"ასეთი ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა და ცოცხლობდა თავისი ქვეყნის სიყვარულით"
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
პროცესზე სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა: "მე ვერც ციხე გამტეხს, კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედა-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ.
არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია", - განაცხადა მელაშვილმა.
kvirispalitra.ge ივერი მელაშვილის მეუღლეს, თამარ სულაძეს დაუკავშირდა:
- ივერი წლების მანძილზე თავისი პროფესიით მუშაობდა და 1994 წელს, როდესაც შეიქმნა დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია, ის ამ კომისიის წევრად აირჩიეს. მას შემდეგ ამ კომისიაში მუშაობდა და ყოველთვის თავის საქმეს აკეთებდა წესიერად და პატიოსნად. 2004 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსად მუშაობდა. როცა ამ საქმის გამოძიება დაიწყო, ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს.
ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება წესიერად და პატიოსნად იცხოვრა და მისთვის მთავარი ღირებულება წესიერებაა და თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია, უცებ რომ აბრალებ ღალატს, ეს ძალიან მძიმეა. ახლა ის რომ დაპატიმრებულია და ციხეშია, ამაზე უფრო დიდი სასჯელი ის არის, რომ მას ეს ბრალდება აქვს წარდგენილი. ასეთი ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა და ცოცხლობდა თავისი ქვეყნის სიყვარულით.
უცებ წესიერი და პატიოსანი ადამიანის სახელი გაქვს და ამას რომ ეხებიან და ამ საქმეს მოღალატეობრივი საქმე რომ უწოდეს და ეს გესმის, მძიმეა. ყველამ კარგად იცის სინამდვილეში, რომ ამდაგვარი არაფერი ხდება და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მაქვს იმის მოლოდინი, რომ მალე მისი უდანაშაულობა დამტკიცდება. დღეს მაძლიერებს ის რომ ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობ, მათ შორის სრულიად უცხო ადამიანების და ყველა, ვინც კი ოდნავ შეხებაში იყო ივერისთან, მირეკავს და ყველა მხარდაჭერას გამოხატავს, მეუბნება რომ გვერდში გიდგანან. არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთიდანაც მირეკავენ და მამხნევებენ. ნახეთ მოქმედმა ელჩმა, გიგიაძემაც გააკეთა განცხადება და მხარდაჭერა გამოუცხადა ივერის, ალბათ კარგი დღე არ დაადგება ამის გამო. სხვები, ვინც საგარეოში მუშაობს ვფიქრობ ვერ ბედავენ ხმამაღლა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ალბათ ეშინიათ სამსახურის დაკარგვის, რამე შარი არ მოუდონ, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ თავის გულში ყველა მხარს უჭერს მას და ყველა ხედავს რომ წესიერი ადამიანი დააკავეს.
- ელოდით რომ სასამართლო პატიმრობას შეუფარდებდა?
- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. გასაგებია, რომ რაღაც პიარის აწევა უნდათ ამ არჩევნების წინ, მაგრამ თუ ასე შორს წავიდოდნენ და წესიერ ადამიანს არარსებული საქმისთვის, ამ უსინდისო ბრალდებით ჩასვამდნენ ციხეში ამას ვერც წარმოვიდგენდი.
- თვითონ თუ ელოდებოდა დაკავებას? მას ხომ სისტემატურად იბარებდნენ პროკურატურაში დაკითხვაზე და კარგად იცოდა, რა ბრალდებაზე მუშაობდა პროკურატურა.
- მგონი თვითონაც არ ელოდებოდა დაკავებას. როცა ჩხრეკა ჩაატარეს და საქმე აღძრეს, თქვა, არც დაკავებას გამოვრიცხავო, მაგრამ მგონი შინაგანად ამას არ ელოდებოდა. იმიტომ რომ, როცა ადამიანს დანაშაული არ გაქვს ჩადენილი, ვერ წარმოიდგენ რომ დაგაკავებენ. არც ადვოკატი გვყავდა აყვანილი, მარტო დადიოდა პროკურატურაში, როცა მას იბარებდნენ. გვეუბნებოდნენ ახლობლები, ადვოკატთან ერთად მივიდეს პროკურატურაშიო, მაგრამ ივერი ამბობდა რატომ უნდა მივიდე ადვოკატთან ერთადო? რომ მივდივარ მეკითხებიან იმაზე, რასაც ვერ იგებენ და მე განმარტებებს ვაძლევო. მართლა არ თვლიდა საჭიროდ ადვოკატთან ერთად ევლო, მაგრამ როგორც ხედავთ შეუთითხნეს მათ ბრალი.
- ნატალია ილიჩოვასთან ერთად შეთანხმებულად მუშაობდაო, ამბობს პროკურატურა და არის ეჭვი, რომ მან იცოდა ილიჩოვასთან ის რუკები რომ ინახებოდა, ამაზე რას იტყვით? - ეს ტყუილია, რუკის დედანი რამდენადაც ვიცი, ყოფილა სომხეთში და ეს დედანი ვერ იქნებოდა ნატალიასთან. ნატალიამ განმარტა კიდეც სასამართლო პროცესზე თუ რამე იყო მის კომპიუტერში და ოფისში, ეს იყო მისი სამუშაო. ამ სამსახურში მუშაობდა ექნებოდა რუკა და ექნება შეთანხმებები ოფისში აბა რა იქნებოდა, ეს არის უსუსური ბრალდება, რომ ისინი რაღაცას მალავდნენ. სინამდვილეში არაფერს არ მალავდნენ, მაშინ ოფისში კი არ ექნებოდათ. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო მასალა, ამიტომ ჰქონდათ რუკა, შეთანხმებები და გადაწყვეტილები ოფისში და ამას არავინ არ უმალავდა არავის.
- თავისი ბრალის ირგვლივ თუ საუბრობდა დაკავებამდე თქვენთან თქვენი მეუღლე და რას გეუბნებოდათ? - როცა ვკითხე, ამიხსნა არავითარი ამდაგვარი რამ არ არის, რა ბრალდებასაც მიყენებო. ის 1938 წლის რუკა არ იყო სრულყოფილი და მისი გამოყენება არ შეიძლებოდაო. მამა კირიონი და სხვები ამ საქმეში დილეტანტები არიან და ვერ შეაფასეს სწორად რეალობაო. ეგონათ, რახან დავიწყეთ ჩვენია, ჩვენია, მოგვცემენო, მაგრამ ასე ხომ არ ხდება სინამდვილეში. თუ იურიდიულად არ გეკუთვნის, ვინ მოგანიჭებს. იქ სხვა ამბებია. ხახულიც, ოშკიც ჩვენი იყო, ოდესღაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდეც ვიყავით, მაგრამ ოდესღაც რომ ვიყავით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმე მოგვაკუთვნებს? აქ უნდა სპეციალისტების ჩართვა და იმის დადგენა რა გეკუთვნის და რა არა, რაც არ გეკუთვნის, იმას არავინ მოგცემს ჩვეულებრივი გზით და ომს ხომ არ დაიწყებ ადამიანი. მის სიმართლეში დარწმუნებული ვარ და შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ოჯახისთვის ეს ბრალი და კიდევ ერთხელ ვამბობ, მისთვის უფრო დიდი სასჯელია რომ მას დებენ ბრალს სამშობლოს ღალატში. ის არის უაღრესად პატრიოტი ადამიანი და გაიზარდა ამ შემართებით. არასდროს გვიგროვებია სიმდიდრე და არც გვაქვს არაფერი ისეთი, მაგრამ ჩვენი სიმდიდრე ის არის, რომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ვართ წესიერები და პატიოსნები. ეს არის ჩვენი ფასეულობა და ამ დროს ზუსტად ამ ადგილზე რომ გაჭერენ, ეს საშინელებაა და უწოდო ადმიანს მოღალატე, ეს საშინელი ბრალდებაა, მითუმეტეს წესიერი ადამიანისთვის.
- როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ძალიან ვღელავ ამაზე, ხომ უნდა გაუძლო ადამიანმა ამ სტრესს. ვფიქრობ, ძლიერად შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ მაინც ძნელია.
- პროკურატურაში მოხდა მისი დაკავება?
- დაიბარეს ისევ გამოკიხვაზე, როგორც სხვა დროს. სხვა დროს ეკითხებოდნენ იმ რუკებზე რაშიც ვერ ერკვეოდნენ და ესეც უხსნიდა. გვეგონა, რომ ისევ დაკითხავდნენ და გამოუშვებდნენ, მაგრამ წასვლიდან ორ საათში დამირეკა და მითხრა, დაგვაკავესო. არც დამიშვია, რომ უდანაშაულო ადამიანს ასეთ რამეს წაუყენებდნენ, ამის შემდეგ დავუკავშირდი არასამთავრობოებს. ხედავთ აქციები იმართება, ძალიან კარგია, როცა მხარს გიჭერენ და ხალხი ხედავს, რომ მართალი ადამიანია. კარგია, რომ ხალხი ხედავს სიმართლეს, ძალიან მადლიერი ვარ ამით, თუ სადმე სამართალი არსებობს ერთი პროცენტით მაინც, მან თავისი სიმართლე უნდა დაამტკიცოს, მაგრამ თუ ქვეყანა ჩალით არის დახურილი, მაშინ ვერ დაატკიცებ.
(სპეციალურად საიტისთვის)