"ფსიქოთერაპევტებთან მომართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი"
"კონკრეტულ ადამიანს სტრესულ კატასტროფებზე ინდივიდუალური რეაქცია აქვს, რაც მის ემოციურ წარსულზეა დამოკიდებული. ამას საფუძვლად უდევს ტრავმული გამოცდილება, რომელიც მეტ-ნაკლებად ყოველ ჩვენგანს აქვს და სწორედ სტრესისას ვლინდება... ასე რომ, თითოეული ჩვენგანის უკან იმალება ამბავი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში მწვავე რეაქციის სახით წამოტივტივდება ხოლმე..."
ფსიქოლოგები პანდემიის დასაწყისიდანვე აღნიშნავდნენ, რომ ვითარება საზოგადოების ფსიქოემოციურ მდგომარეობას დაამძიმებდა. პანდემიის პირველი ტალღაც მძიმე იყო, თუმცა მეორე ბევრად რთული აღმოჩნდა, რასაც თან ეკონომიკური სიძნელეებიც დაერთო. ფსიქოლოგი გუგა გრიგოლია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც იმ ადამიანებთან მუშაობს, რომელთაც სწორედ პანდემიის გამო მიიღეს სტრესი. მისი თქმით, ფსიქოთერაპევტებთან მომართვიანობამ ბოლო თვეებში ყველა ასაკობრივ კატეგორიაში იმატა.
- უცნაურია, მაგრამ თუ პირველი ტალღისას ხალხი აკრძალვებს ეწინააღმდეგებოდა, დღეს ბევრი თავად მიმართავს რადიკალურ თვითაკრძალვას. პანდემიის შიშით ადამიანებმა გარემომცველ სამყაროსთან კონტაქტი გაწყვიტეს. რით აიხსნება ეს?
- კონკრეტულ ადამიანს სტრესულ კატასტროფებზე ინდივიდუალური რეაქცია აქვს, რაც მის ემოციურ წარსულზეა დამოკიდებული. ამის საფუძველი ტრავმული გამოცდილებაა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყოველ ჩვენგანს აქვს და სწორედ სტრესისას ვლინდება. ამის დასადასტურებლად ხშირად მომყავს ჩემი მეზობლების ამბავი.
ხუმრობდნენ ხოლმე ოჯახის ხანში შესულ წევრზე. ის ძალიან ბევრს ჭამდა, მაშინაც კი, როცა ახალი დანაყრებული იყო და ოჯახის წევრებს ეს უკვირდათ... თურმე ეს კაცი მეორე მსოფლიო ომის დროს ბავშვთა სახლში იზრდებოდა. თავისი წილი მცირე საკვები მაშინვე უნდა შეეჭამა, თორემ სხვა შეუჭამდა... იმდროინდელმა სტრესმა ბავშვობიდან 70 წლის შემდეგაც "იმუშავა", რასაც ის ვერაფერს უხერხებდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტელეეთერში ნეგატიურ ამბებს ისმენდა, მაშინვე ჭამას იწყებდა.
თითოეული ჩვენგანის უკან იმალება ამბავი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში მწვავე რეაქციის სახით წამოტივტივდება ხოლმე. ამას ხელს უწყობს გარემო ფაქტორებიც - განუწყვეტელი უარყოფითი ინფორმაცია, რომელთა გავლენას ადამიანი მით მეტად განიცდის და ემორჩილება, რაც უფრო ემოციური ფონი ჰქონდა ბავშვობაში.
ის ამ დროს თავს დაუცველად გრძნობს და ხსნას ინფორმაციაში ეძებს - ინფორმაციით ცდილობს შეიმეცნოს, სინამდვილეში როგორია ის არაპროგნოზირებადი სამყარო, რომელშიც "გადავარდა" და მის კონტროლს აღარ ემორჩილება. ამდენად, საიდან და როგორ ინფორმაციას ვიღებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს!
თუმცა ცნობიერების გაკონტროლების მექანიზმი ადამიანის საყრდენად რჩება. უამრავი ადამიანი ვიცი, რომლებმაც პანდემიისგან გამოთავისუფლებული დრო ოჯახის წევრებთან ახალი ურთიერთობის აწყობას მოახმარეს, ან "იუთუბით" ახალი საქმე შეისწავლეს და სტრესიც მოიხსნეს. ფსიქოლოგები ამას მეორად სარგებლიანობას ვუწოდებთ.
სწორედ მეორადი სარგებლიანობაა მექანიზმი, რომელიც სტრესის მოხსნაში გვეხმარება.
- თუმცა უმეტესობას არ შეუძლია მიიღოს მეორადი სარგებლიანობა. ჩემთვის მძიმე მაგალითს მოვიყვან: უმუშევარ დედებს ატირებული 2 წლის შვილები ბაგა-ბაღში მიჰყავთ, მიზეზი კი ის არის, რომ უმუშევრად დარჩენისა და ძიძების დათხოვნის შემდგომ საკუთარ შვილებთან ურთიერთობას ვერ მიეჩვივნენ. ამ დროს ბაგა-ბაღებსა და სკოლებში ინფიცირების შემთხვევები ყოველდღე ფიქსირდება. - ჩვენი ცხოვრების წესმა შექმნა ისეთი გარემოებები, რომ მშობლებმა ცხოვრების სტრატეგიად ძიძების ინსტიტუტი აირჩიეს. ცხადია, მათ დღეს ამ სტრატეგიის შეცვლა უწევთ, რაც ზოგს არ უნდა, რადგან ახალი უნარ-ჩვევების შესწავლა დასჭირდებათ. თუმცა თუ მშობელი ამას ვერ შეძლებს, კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცევა მისი პერსპექტივები, რადგან ბავშვი სწორედ ამ დროს "იმზადებს" მძიმე ემოციურ წარსულს, რომელიც, ცხადია, მოგვიანებით მშობელსაც შეეხება. მსგავს სიტუაციებში ბავშვები უფროსებზე ორჯერ მეტ გაურკვევლობაში არიან. ვერ ხვდებიან, რა ხდება მათ თავს. მშობლებს მათთვის ამ სტრესის მოხსნა უნდა შეეძლოთ.
- უნდა გკითხოთ იმ კატეგორიაზეც, რომელიც ბოლო დრომდე გადაჭარბებული დოზითაც კი ახერხებდა პანდემიის გაკონტროლების მექანიზმების გამომუშავებას, რადგან პანიკაში იყვნენ. მაგრამ როგორც კი პანდემია უმართავი გახდა, მათ ეს მექანიზმები დაკარგეს. - ეს განაპირობა ამ ადამიანების ბუნებრივმა პროტესტმა იმ "მუდმივად ჩართული მექანიზმის" მიმართ, რომელმაც მათი ემოციური რესურსი არამიზნობრივად და სრულად დახარჯა.
ადამიანის რესურსი ულევი არ არის, მას განახლება ესაჭიროება. ახლა მოდუნება ისეთივე საზიანოა, როგორც იმ "მექანიზმის" უკონტროლოდ ჩართვა, რამაც ემოციური რესურსი გადახარჯა.
- თქვენი აზრით, რა დოზით გვემუქრება პანდემიის შემდგომი დეპრესია? - ცვლილებები ორი მიმართულებით ვითარდება: არის ობიექტური ცვლილება, რომელსაც მოსდევს ეკონომიკური კრიზისი და აქედან გამომდინარე, ცვლილებათა ჯაჭვი როგორც ქვეყანაში, ისე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში; და სუბიექტური ცვლილებები, როცა უპროგნოზო, კონტროლწართმეული სიტუაცია გვაიძულებს ჩავუღრმავდეთ ჩვენს თავს, რა ხდება და ყველაფერი შევცვალოთ.
- რაც მთავრდება ღმერთის აღიარებით. - როცა ადამიანი ხვდება, რომ კონტროლის მექანიზმი დაკარგა და არ იცის, რა დროს რა დაემართება, ის მართლაც დაფიქრდება იმაზე, ვინ ან რამ ჩააგდო ამ დღეში და რა უნდა მოიმოქმედოს ამის შესაცვლელად. ვინ რა სახელს დაარქმევს ამ პროცესებს, ინდივიდუალურია. რა იქნება ბოლოს, მაინც არავინ ვიცით, ჩვენ ახლა მოვლენების მხოლოდ შუაგულში ვართ. ბევრი რამ არის დამოკიდებული ეკონომიკაზე - თუ არ ჩამოიშლება, მაშინ მოგვეცემა მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა.
- მაგრამ საფიქრალია ფსიქოემოციური ფონის უფრო გაუარესება. - ფსიქოთერაპევტებთან მომართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი, მათ შორის, მოზარდებისა და ემიგრანტების. გამოსავლად ისევ და ისევ ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება მესახება. თუკი შევძლებთ სწორედ ასეთი გამოსავლის პოვნას, შეიძლება წლების შემდეგ მადლიერიც დავრჩეთ იმ კატაკლიზმებისა, რაც ასე მოულოდნელად დაგვატყდა თავს.