"ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი რუკების მოძიებაში" - რას ჰყვება ჩვენებაში ბიზნესმენი დავით ხიდაშელი
დავით გარეჯთან დაკავშირებით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოიკითხა. შეგახსენებთ, რომ სწორედ დავით ხიდაშელმა გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის რუკა, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, 2006-2007 წლებში დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
ბიზნესმენმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას 13 ოქტომბერს ვრცელი ინტერვიუ მისცა, მაგრამ სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ ბრალდებულთა ადვოკატები და ოპოზიციის ლიდერები მის ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებენ. ხიდაშელი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემული ყველაზე სადავო და ხმაურიანი რუკა რუსეთში მოიძია, მაგრამ სატელევიზიო ეთერში განსხვავებულად ჰყვება, ვინ სთხოვა ეს. ამბობს, რომ ამ მასალებისა და რუკების მოძიება ივანიშვილის თხოვნით დაიწყო. "ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში დამირეკა და ჩემთვის შოკის მომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავითგარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით. მან მთხოვა დახმარება, მომეძია რაღაც რუკა", - ამბობს ხიდაშელი. გამოძიებისთვისთვის მიცემულ ჩვენებაში კი ამბობს, რომ ამ მასალის მოძიება ბეჟან მაისურაძემ სთხოვა...
ფრაგმენტები დავით ხიდაშელის ჩვენებიდან:
- 2019 წლის ოქტომბერში ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი 1936-38 წლების საქართველოს რუკების მოძიებაში, რადგან ასეთი რუკები საქართველოში არ იძებნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთვის გადამეცა... გარკვეული პერიოდის ძიების შემდეგ სასურველი რედაქციის რუკებს რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში მივაკვლიე, კერძოდ კი - მოსკოვში არსებულ სახელმწიფო ფედერაციულ საბიუჯეტო დაწესებულებაში, "გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და ინფრასტრუქტურის სივრცითი მონაცემების ფედერალურ სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში, 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში. ვინაიდან არ ვარ რუსეთის მოქალაქე, ჩემი თხოვნით იმ დროისთვის თანამშრომელმა მოსკოვში, სერგეი ბრაგინმა გააფორმა ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე შემდეგ მე გავაფორმე ხსენებულ დაწესებულებასთან ხელშეკრულება. გადმოგვეცა აღნიშნული დაწესებულების სახელმწიფო ფონდში დაცული 1: 200 000 მასშტაბის შემდეგი ნომენკლატურის ტოპოგრაფიული რუკები კ- 36-22 შედგენილი 1936 წელს, კ- 38-23 შედგენილი 1938 წელს, კ- 38-28 შედგენილი 1936 წელს და კ-38-29 შედგენილი 1938 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო კომისრის მიერ. ასევე სიდი დისკი, რომელზეც ჩაწერილი იყო არქივის მიერ გადმოცემული რუკები, ამავე დაწესებულებაში დამზადებული რუკების ელექტრონული ვერსიები და ასლები, ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურული ვერსიების დამოწმებული ანალოგების ფერადი ელექტრონული ვერსიები.