ სიმშვიდესა და სიწყნარეში ვცხოვრობდით. მეც და ეკამაც ვიცოდით, რომ მამასთვის ჯერ დედა იყო პირველი და მერე - ჩვენ, შვილები. ჩვენთან დაკავშირებულ რაიმე სანერვიულო ერთმანეთს უმალავდნენ. მაგალითად, სიგარეტის მოწევა რომ დავიწყეთ, მამა გვეუბნებოდა, ინგამ არ გაიგოს, თორემ გული გაუსკდებაო, ინგა კი გვეუბნებოდა, მამამ არ გაგიგოთ, მოგკლავთო... ალბათ უფრო ერთმანეთის განერვიულებას ერიდებოდნენ, ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ. თამაზს ძალიან უყვარდა კერძების მომზადება და ჩვენი - გამასპინძლება. ოჯახში სამი ქალი ვყავდით, ამიტომ მუდამ თავს გვევლებოდა, ზრუნავდა ჩვენზე - ყველაფერს ლამაზად დაგვიწყობდა და მოგვართმევდა ხოლმე. ისედაც, შეეძლო სერიოზული სუფრა მოემზადებინა. ერთხელ სტუმრები ჰყავდათ და მეგობრები სადღაც შეიკრიბნენ. შინ რომ დაბრუნდა, გვითხრა, ყველა გავაოცეო - სუფრასთან მიუტანია მთლიანი, გაუშრელი გოჭი, რომლის ნახევარი შემწვარი იყო, ნახევარი - მოხარშული. სტუმრები გაგიჟებულან, როგორ გააკეთეო? არ ვიცი, მათ გაუმჟღავნა თუ არა თავისი კულინარიული საიდუმლო, მაგრამ მე კი ამიხსნა: თურმე, მოუზელია ცომი პურის ფქვილით და მარილით, გოჭის ზუსტად ნახევარი ამ მასით შეუფუთავს და შესაწვავად შეუდგამს. ასე გამოვიდა ნახევრად დაბრაწული და ნახევრად მოხარშული გოჭი, რომელსაც სუფრასთან მიტანის წინ ცომის გამომცხვარი მასა შემოხსნეს...
დღესასწაულებზე და დაბადების დღეებზე შინ ყვავილების გარეშე არ შემოვიდოდა. დედას გამორჩეულად ტიტები და იები უყვარდა და მამასაც სწორედ ისინი მოჰქონდა. ინგას ძალიან უყვარდა სამკაულები და მამას ფული თუ ჩაუვარდებოდა ხელში, აუცილებლად რაიმეს უყიდდა. სახლში რომ შემოვიდოდა, დედას ეტყოდა, აბა, ჯიბეში ჩამიყავი ხელი და ნახე, რა მიდევსო. დედაც ბედნიერი იყო - აუცილებლად გემოვნებით შერჩეულ, ლამაზ სამკაულს ამოაძვრენდა ხოლმე.
- თავად გაქვს მოსიყვარულე ოჯახი და მისი ფასიც კარგად იცი, როგორ დაახასიათებდი იმ ოჯახს, სადაც თავად გაიზარდე, მაინც რით გამოირჩეოდა? - თითქოს, ნებისმიერ ოჯახში ხდება რაღაც უთანხმოება, მაგრამ... არ მახსოვს, ჩემი მშობლების ოჯახში თამაზს ან ინგას ოდესმე ხმისთვის აეწიათ, არ მახსოვს, მამას გინება ან რაიმე მაგდაგვარი დასცდენოდა. ყოველთვის თვალებში შესციცინებდა დედას. ერთადერთი, 1990-იან წლებში პოლიტიკური შეხედულებების გამო გაეყოთ აზრი, თორემ მსგავსი ჰარმონიული ურთიერთობა არც ერთ ოჯახში არ მინახავს. ზოგჯერ მიფიქრია კიდეც, ნუთუ ამ ოჯახში პრობლემა არასდროს ჰქონიათ, თუნდაც ეკონომიკური-მეთქი? ფაქტია, მე არაფერი გამიგია. მამა ტელევიზიაში რომ მუშაობდა, ხან ჩაწერა გრძელდებოდა გვიანობამდე, ხან სადღაც უხდებოდა წასვლა, მაგრამ არ მახსოვს, დედასთვის წინასწარ არ დაერეკა და საქმის კურსში არ ჩაეყენებია, რომ აგვიანდებოდა. მაშინ მობილურები არ იყო, მხოლოდ ხაზის ტელეფონები გვქონდა და დედას აფრთხილებდა, თუ რაიმე დაგჭირდეს, აქა და აქ ვარ და დამირეკეო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გრძნობა ჰქონდა. ამ გადასახედიდან რომ ვუფიქრდები, თითქოს დედა უფრო ზღუდავდა საკუთარ ემოციებს, უფრო თავშეკავებული იყო მისი გამჟღავნებისას, მამა კი უფრო მეტ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდა, ინგას მზესავით უყურებდა; დედა თითქოს უფრო წყენია იყო, მამა - არასდროს. მამა მოგზაურობიდან რომ ჩამოვიდოდა ხოლმე, უნდა გენახა, კარის გაღებისას რა შეხვედრა ჰქონდა ინგასთან, როგორ ჩაკოცნიდა და მოეფერებოდა.
- მამა რამდენი წლის წინ გარდაიცვალა? - 2011 წელს გარდაიცვალა, 72 წლის ასაკში. ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. მამას ავადმყოფობის პარალელურად დაავადდა დედას უმცროსი ძმა - დათო. დედა ძალიან განიცდიდა ორივეს ამბავს. ჯერ დათო გარდაიცვალა, შემდეგ - მამა. მამამ ისე დალია სული, დედას ხელი ეკავა ხელში. დედას ტვინის, აზროვნების პრობლემებიც მაშინ დაიწყო. მამას გარდაცვალების შემდეგ თითქოს ყველგან მამას ხედავდა, მისი ოდეკოლონის სუნს გრძნობდა... მამას გარდაცვალებამ საბოლოოდ შეცვალა მისი და, შესაბამისად, ჩვენი ცხოვრება.
(სპეციალურად საიტისთვის)