მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...
ტელევიზორის წინ
ზუსტად ერთი კვირის წინ, მთელი ოჯახი ტელევიზორს მივჩერებოდით. სადღაც საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, «რუსთავი 2»-მა მედვედევის და ობამას პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში რომ ჩართო. ჯერ მედვედევმა დაიწყო: ჩამოთვალა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც ორი ქვეყანა შეთანხმდა, აქეთ ბირთვული იარაღის თემაო, იქით ავღანეთიო. ვიდრე მედვედევი ლაპარაკობდა, ჩემი ტელევიზორის წინ სიტუაცია იძაბებოდა: ნეტა რა ქნა ამერიკამ, გაგვცვალა რამეში? თუ გაგვცვალა, უეჭველად ომი იქნება, დავიღუპეთ და ეგაა. იქნებ საქართველოზე საერთოდ არ ილაპარაკეს? მედვედევი თითქოს ჩვენს ჯინაზე საუბარს არ ასრულებდა და მხოლოდ შეთანხმებულ საკითხებზე ლაპარაკობდა. ტელევიზორის წინ სულ უფრო ნერვიული ატმოსფერო იქმნებოდა: ნეტა რა მოხდა? დაგვთმო ამერიკამ? ჩემი ცოლი მედვედევს ყოველი სიტყვის შემდეგ ქოქოლას აყრიდა, - შეხედე, რას ჰგავს ეს კაცის არამსგავსი!.. როგორც იქნა, მედვედევი ლაპარაკს მორჩა ისე, რომ საქართველო საერთოდ არ უხსენებია. არა, უეჭველად გარიგდნენ და ჩვენზე ხმამაღლა ამიტომაც არ ლაპარაკობენ. ტელევიზორის წინ კიდევ ერთი მოსაზრება გამოითქვა, - მოიცადე, ობამას ვუსმინოთ, იქნებ მან მაინც თქვას ჩვენზე რაიმე. ობამამაც გამოსვლა შეთანხმებული საკითხებით დაიწყო. ბევრი ილაპარაკა თუ ცოტა, ბოლოს შეუთანხმებელ საკითხებზეც გადავიდა. ვიდრე «რუსთავი 2»-ის თარჯიმანი თარგმნას მოასწრებდა, «ჯორჯია» და «ტერიტორიალ ინტეგრიტი» გავიგონე და ტაში შემოვკარი: - აი, საქართველო ახსენა! ყველა გაისუსა. ამ დროს თარჯიმანმაც თარგმნა: «ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოზე და იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს... ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საკითხები მშვიდობიანად მოგვარდეს». მგონი გადავრჩით! ომი აღარ იქნება!-ტელევიზორის წინ შვებით ამოისუნთქეს, - ჯიგარი ხარ, ობამა!
უკვე პარასკევს უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმაც მთავარი აქცენტი ომზე გადაიტანა. ყველას გვახარა, - ობამას მოსკოვური ვიზიტის შემდეგ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ომი აღარ იქნებაო! როგორც ჩანს, ორშაბათს პრეზიდენტის ტელევიზორის წინაც იგივე ხდებოდა, რაც ჩემს შემთხვევაში.
არც გაგვყიდეს და არც გვიყიდეს
ხშირად გაიგონებთ ასეთ მოსაზრებას, რომ ამერიკა რუსეთთან ჩვენ გამო ურთიერთობას არ გაიფუჭებს. თუმცა ჩვენი პრობლემის მოგვარება ამერიკას რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების და დაძაბვის გარეშეც შეუძლია. მოგეხსენებათ, ზოგადად პოლიტიკა ვაჭრობაა. თუ აშშ-ს შეეძლო საქართველო რაღაცის სანაცვლოდ გაეყიდა, ასევე შეუძლია იყიდოს. მარტივად რომ ვთქვათ, შეუძლია რუსეთს საქართველოს სანაცვლოდ ისეთი რამ შესთავაზოს, რაზეც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი უარს ვერ იტყვის. შეიძლება საკითხს ვამარტივებ, მაგრამ რატომღაც მგონია, აქ მთავარი შეკითხვა ისაა, უღირს თუ არა ამერიკას ჩვენი ქვეყანა ასეთ ფასად?! როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ უღირს! მოსკოვური მოლაპარაკებები ჩვენთვის შეიძლებოდა სხვადასხვანაირი შედეგით დასრულებულიყო, - ამერიკას გავეყიდეთ, ან ვეყიდეთ. ჯერჯერობით საშუალო ვარიანტი მივიღეთ - არც გაგვყიდეს და არც გვიყიდეს.
ჭრელი კაბა, მარაო და ჩრდილი
ნინელი ჭანკვეტაძე სცენაზე პირველად ბათუმში ვნახე. პროვინციებში დედაქალაქური თეატრები არც ისე ხშირად ჩამოდიოდნენ (მგონი, ახლაც ასეა). ამიტომ ქალბატონ ნინელის მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი და უბრალოდ, ერთი ლამაზი ქალი მეგონა. ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა (სადღაც წინა საუკუნეში) და სამწუხაროდ, სპექტაკლის სახელწოდება არ მახსოვს. მონოსპექტაკლი იყო. ქალბატონი ნინელი მარტო თამაშობდა მთელ სპექტაკლს. მახსოვს, იმ დღეს მივხვდი, რომ იგი ფონს მხოლოდ სილამაზით არ გადიოდა. იმ დროიდან მისი, როგორც მსახიობის თაყვანისმცემელი ვარ. შემდეგ კინომსახიობთა თეატრში მისი მონაწილეობით რამდენიმე სპექტაკლი ვნახე და იმედი არც ერთხელ გამცრუებია. თუმცა ბოლო პერიოდში იგი მარტო ლამაზი ქალი და კარგი მსახიობი აღარაა. ქალბატონი ნინელი საზოგადოებრივი საქმიანობითაც დაკავდა, შეიძლება ითქვას, პოლიტიკითაც. კარგია ეს თუ ცუდი? ვერ გეტყვით. ხელოვანთა სურვილი, პოლიტიკოსებიც გახდნენ, ერთგვარ რისკს შეიცავს. ვისაც მათი ხელოვნება უყვარს, მათივე პოლიტიკური საქმიანობის გამო შეიძლება აღარ უყვარდეთ (მაგალითად, ხელისუფლების მომხრეებს). თუმცა ეს ქალბატონი ნინელის არჩევანი და მოქალაქეობრივი პოზიციაა. მართალია, მისი პოლიტიკურად და საზოგადოებრივად გააქტიურება ცნობილ «ბინების სკანდალს» დაემთხვა, მაგრამ აქტიურობა არც ამის შემდეგ შეუწყვეტია. აქტიურად მონაწილეობდა 9 აპრილის შემდეგ თითქმის ყველა აქციაში და პარასკევს საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზეც გამოჩნდა. თუმცა მისი გამოჩენა განსხვავებული გამოვიდა. ჭანკვეტაძე ჭრელ საზაფხულო კაბაში გამოწყობილი ტელეკამერების წინ კეკლუცად დაბზრიალდა. ქალბატონი ნინელი ხალხს ბოლო პერიოდში მიტინგებზე მკაცრი გამოსვლებითაც ახსოვს, არადა, იგი კარგი მსახიობი და ლამაზი ქალიცაა (იმ საღამოს საზოგადოებრივი დარბაზის დაფუძნებისადმი მიძღვნილ სიუჟეტს თითქმის ყველა სახელისუფლებო ტელევიზია ამ კადრით იწყებდა. თუმცა არა მგონია იმიტომ, რომ ლამაზი კადრი გამოვიდა).
საზოგადოებრივი მოძრაობის «დაიცავი საქართველო» დაფუძნებაზე მისული საზოგადოება ქალბატონი ნინელის კაბასავით ჭრელი იყო. მსახიობები, მომღერლები, მწერლები, ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები... ფრიად პატივსაცემი საზოგადოება შეიკრიბა. აქვე იყო თავის დროზე ჟვანიას მიერ დამარცხებული «ფალავანი» ვაჟა ლორთქიფანიძეც. დამამახსოვრდა მსახიობი ნანა შონია საინტერესო ჩაცმულობით, მარაოთი და გალაკტიონის სტრიქონების ციტირებით, - დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალიაო! -- თქვა ქალბატონმა ნანამ, ეტყობა მას შემდეგ, რაც მარაომ ვერ გააგრილა. ეს ხუმრობით, უფრო სერიოზულად კი მინდა ოპოზიციურად განწყობილებს ვუთხრა, რომ არა მგონია გალაკტიონის ამ ლექსის ციტირება მათთვის მომგებიანი იყოს, იმის გათვალისწინებით, ეს ლექსი როგორც გრძელდება.
ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, როგორ გაგრძელდება ამ საზოგადოებრივი მოძრაობის საქმიანობა. ხელისუფლებამ მოასწრო და ახალ მოძრაობას უკვე უწინასწარმეტყველა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, კახა თარგამაძის პარტიად ჩამოყალიბება. კახა თარგამაძის ჩრდილი ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს აქტიურად ტრიალებს და ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების მონდომების შედეგი. არ შეხვედროდა ბატონი ლევანი კახას და არ ექნებოდა ხელისუფლებას საშუალება, მის ყოველ ნაბიჯთან თარგამაძე დაეკავშირებინა. ახლა კი ხელისუფლების და ბატონი ლევანის დამსახურებით საზოგადოებრივ მოძრაობაში გაერთიანებულ პატივსაცემ პერსონებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჩრდილი მიადგათ, მათ შორის ნინელი ჭანკვეტაძის ჭრელ კაბასაც, რომელიც ასე მომეწონა