"ივანიშვილს გავესაუბრებოდი, "სტრანნი" კაცია, ხეებს ეფერება... რაც შეეხება სააკაშვილს..." - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს გავესაუბრებოდი, "სტრანნი" კაცია, ხეებს ეფერება... რაც შეეხება სააკაშვილს..."

ლევან სუხიტაშვილი: "სამყაროში არაფერი ღირს იმად, რომ ადამიანები დაკარგო!"

მსახიობი, ტელეწამყვანი, შოუმენი - ლევან სუხიტაშვილი თავისი ასოციაციით ბავშვობისა და თინეიჯერობის დროინდელ მოგონებებს გვიზიარებს და მიმდინარე აქტუალურ თემებზეც გვესაუბრება - თუ რა კითხვებს დაუსვამდა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს, რომელი როლის გადათამაშებას ისურვებდა და რატომ გადაწყვიტა სკოლის შემდეგ სამედიცინო განათლების მიღება, რა არის მისთვის კარალეთი, რატომ უნდა ნახოს სოფელი ყველა ბავშვმა და ა.შ.

კარალეთი...

- ...ბებიაჩემი, ჩემი ბავშვობა, ფეხბურთი, თევზაობა, ნახირში ყოფნა პაპასთან ერთად... კარალეთი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. საერთოდ, ვთლი, რომ თუ გინდა, ადამიანად გაიზარდო, ადამიანური გრძნობები, განცდები, ემოცია გქონდეს, აუცილებლად უნდა "გაიარო" სოფელი. იქ ბევრ ისეთ მაგარ რამეს ისწავლი, რაც შენს პიროვნულ ჩამოყალიბებაში დიდ როლს ითამაშებს.

ომი...

- ...ბანალური იქნება, რომ ვთქვა, მაგრამ ყველაზე დიდ ტკივილთან ასოცირდება. მხოლოდ ტკივილიც არ არის... ომი ის საშინელებაა, რის გამოც მხოლოდ მიწებს კი არა, გარდაცვლილ და ცოცხალ ადამიანებს, ადამიანურ ურთიერთობებს კარგავ. თანაც - რის გამო?!. მსოფლიოში, სამყაროში არაფერი ღირს იმად, რომ ცოცხალი ადამიანები დაკარგო! განა, რა უნდა იყოს ასეთი?! ჩემთვის წარმოუდგენელია. ომი იდიოტობაა!

რუსეთი...

- ერთი ჩვეულებრივი ქვეყანა, რომელიც ჩვენი მიწების ოკუპანტია. არადა, რუსი მეგობრები მყავს, ისინი მიყვარს, მათაც ვუყვარვარ. როცა ერთად ვსხედვართ, ოფიციალურად, მტრები ვართ, თუმცა, როცა ვსაუბრობთ თემაზე, თუ რატომ უნდა ვიყოთ მტრები, პასუხს ვერ ვპოულობთ. შესაბამისად, ეს მტრობა ჩვენნაირი მოქალაქეებისგან არ მოდის. რაც ხდება, ბოროტი ადამიანების ქმედებაა და იმაზეა დამოკიდებული, ვის მეტი ძალაუფლება აქვს.

არჩევნები...

- დავდივარ ხოლმე, მაგრამ ამ წინასაარჩევნო სისულელეებს ხომ საერთოდ ვერ ვიტან - პლაკატომანია და პოლიტიკოსების გამოსვლები რომ იწყება, - მე ამას ვიზამ, იმას ვიზამ, მე ეს ვარ, ის ვარ, - დამღლელია. რაც დავიბადე, სულ არჩევნებია, ერთი დამთავრდება, მეორე იწყება, ტვინი წაიღეს. ბევრი "ვაზელინი" ტიპი და ბევრი აფერისტი რომაა, თან ყველა გაშიფრული, ეგრევე რომ ეტყობათ... ტელევიზორისკენ გახედვაც არ მინდა ხოლმე.

- კარგი ფინანსური შემოთავაზების გამო პოლიტიკაში წახვიდოდი?

- ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, - შანსი არაა! ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი - პირობას ვდებ, პოლიტიკაში არასდროს წავალ-მეთქი! შეიძლება ბევრი კარგი ადამიანიცაა, მაგრამ ტყუილის თქმა ვიცი, მაინც გიწევს. მე კი ტყუილის თქმა არ შემიძლია და რაც არ შემიძლია, იმას ვერ გავაკეთებ.

როლები...

- ამას წინათ ვფიქრობდი, "ბუცები ლურსმანზე ხომ არ ჩამოვკიდო-მეთქი"?.. ამ კორონას გამო, აღარაფერი ხდება. კინო ჩემთვის ყველაფერია! გული მტკივა, რომ კინოშიც არაფერი ხდება. რაც შეეხება როლებს, გამორჩეული არ მაქვს. ჩემთვის მთავარია, საინტერესო იყოს მასზე მუშაობა. მართლა ვერ ვხვდები, რა მუღამი აქვს, როცა ამბობენ, - ისე არ მოვკვდები, ჰამლეტი რომ არ ვითამაშოო...

ჩემი ერთ-ერთი პირველი როლი იყო მამა, ოჯახში და აი, იმ როლს ისევ სიამოვნებით ვითამაშებდი, რადგან იქ ჩემი პარტნიორი იყო ჩემთვის უძვირფასესი მეგობარი, ძალიან კარგი გოგონა, რომელიც მოკლეს... და თუ ოდესმე რამე როლის გადათამაშების სურვილი მექნებოდა, მარტო იმასთან ერთად ვითამაშებდი იმ როლს. დანარჩენი სულერთია.

თეატრალური და სამედიცინო განათლება...

- ჰო, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხუთი წელი ვისწავლე. ჩემთვის პირველი ინსტიტუტი იყო. სკოლა რომ დავამთავრე, სადმე ხომ უნდა ჩამებარებინა და ჩემი ერთი მეგობარი უკვე სამედიცინოზე სწავლობდა. ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭია, მეცადინეობა დამაწყებინა. ქიმია, ბიოლოგია, უცხო ენა და ქართული ბარდებოდა. ქიმია-ბიოლოგიაში ისე მაგრად მომამზადა, რომ სკოლაში პირველ სემესტრში თუ ორიანი გამომყვა, წლის ბოლოს უკვე ისე მაგრად ვიცოდი, მასწავლებელი გამოშტერდა, როგორ ისწავლეო? იმ ორიანის ფონზე ხუთიანი როგორ გამოგაყოლო, თორემ კი გეკუთვნისო და ოთხიანი დამიწერა. ჩემმა ძმაკაცმა პროგრამა რამდენიმე თვეში მასწავლა. ეს პროფესია ხშირადაც გამომიყენებია და სადმე მუშაობაც შემიძლია. "მედძმის" დიპლომი მაქვს (იცინის).

სკოლა...

- იცი, როგორი მოსწავლე ვიყავი?!. ყველა ნორმალურ და ჯიგარ მასწავლებელს რომ უყვარს, ეგეთი ტიპი ვიყავი. ერთი ცუდი მასწავლებელიც მყავდა, სულ თმით მითრევდა (იცინის). ბოლო კლასებში ავურიე სწავლის მხრივ.

იმდროინდელი ქუჩა...

- თბილიც იყო, ცივიც, ნაცრისფერიც და ფერადიც. პოზიტიურადაც მახსენდება და ნეგატიურადაც... ჩემი მეგობრები, კლასელები, სტუდენტობა - ყველაფერი კარგად მახსენდება.

შუქის მოსვლა იყო მაგარი! სკოლიდან რომ გავიხედავდი და ჩემი კორპუსებისკენ სადმე შუქი ენთო, ეს საოცარი რამ იყო! "შატალოები" მერე გენახა, როგორ გარბოდა "სასტავი" სახლებში.

ყველაზე მაგარი საფეხბურთო მატჩი...

- "ლივერპული"-"მილანის" სტამბოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

სტადიონი...

- "ლივერპულის" თამაშს პირველად მოსკოვის "სპარტაკის" სტადიონზე დავესწარი, სპეციალურად გავემგზავრე ამ თამაშზე დასასწრებად! "სპარტაკი"-"ლივერპული" იყო, "ლაივში" პირველად ვნახე და ჭკუაზე არ ვიყავი. თან "სპარტაკის" გულშემატკივრებში ვიჯექი და ყველაფერი "ლივერპულის" მქონდა, ტანსაცმლიან-აქსესუარებიანად, გამოშტერებულები მიყურებდნენ (იცინის).

ყველაზე ნეგატიური ისტორიული ან ლიტერატურული გმირი...

- მაშინაც კი, როცა სკოლაში ვზარმაცობდი, ისტორიის კითხვა მიყვარდა. ნეგატიური ლიტერატურული გმირი მახსენდება - ვარსქენ პიტიახში (იცინის).

ვისურვებდი გავსაუბრებოდი...

- ბიძინა ივანიშვილს! ბევრი კითხვა მაქვს, ბევრი რამ მაინტერესებს, მართლა! ვკითხავდი, ხომ ნამდვილად ადამიანი ხარ-მეთქი? ძალიან "სტრანნი" ტიპია... ვიცი, ბუნება უყვარს, ფლორაც და ფაუნაც, ხეებს ეფერება.

ვკითხავდი, ამდენი ფული როგორ მოაგროვა? მოკლედ, "სტრანნად" საინტერესო ტიპია ჩემთვის.

- მიშა სააკაშვილს რას ჰკითხავდი?

- როდემდე უნდა იყოს ასეთი? არ დაიღალა, რომ ეგეთია? ეგ ხომ ჩვეულებრივი ტვირთია. მე დავიღალე მაგის ყურებით.

თამთა დადეშელი

ჟურნალი "გზა"