"ნაციონალების" აქცია ბათუმში დიდი უპასუხისმგებლობაა და სამოქალაქო დასჯას მოითხოვს"
"დექსამეტაზონი" ერთადერთი მედიკამენტია, რომელმაც თავისი ეფექტიანობა დაგვანახა "კოვიდ-19-ის" მძიმე ფორმის წინააღმდეგ"
ბოლო ერთი თვე საქართველოსთვის მძიმე იყო "კოვიდ 19-ის" გავრცელების თვალსაზრისით. ამ ერთი თვის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამი ათასიდან 15 ათასამდე გაიზარდა, გარდაცვლილთა მაჩვენებელმა კი 19-დან თითქმის 130-ს მიაღწია. პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე "კვირის პალიტრას" ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ესაუბრება.
- ყველაზე დიდი მოლოდინი, რაც გვქონდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ე.წ. სოლიდარობის კვლევაა, რომელსაც საქართველოც ელოდებოდა, მაგრამ ამ კვლევაში ჩვენი ქვეყანა ვერ ჩაერთო, რადგან გაზაფხულზე და მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენთან კრიტიკული პაციენტები არ იყვნენ.
- მკითხველს შევახსენოთ, რას ისახავდა მიზნად ე.წ. სოლიდარობის კვლევა. - ეს იყო წამლების შედარება, კერძოდ, "პლაქვენილის", ანუ იგივე "ჰიდროქსიქლოროქინის", "რემდესივირის", აივინფიცირებულების წამალი - "ლოპინავირ/რიტონავირის" და "ლოპინავირ/რიტონავირის" კომბინაცია "ბეტა ინტერფერონთან". დღეს გამოაქვეყნეს სტატია - დაახლოებით 30 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები, რომელშიც 11 277 ადამიანი იყო ჩართული. პრეპარატების ამ ოთხმა ჯგუფმა ლოკალურ პროტოკოლთან შედარებით არც სიკვდილიანობა შეამცირა, არც ჰოსპიტალში დაყოვნების დღეები და არც - რეანიმაციაში დამძიმების მაჩვენებელი, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ არც ერთი ეს წამალი არ მუშაობს და ამ დროისთვის "დექსამეტაზონია" ერთადერთი მედიკამენტი, რომელმაც თავისი ეფექტიანობა დაგვანახა "კოვიდ-19-ის" მძიმე ფორმის წინააღმდეგ.
ინგლისურმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ჯგუფში, სადაც "დექსამეტაზონს" უკეთებდნენ ადამიანებს, მსუბუქ პაციენტებთან უკეთესობისკენ არაფერი შეიცვალა, მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს შორის კი 30-35%-ით შეამცირა სიკვდილიანობა, ამიტომ ევროკავშირმა შეცვალა პოლიტიკა და უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია "გილიარდის" მილიარდევროიანი კონტრაქტი ევროკავშირის გადაწყვეტილებით უნდა შეაჩერონ. თუ სოლიდარობის კვლევას შეაჩერებს, ჩვენ ვერ მივიღებთ "რემდესივირს", თუმცა, თუ ვერაფერს აკეთებს, რად გვინდა?
- ვაქცინის მხრივაც უიმედობაა? - ამერიკის დაავადებათა კონტროლის სამსახურმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს რამდენიმე მილიონი ვაქცინა შეიძლება იყოს მზად. ერთ-ერთი ინგლისური გამოცემის თანახმად, გერმანია ვარაუდობს, რომ მოსახლეობის მასობრივ აცრას 2021 წლის აპრილიდან დაიწყებს. არ ვიცით, ეს ვაქცინა უნივერსალურად დაიცავს თუ არა, მაგრამ 50%-იანი დაცვა თუ ექნება, ეს შეამცირებს მსოფლიოში ვირუსის გავრცელებას და შეიძლება პანდემიის დასრულებასაც შეუწყოს ხელი.
- რუსულ ვაქცინაზეც გკითხავთ - უკვე მეორე ვაქცინა დაარეგისტრირეს... - მეორე ვაქცინა დაარეგისტრირეს და მესამე ვაქცინაც რიგშია. ეგენი დარეგისტრირებას ეძახიან, როცა კვლევის მესამე ფაზას გადიან, ანუ ბევრ ხალხში იყენებენ ვაქცინას. როგორც ვიცი, ის ბელარუსშიც გაუკეთეს ექიმებს კვლევის ფარგლებში, რუსეთშიც - 30 ათასამდე ადამიანს. მოკლედ, ვაქცინა "სპუტნიკ-5"-ით" მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებს და რისკჯგუფებს ცრიან. ერთმა იმუნოლოგმა მინსკიდან მაცნობა, რომ ეს ვაქცინა თანამშრომლებმა, რომლებსაც კოვიდინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, კვლევის ფარგლებში ნებაყოფლობით გაიკეთეს, ამიტომ ჯერ ნაადრევია მის ეფექტიანობაზე ლაპარაკი... რუსული მეცნიერება კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ბევრი რამ არაობიექტურად ხდება, კორუმპირებული ქვეყანაა. ამიტომ რუსულ ვაქცინას მსოფლიო ვერ ენდობა.
- დავუბრუნდეთ საქართველოს... "ნაციონალების" მიერ ბათუმში ორგანიზებულ შეკრებას როგორ შეაფასებთ?
- რასაკვირველია, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. ამას აუცილებლად მოჰყვება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმების რისკის ზრდა, არადა, ბათუმი ისედაც წითელი ზონაა! ეს დიდი უპასუხისმგებლობაა, რაც სამოქალაქო დასჯას მოითხოვს. ეს დასჯა ალბათ არჩევნების შედეგებით გამოიხატება.
- თქვენ რომ იყოთ გადაწყვეტის მიმღები, გადადებდით თუ არა არჩევნებს? - თუ დისტანციას დაიცავენ, ნიღბებით ივლიან და ხელის დეზინფექცია არ დაავიწყდებათ, არა მგონია, ერთმა დღემ ეპიდემიოლოგიური სურათი შეცვალოს. ახლა რომ საარჩევნო კამპანია იწყებოდეს, წინააღმდეგი ვიქნებოდი ამ ღონისძიებების, მაგრამ რადგან უკვე კამპანიის ბოლოში ვართ, დაე, დასრულდეს.
იხილეთ ასევე: "რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო" - გამოცხადდება თუ არა მეორე დიდი "ლოკდაუნი"