"ნიკამ, თურმე, რაღაც წამოიძახა და უცებ გადავარდა" - ვინ იყო 21 წლის ბიჭი, რომელიც კოვიდსასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაიცვალა
26 ოქტომბერს რუსთავში ახალგაზრდულ ანსამბლ "თუთარჩელას" სოლისტი, 21 წლის ნიკოლოზ მედოიძე კოვიდსასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაიცვალა.
სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის განცხადებით, ნიკა მედოიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო. მომღერალი 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინე სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მას კოვიდინფექცია პი-სი-არ ტესტით დაუდგინდა, რის შემდეგაც მისი მეთვალყურეობა კოვიდსასტუმროში გაგრძელდა. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს ნიკა მედოიძე ჯანმრთელი გაეწერა კოვიდსასტუმროდან. ახალგაზრდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერება გახდა. თუმცა ჯერჯერობით სამედიცინო ექსპერტიზის ზუსტი პასუხი ცნობილი არ არის.
ანსამბლ "თუთარჩელას" ხელმძღვანელის - თამარ ბუაძის თქმით, ნიკას კოვიდინფექციით დაინფიცირებისას და კოვიდსასტუმროში ყოფნისას არანაირი გართულება არ ჰქონია.
თამარ ბუაძე: - ენით ვერ აღვწერ, რა შოკირებული ვართ ამ ამბის გამო. ანსამბლი ოჯახივით არის, წლების განმავლობაში ერთად ვართ. ნიკას დედა და უფროსი დაც ანსამბლის წევრები არიან... ადვილი წარმოსადგენია, ჩვენ ახლა რასაც განვიცდით. ანსამბლში კოვიდინფექცია ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა. მიუხედავად საკარანტინე პირობების შესრულებისა, ეს მაინც ვერ ავიცილეთ - ანსამბლის ნაწილი დაინფიცირდა. მათ შორის იყო ნიკაც. ნიკა მრავალშვილიანი ოჯახის წევრია, ამიტომ მან თვითიზოლაციის პერიოდი ოჯახისგან იზოლირებით გაიარა. ამ პერიოდის გავლის შემდეგ, რადგან ინფექციაზე დადებითი პასუხი მიიღო, იგი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. თუმცა ამ სივრცეშიც არ ჰქონია გართულება, თავს კარგად გრძნობდა და სურდა, რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა. მაგრამ ცხადია, შესაბამისი პერიოდის გავლის გარეშე არ გამოუშვეს. როგორც კი ნიკა კოვიდსასტუმროდან გამოვიდა, მეორე დღესვე მეგობრებს შეხვდა - ანსამბლის წევრებს. ოთხი მათგანი შეიკრიბა ერთად და იქ მოხდა ეს უბედურება. ნიკამ, თურმე, რაღაც წამოიძახა და გადავარდა. ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი ექიმია (ნიკა თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა) და მან ნიკას პირველი დახმარება სრულად ჩაუტარა, მაგრამ - ამაოდ. სამედიცინო დახმარების ბრიგადას ნიკა უკვე გარდაცვლილი დახვდა.
- სამედიცინო მართვის დეპარტამენტის განცხადებით, სასწრაფო დროულად მოვიდა.
- სასწრაფო ნიკას გარდაცვალებასთან არაფერ შუაში არის. მათ ნიკა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გვთხოვეს, ცხედართან ახლოს არავინ მიხვიდეთ, ჯერ არ ვიცით, იქნებ, ისევ კოვიდინფექცია იყოსო. მაგრამ ცხადია, ექსპერტიზის გარეშე ამას ვერავინ იტყვის. მათ სიფრთხილე გამოიჩინეს, რაც სწორი იყო. ერთი რამ ცხადია, რომ ნიკას გული გაუჩერდა და ექიმები ვერაფერს იღონებდნენ. სავარაუდოდ, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად თრომბოემბოლია სახელდება. ყველანი განადგურებულები ვართ და ეს თან გაგვყვება - იშვიათია ნიკასთანა დადებითი ემოციის, ყველასთვის საყვარელი, პოზიტიური ადამიანი. მას იმხელა ქარიზმა ჰქონდა, რომ მისი დავიწყება შეუძლებელია.
(სპეციალურად საიტისთვის)