"2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილთან შედგა შეხვედრა... სხდომაზე მელაშვილი უტიფრად იქცეოდა" - რა წერია არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაში
"იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თითქოს ნიღაბი მოიხსნა და ჩვენ მიმართ აგრესიული პოზიცია დაიკავა. ისინი აზერბაიჯანის ინტერესებს უფრო იცავდნენ, ვიდრე საქართველოსი და გვიმტკიცებდნენ, რომ ეს ტერიტორიები საბჭოთა კავშირის დროიდან იყო აზერბაიჯანის ტერიტორიალურ სივრცეში და მასზე ჩვენი იურიდიული უფლებები არ ვრცელდებოდა"
8 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს - ივერი მელაშვილა და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს ნატალია ილიჩოვას.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
"კვირის პალიტრა" გთავაზობთ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონის ჩვენებას. ჩვენების დასაწყისში არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ 2005 წლის გაზაფხულამდე, უდაბნოს მონასტრის მთის ფერდის გადაღმა, აზერბაიჯანის სივრცისკენ, ფერდის ძირიდან 550-600 მეტრის დაშორებით ბილიკი იყო, რომელზეც ქართველი მესაზღვრეები მორიგეობდნენ.
(სტილი დაცულია) "პრობლემა არ იყო არათუ ჩიჩხიტურსა და უდაბნოში მისვლაზე, არამედ თვით ბერთუბანშიც კი, რომელიც დღეს არსებული შეთანხმებული სასაზღვრო ხაზიდან 1,5-2 კმ-ით აზერბაიჯანის სიღრმეში მდებარეობს. 2005 წლამდე მე ბერთუბნის მონასტერში რამდენიმეჯერ ვარ გადასული და ღამეც კი გამითევია. იქ აზერბაიჯანის რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი არ მინახავს, მხოლოდ მწყემსები მხვდებოდნენ. 2005 წლის გაზაფხულიდან (მაისის თვიდან) ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დაითხოვეს ძველი მესაზღვრეები და ამ სექტორზე დარჩენილ მესაზღვრეებს ჩემ მიერ ზემოთ აღწერილ საავტომობილო გზაზე ქართულმა ხელმძღვანელობამ გადაადგილება აუკრძალა. მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ამ ქმედებაში საფრთხე ვერ დავინახე. 2005 წლის შემოდგომაზე უკვე ამ საავტომობილო ბილიკზე ე.წ. ვილისის მარკის ავტომობილებმა დაიწყეს სიარული, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, ეკუთვნოდა აზერბაიჯანის მხარეს. მაშინ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, თუკი ოდესმე აზერბაიჯანული მხარე პრეტენზიას დააყენებდა ჩიჩხიტურის, უდაბნოს და ვერანგარეჯის ტერიტორიებზე, ამიტომ არც ამ ფაქტს გამოუწვევია იმ მომენტისათვის ჩემში განსაკუთრებული მღელვარება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის ყურება ჩემთვის მტკივნეული იყო.
2007 წელს პროცესები კიდევ უფრო დამძიმდა. უკვე მართლაც საგანგაშო მდგომარეობა წარმოიშვა - აზერბაიჯანის მხრიდან ჩიჩხიტურის მონასტერში ამოვიდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, დაიკავეს არსებული მონასტერი და განაცხადეს, რომ ეს მათი ტერიტორია იყო და ამ დროიდან არც საქართველოს მხრიდან სასულიერო პირებს, არც მომლოცველებს, ტურისტებზე საუბარი ზედმეტია, ჩიჩხიტურის მონასტერში მისვლა აღარ შეეძლოთ. ჩიჩხიტურის მონასტერი დღემდე აზერბაიჯანელების მიერ არის დაკავებული და იქ ქართველ სასულიერო პირებსა და მომლოცველებს მისვლა ეკრძალებათ. მონასტერი ჩიჩხიტური მდებარეობს იმავე ქედის მთის თხემზე, რომელზედაც 15კმ მანძილის დაშორებით მდებარეობს მონასტერი უდაბნო და მონასტერი ვერანგარეჯი. აზერბაიჯანელების მიერ ჩიჩხიტურის მონასტრის დაკავებას საზოგადოებისა და ეკლესიის მხრიდან მძიმე რეაქცია მოჰყვა. იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ სიტუაცია აუცილებლად დარეგულირდებოდა და ვითარება კვლავ ძველ კალაპოტში ჩადგებოდა. იყო შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბევრი მსჯელობა, დაპირება. დრო გადიოდა, მაგრამ შედეგი არ დგებოდა. მაშინ ამ პოლიტიკურ ნიუანსებში და ხელისუფლებასთან ურთიერთობაში სრულიად გამოუცდელი ვიყავი. ვერ წარმოგვედგინა, თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი რეალობა, სადაც ხელისუფლება ქართულ ინტერესებს პრინციპულად არ დაიცავდა, ამიტომ ჩვენ ხელისუფლების შეპირებების მიმართ პოზიტიურად განწყობილები ვიყავით. 2007 წელი გავიდა ისე, რომ დე ფაქტო მდგომარეობა არ აღმდგარა. პერიოდულად იყო შეხვედრები, იმედის მომცემი საუბრები, თუმცა შედეგი - არავითარი. შემდგომ იყო 2008 წლის აგვისტო და რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გარეჯის პრობლემებზე ვეღარც ხელისუფლება და ვეღარც საზოგადოება პრინციპულ ფოკუსირებას ვერ ახდენდა. ჩვენც მომავლის იმედით ვეგუებოდით ამ მდგომარეობას და გვეგონა, ხელისუფლება ვითარებას აუცილებლად შეცვლიდა. ამ იმედის სრული გაწბილება მოხდა 2012 წლის 6 მაისს, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უკვე უდაბნოს მონასტერიც ვერანგარეჯთან ერთად დაიკავეს. აი, აქ იმჟამინდელი ხელისუფლების პოზიციამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკების ქმედებამ საბოლოოდ ჩვენს იმედებს წერტილი დაუსვა.
ხელისუფლების მიმართ არსებული ნდობა არა ემოციის, არამედ მთლიანად ფაქტებისა და განსჯის შედეგად გაქრა. ხელისუფლებამ, როგორც 2007 წელს, დაიწყო იგივე საუბრები, შეპირებები, მაგრამ ეს უკვე ჩვენთვის ნაცნობი პოლიტიკური მანევრი იყო და სრული უნდობლობა გამოვხატეთ. აღარ წავყევით ხელისუფლებას იმ პოლიტიკურ თამაშში, რომელიც მან ერთხელ, 2007 წელს ჩიჩხიტურთან მიმართებაში ჩაიდინა და მოვთხოვეთ, მიეღო მყისიერი ქმედებები, რითაც აღდგებოდა ისტორიულად არსებული დე ფაქტო მდგომარეობა. ამის შემდგომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თითქოს ნიღაბი მოიხსნა და ჩვენ მიმართ აგრესიული პოზიცია დაიკავა. ისინი აზერბაიჯანის ინტერესებს უფრო იცავდნენ, ვიდრე საქართველოსი და გვიმტკიცებდნენ, რომ ეს ტერიტორიები საბჭოთა კავშირის დროიდან იყო აზერბაიჯანის ტერიტორიალურ სივრცეში და მასზე ჩვენი იურიდიული უფლებები არ ვრცელდებოდა. ამ პოლიტიკის ფუნდამენტალური გამტარებელი, პირველ რიგში, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი - სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრი და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ივერი მელაშვილი. ის ყველა ხრიკს და ყველა ღონეს ხმარობდა ჩვენს და კერძოდ, ჩემს დასაბნევად. პირადი შეხვედრებისას მანახებდა სხვადასხვა წლის რუკებს, რომელიც მოგვიანებით გავიგე, რომ არავითარ შემხებლობაში არ იყო გარეჯის საკითხის იურიდიულ ჩარჩოსთან და ამ მანიპულაციებით ცდილობდა საზოგადოების, ეკლესიის, მონასტრისა და ჩემს დაბნევას.
ამ დროიდან ინტენსიურად დავიწყე გარეჯის სასაზღვრო საკითხის კვლევა არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. გამოიკვეთა, რომ ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენისათვის 1996 წლის 13 ივნისს დაიდო ორმხრივი ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენს რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვარი უნდა გავლებულიყო 1938 წლის რუკაზე დატანილი სასაზღვრო ხაზის მიხედვით, მელაშვილი კი საყრდენად შემდგომი წლების რუკებს იყენებდა, რომლებიც არანაირ იურიდიულ საფუძველს არ ეყრდნობოდა და საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ ცვლიდა სამართლებრივ კარტოგრაფიულ ვითარებას. ეს კი მისი მხრიდან ცალსახად დანაშაულს წარმოადგენდა, ვინაიდან მას მხოლოდ და მხოლოდ უნდა ესარგებლა იმ კარტოგრაფიული მასალით, რომელზეც ორმხრივად იყო ხელი მოწერილი სახელმწიფო კომისიების დონეზე. მელაშვილის გარდა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა იმჟამინდელი მთავრობის საგარეო საქმეთ მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. მან, როგორც მახსოვს, 2012 წლის მაისის მოვლენების დროს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას. ეს ყოველივე, ჩემის აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფოებრივ დანაშაულს, ვინაიდან: 1) ნინო კალანდაძის ამ ოფიციალური პრესკონფერენციიდან 2 საათში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის სპიკერმა განაცხადა: "როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს მონასტრები საბჭოთა კავშირის დროიდან წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას..." ანუ აზერბაიჯანის მხარე დაეყრდნო ჩვენი სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას და უკვე ის ლამის იურიდიულ რანგში გვიღიარა. 2) ჯერ დაუდგენელი სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე, რომელსაც დავითგარეჯა წარმოადგენდა და რომელზეც მუშაობდა აზერბაიჯანისა და საქართველოს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები, მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აპრიორში ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანს მიაკუთვნებდა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტები ყველა სამართლებრივ ცივილიზებულ სახელმწიფოში დანაშაულად მიიჩნეოდა. იმჟამინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივ პოლიტიკას საზოგადოებისა და ეკლესიის მძაფრი რეაქციები მოჰყვა. კერძოდ, თბილისში სტუდენტებმა და საზოგადოების წევრებმა გამართეს საპროტესტო აქციები, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ჩატარდა უდაბნოს მონასტერშიც. ამ აქტივობამ შედეგი გამოიღო - ხელისუფლება იძულებული გახდა, დაეკავებინა პრინციპული პოზიცია და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თხემის გადაღმა, მათ მხარეს არსებულ დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ. როგორც მახსოვს, აზერბაიჯანის მესაზღვრეებს მონასტერი უდაბნოს ტერიტორია დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. ამის შემდგომ მონასტერი უდაბნო ვერანგარეჯთან ერთად ერთდღიანი, მაქსიმუმ ორდღიანი ფრაგმენტების გარდა, აღარ დაკეტილა 2019 წლის 19 ივლისამდე. ამ თარიღიდან დღემდე მონასტერ უდაბნოში ქართველი მომლოცველების ასვლა შეუძლებელია. ანუ, ფაქტობრივად, დღეს ქართული მხარისათვის დაკეტილია მონასტერი უდაბნო, ვერანგარეჯთან ერთად. აღარაფერს ვამბობ ჩიჩხიტურზე და მით უმეტეს - ბერთუბანზე, რომლებიც ასევე დაკეტილია ქართული მხარისათვის. ამის შემდგომ მე მივხვდი, რომ აუცილებელი იყო ყველა დოკუმენტაციის და კარტოგრაფიული მასალის მოძიება. რამდენიმეხნიანი კვლევის შედეგად მოვიძიე მცირე მასალები, მაგრამ ეს სერიოზულ ხარისხს ვერ ქმნიდა, ამიტომ დახმარებისათვის მივმართე იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ალასანიას. მან გულისყურით მომისმინა, დაიტოვა ჩემს ხელთ არსებული მცირე მასალები და პირობა მომცა, რომ ამ საკითხს მაღალ პროფესიულ დონეზე გამოიკვლევდა.
გარკვეული დროის შემდეგ ხელმეორედ შევხვდით. ამ საკითხისადმი ჩემი ემოციური დამოკიდებულების გამო მეტ დინამიკას მოვითხოვდი, ბატონი მინისტრი კი, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, უფრო მეტ სიფრთხილეს და სიდინჯეს იჩენდა. შემპირდა, რომ საკითხს ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიკვლევდა. მან ამ საკითხის მოკვლევა დაავალა კარტოგრაფიის სამმართველოს უფროსს, ბატონ ნოდარ ხორბალაძეს და მის გუნდს, და ამავე დროს სთხოვა, რომ მეც მათთან მეთანამშრომლა. მოვიარეთ მრავალი დაწესებულება და არქივი, მოვიძიეთ საჭირო დოკუმენტაციები, მაგრამ მთავარს - 1936-38 წლის 1:200 000 მასშტაბის მორიგე რუკას ვერ მივაკვლიეთ. ყველა არქივიდან გამქრალი იყო. საოცარია, მაგრამ ეს უმთავრესი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ამ საკითხში მთავარ ფუნდამენტს წარმოადგენს, არც სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აღმოჩნდა. ივერი მელაშვილმა თავდაპირველად განგვიცხადა, რომ ამ რუკას არ ფლობდა, მოგვიანებით კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მას ეს რუკა ჰქონდა. მას ვუთხარით, თავის დროზე, როცა ჩვენგან ამ რუკის მოთხოვნა იყო, რატომ არ გაგვიმხილა. მელაშვილმა ეს გაუგებრობითა და დაბნეულობით ახსნა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში მისვლისას ჩვენ შევხვდით სახელმწიფო დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას. მასაც ვთხოვეთ, ჩვენთვის გადმოეცა 1936-38 წლის 1:200 000 მასშტაბის რუკა. ამ თხოვნამ ის საკმაოდ დააბნია და გვითხრა, რომ მის ხელთ ამდაგვარი რუკა არ არსებობდა. 2014 წელს, გაზაფხულზე - ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან შედგა შეხვედრა. შეხვედრას ვესწრებოდით მე, ნოდარ ხორბალაძე, თედო გორგოძე, ასევე ბატონი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე. ამ შეხვედრაზე მოხდა ჩვენი მოძიებული მასალების წარდგენა პრემიერ-მინისტრთან და თხოვნა, რომ მისი პატრონაჟით გაგრძელებულიყო ამ პრობლემის ძირეული მოკვლევა. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს საკითხი მისი, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ღირსების საქმედ გაიხადა. ამ პრობლემის ძირეული შესწავლა-დამუშავება დაავალა სახელმწიფო კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის სამსახურს... რამდენიმე შიდა შეხვედრის შემდგომ საქმეში აქტიურად გამოიკვეთა ბატონი გიორგი სვანაძის როლი. მან მაღალპროფესიულ დონეზე იურიდიული და კარტოგრაფიული მასალები დააჯგუფა და შექმნა ადვილად დასანახი სურათი. ამის შემდეგ გადაწყდა, დანიშნულიყო გაფართოებული სხდომა, სადაც ყველა ძალოვანი სტრუქტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იქნებოდნენ მოწვეული. სხდომა გაიმართა, როგორც მახსოვს, 2015 წლის დასაწყისში...
ამ სხდომაზე მელაშვილი უტიფრად იქცეოდა. ის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების კარტოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ნოდარ ხორბალაძეს, შეიძლება ითქვას, ირონიულ პასუხებს სცემდა... მელაშვილს არც ერთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია. მხოლოდ ზოგადი თემებით შემოიფარგლებოდა. მან ხორბალაძეს ამ საკითხში უცოდინარი და დილეტანტი უწოდა. შემდგომ საქმეში ჩაერთო ბატონი გიორგი სვანაძე და რამდენიმე კითხვის დასმის შემდეგ მელაშვილი საკუთარ ტყუილებში გაიხლართა. მე მელაშვილს შევახსენე მისი კანონსაწინააღმდეგო (დანაშაულებრივი) ქმედებები, კერძოდ, ის წლების განმავლობაში გვანახებდა კალკის ქაღალდზე ვითომ რუკიდან ამოხაზულ ე.წ. ვიკაპიროვკას და გვეუბნებოდა, რომ ეს იმ რუკიდან ამოხაზულია, რომელსაც 1938 წელს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ მოეწერა ხელი და რომელზეც მოხდა შეთანხმება, ჩვენ კი აქამდე ჩვენი შიდა სამუშაოების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ეს ე.წ. ვიკაპიროვკა არ ემთხვეოდა არც 1:200 000 მასშტაბის და არც 1:500 000 მასშტაბის რუკებს და სრულიად გაუგებარი იყო, ამდენი ხნის განმავლობაში რომელი რუკის ე.წ. ვიკაპიროვკით სარგებლობდა მელაშვილი. მას ასევე შევახსენე არა იურიდიული, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ანუ ის სულისკვეთება, რომელიც მას გააჩნდა ამ საკითხში, კერძოდ, მუდმივი ლოიალური დამოკიდებულება აზერბაიჯანელთა პოზიციების მიმართ და უპრინციპობა ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებისადმი. ამ შეხვედრაზე მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ აქ კანონდარღვევები ჩადენილი იყო არა მართლაცდა გაუგებრობითა და უმეცრებით, არამედ შეგნებულად მორგებული იყო ორ გარდაუვალ პრინციპზე. პირველი - რომ ხდებოდა საქართველოს პოზიციების დათმობა ფინანსური ინტერესების გამო, ან მეორე - რომ ამგვარი დირექტივა მოდიოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან და მელაშვილი, მისდა სამარცხვინოდ, ამის აღმსრულებელი იყო. ივერი მელაშვილის პოზიციების გამართლება და დაცვა დაიწყო იმჟამინდელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ჯალაღონიამ, მე მის პოზიციებზეც მქონდა კრიტიკული დამოკიდებულება...
მელაშვილმა დაინახა რა, რომ სერიოზული ბრალდებების წინაშე დადგა თავისი არაკეთილსინდისიერად წარმოებული საქმის გამო და ვერც ერთ კონკრეტულ კითხვაზე გამართულ პასუხს ვერ იძლეოდა, ცუდად გახდომის ინსცენირება მოაწყო, დატოვა სხდომა გარეთ ჰაერზე გასვლის მიზეზით და უკან აღარ დაბრუნებულა... ის კომისიის წევრობიდან განთავისუფლებამდე იცავდა თავის პოზიციებს კვლავაც ზოგადი ფრაზებით, კონკრეტული არგუმენტების გარეშე. მას უფლება არ ჰქონდა, გადაეხვია 1938 წლის რუკაზე დატანილი საქართველოსა და აზერბაიჯანის გამყოფი ხაზიდან. მიუხედავად ამისა, მელაშვილი თავის საქმიანობაში იყენებდა შემდგომი წლების რუკებს. ამის შედეგად სახელმწიფო დადგა საფრთხის ქვეშ, დაკარგულიყო საქართველოს კუთვნილი 6 700 ჰა ტერიტორია. ამ ყოველივეს მუშა პროცესის დონეზე ივერი მელაშვილი ასრულებდა ნატალია ილიჩოვასთან ერთად. აღნიშნული ციფრის შესახებ ცნობილია თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტისა და თსუ კარტოგრაფიისა და გეოდეზიის კათედრის კვლევებით, რომლებიც დღემდე მიმდინარეობს და ციფრი შესაძლოა გაიზარდოს.
როგორც მახსოვს, 2005-2006 წლებში - ზუსტი თარიღის მითითება არ შემიძლია - მოხდა აზერბაიჯანისა და საქართველოს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების წევრების შეხვედრა ჩვენს მონასტერში, კერძოდ, მონასტრის სატრაპეზოში. მხარეებმა თავსა და ბოლოში გაშალეს თავიანთი მასალები. ამ დროს ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა, რომ აზერბაიჯანის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა რუკა, რომელზეც საზღვრის ხაზი აზერბაიჯანის მხარეს თხემის ძირში გადიოდა, რითაც მონასტრები - უდაბნო, ვერანგარეჯა და ჩიჩხიტური ჩვენს მხარეს შემოდიოდა, ხოლო ივერი მელაშვილსა და მასთან ერთად მყოფ კომისიის წევრებს წარმოდგენილი ჰქონდათ რუკა, რომელზეც საზღვრის ხაზი ზედ თხემზე გადიოდა. ჯერ შეხვედრა დაწყებული არ იყო, რომ მივედით და მელაშვილს აღნიშნული ფაქტი ვუთხარით და ვთხოვეთ, რომ მას თავისი წარმოდგენილი რუკა დაეხურა და ეხელმძღვანელა აზერბაიჯანელების რუკით, ვინაიდან ეს სასარგებლო იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. მელაშვილმა საოცარი პასუხი გაგვცა - მე ამას ვერ ვიზამ, ეს არაჯენტლმენური საქციელი იქნებაო. ამის შემდგომ დღემდე აზერბაიჯანული მხარე უარყოფს იმ ფაქტს, რომ მას გააჩნია 1938 წლის რუკა, რომელზეც სახელმწიფოთა შორის მოეწერა ხელი და რომელი რუკაც თითქმის ყველა სადავო მონაკვეთს საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჭრის.
...როდესაც სიტუაცია კრიტიკულად დაიძაბა, როგორც მახსოვს, 2007 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ხედავს იგი დავითგარეჯის ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებს, მან განაცხადა, მე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შევთანხმდით, რომ სიმაღლეები, რომლებიც სტრატეგიულია და წარმოადგენს აზერბაიჯანის ინტერესს, გადაეცემათ მათ, მონასტრები კი დარჩება ჩვენს შემადგენლობაში. ეს განცხადება სრულიად არაპროფესიონალური და არასერიოზულია, ვინაიდან ამ თხემზე სიმაღლე და მონასტრები ერთმანეთისაგან გაუმიჯნავია, რადგან თხემის ორივე სიმაღლეზე განთავსებულია მონასტრები ჩიჩხიტური და უდაბნო. მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანმა თავისი ქმედებით პრეტენზია განაცხადა მთლიან თხემზე და თავისთავად მოჰყვა მასზე განლაგებული ყველა მონასტერი - უდაბნო და ჩიჩხიტური, ასევე ვერანგარეჯაც. ამ თარგის მიხედვით, ისე, რომ საქართველოს სახელმწიფოს არავითარი სარგებელი არ მიუღია, მოქმედებდა იმჟამინდელი ხელისუფლება და მათ შორის - ივერი მელაშვილი. ჩემის ღრმა რწმენით, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, უბრალოდ, დამოკიდებულება იყო არასახელმწიფოებრივი და არაეროვნული. აზერბაიჯანის სახელმწიფოს ლოიალობის სანაცვლოდ ისინი თმობდნენ ჩვენს უწმინდეს მონასტრებს და ძირძველ მიწებს. საქართველოს ისტორიის უმძიმეს წლებშიც კი, მე-16-მე-18 საუკუნეებშიც, მტკვრის მარცხენა სანაპირო მდინარე ალაზნის შესართავამდე განუყოფლად იყო საქართველოს შემადგენლობაში. სწორი და პრინციპული მიდგომით, ჩვენს ხელთ არსებული იურიდიული და კარტოგრაფიული მასალით, მონასტრები ჩიჩხიტური, უდაბნო და ვერანგარეჯა, ცალსახად საქართველოს კუთვნილებაა და სადავო საკითხად შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ ბერთუბნის მონასტერი".